კბილების პათოლოგიური ცვეთა

კბილების პათოლოგიური ცვეთა

მტკიცება იმისა, რომ კბილები არ ცვდება, მცდარია. მაგ., უკვე 30 წლის ასაკისთვის მინანქრის ცვეთის ნიშნები ჩნდება პრაქტიკულად ყველა კბილზე, ხოლო უფრო ხანდაზმულ ასაკში ცვეთა უკვე დენტინამდეც აღწევს. ყოველივე ეს ფიზიოლოგიურ ნორმადაა მიჩნეული, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კბილების ცვეთა ზედმეტად ინტენსიურად მიმდინარეობს და პათოლოგიურ ხასიათს იძენს.

კბილების პათოლოგიური ცვეთა ეწოდება კბილის მაგარი ქსოვილების პროგრესულ განლევას, რის გამოც კბილები მნიშვნელოვნად იცვლიან ფორმას  და თანდათან წყვეტენ ნორმალურ ფუნქციონირებას. ამჟამად, აღნიშნული დაავადება აღინიშნება მოსახლეობის 11,8%-ში, რომელთა უმეტესობაც მამაკაცია. კბილების მომატებული ცვეთა ძირითადად 40-45 წლის ასაკისთვის იჩენს თავს,  25-30 წლის ასაკში ის ნაკლებად შასამჩნევია.

ასეთი მდგომარეობის გამოსასწორებლად სტომატოლოგის ძირითადი ამოცანაა აღნიშნული პრობლემის მთავარი მიზეზის დადგენა. ვარიანტი ძალიან ბევრია: რამდენიმე კბილის დაკარგვა და ამის გამო სხვა კბილებზე მომატებული დატვირთვა (ამოღებული მოლარების დროს იწყება საჭრელების და ეშვების გაძლიერებული ცვეთა), პროთეზის არასწორად დამაგრება, დაავადებები, რომლებიც იწვევენ მინანქრის სტრუქტურის შეცვლას (ჰიპოპლაზია, ფლუოროზი და სხვ.), პათოლოგიური თანკბილვა და ბოლოს, კბილების კრაჭუნის მავნე ჩვევა (ყველაზე გავრცელებული მიზეზი).

კბილების პათოლოგიური ცვეთა შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროსაც, როდესაც ორგანიზმის ყველა ქსოვილი ნაკლებად მდგრადი ხდება დაზიანებებისადმი. ხშირად კბილების მომატებული ცვეთის მიზეზია პროფესიული მავნე პირობები, მაგ., გამუდმებული კონტაქტი დაბინძურებულ ჰაერთან ან მჟავებთან, სხვადახსვა ინტოქსიკაციები და სხვა.

ღნიშნული დაავადების აღმოჩენა შეიძლება შემდეგი ნიშნებით: კბილებზე ჩნდება ბასრი კიდეები, რომლებიც აღიზიანებენ ენას, ლოყებს, ტუჩებს, ყალიბდება ნაოჭები ტუჩების კუთხეებში, ვლინდება მომატებული მგრძნობელობა ცივის, ცხელის, მჟავეს ან ტკბილის მიმართ,  საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში შეიგრძნობა ტკივილი, შეიძლება გაუარესდეს სმენა, კბილის გვირგვინები პატარავდება და იცვლება თანკბილვა.

კბილების პათოლოგიური ცვეთის მკურნალობას შეიძლება სხვადასხვა პროფილის სტომატოლოგების ერთობლივი მუშაობა.  მაგალითად, თუ ერთი პაციენტისთვის საკმარისი იქნება თანკბილვის გასწორება, მეორეს შეიძლება დასჭირდეს პროთეზი, კაპების დამზადება ბრუქსიზმის (ძილში კბილების ღრჭიალი) მოსახსნელად, სამუშაო პირობების შეცვლა, მინანქრის გამაგრება და კბილების მომატებული მოცვეთის გამომწვევი დაავადებების მკურნალობა.

პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კომპლექსური გამოკვლევა სხვადასხვა პროფილის სპეციალისტთან, რათა დადგინდეს კბილების პათოლოგიური ცვეთის მთავარი მიზეზი. აღნიშნული გამოკლვევა უნდა მოიცავდეს საღეჭი კუნთების, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის და პაროდონტის მდგომარეობის ანალიზს. ეფექტური მკურნალობის დასაგეგმად პასუხი უნდა გაეცეს 3 კითხვას: ახლავს თუ არა კბილების ცვეთას ტკივილი; გაჩნდა თუ არა ფუნქციური პრობლემები; გამოიწვია თუ არა პათოლოგიურმა მოცვეთამ ესთეტიკური პრობლემები?

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია კბილებზე წარმოქმნილი ბასრი კიდეების მოქლიბვა. თუ დაავადება ჯერ არ მისულა მე-3 ხარისხამდე, მკურნალობისთვის საკმარისი იქნება პროთეზების (გვირგვინების) დაყენება. თუმცა, უფრო მძიმე შემთხვევებში (3-4 ხარისხი) აუცილებელია ხდება თანკბილვის კორექცია და ორთოდონტული მკურნალობა.

კბილების პათოლოგიური ცვეთის მკურნალობის დასრულებისას ექიმმა-სტომატოლოგმა ყველაფერი უნდა გააკეთოს შედეგის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად. ამისათვის პაციენტს უნდა მიეცეს დაავადების პროფილაქტიკის ინდივიდუალური პროგრამა, რომელშიც წამყვანი ადგილი უკავია პირის ღრუს პროფესიონალურ ჰიგიენას და პროთეზებისა და პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობის სისტემატიურს ანალიზს. ზოგჯერ, შედეგის შესანარჩუნებლად, ექიმები პაციენტს უმზადებენ სპეციალურ კაპებს, რომელთა ტარებაც (შეიძლება დღისით ან ღამით) მნიშვნელოვნად ამცირებს კბილებზე გადამეტებულ დატვირთვას.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.