სად ვითარდება ყველაზე ხშირად კარიესი

სად ვითარდება ყველაზე ხშირად კარიესი

კარიესის განვითარებას ხელს უწყობს კბილის ნადები – თხელი აპკი, რომელიც ძირითადად ბაქტერიებისგან შედგება. ზოგიერთი კბილზე და თავად კბილების ზოგიერთი უბანზე ეს ნადები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გროვდება. სწორედ ასეთ ადგილებში წარმოიქმნება კარიესი.

რომელი კბილები ზიანდება ყველაზე ხშირად კარიესისგან

სტატისტიკის მიხედვით, ზედა ყბის კბილები უფრო ხშირად ზიანდება კარიესით, ვიდრე ქვედა ყბის. მრავალი სტომატოლოგი ეთანხმება ამ მოსაზრებას – ეს ხდება იმიტომ, რომ ქვედა ყბა მოძრავია. მუდმივი მოძრაობა ქვედა კბილებს ეხმარება ეფექტურად გათავისუფლდნენ საკვების ნარცენებისგან და, შესაბამისად, კარიესოგენული ნადებისგან.

უკანა კბილები უფრო მგრძნობიარეა კარიესისადმი, ვიდრე წინა. მეექვსე კბილები ამ მხრივ ლიდერები არიან. მიზეზი, ალბათ ის არის, რომ მუდმივი კბილებიდან ისინი პირველები ამოიჭრებიან.

კარიესის მეორე საყვარელი ადგილია მეშვიდე კბილები, შემდეგ მოდის მეოთხე, მეხუთე კბილები და ზედა ეშვები. მეოთხე ადგილზეა ქვედა ეშვები. ქვედა საჭრელები ყველაზე იშვიათად ზიანდება კარიესით.

არსებობს კარიესით კბილების დაზიანების გარკვეული კანონზომიერება. ეშვების კარიესი ყველაზე ხშირად წარმოიქმნება კბილის ყელის მიდამოში. მეექვსე, მეშვიდე და მერვე კბილებში კარიესი ჩნდება საღეჭ და საკონტაქტო (გვერდით) ზედაპირებზე ან ფისურებში (ღარებში).

კბილების უბნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ზიანდება კარიესით

კბილის ზოგიერთ უბანზე ნადები უფრო ინტენსიურად გროვდება, ვიდრე სხვა უბნებზე. ეს გამოწვეულია როგორც კბილების მდებარეობით, ისე მათი აგებულების თავისებურებებით.

კარიესის 4 ყველაზე საყვარელი ადგილი:

1. საღეჭი ზედაპირი;

2. კბილებს შორის;

3. კბილის ყელთან;

4. კბილის ფესვზე.

1. კბილების საღეჭ ზედაპირებზე მდებარეობს ფისურები – ღარები და არხები (განსაკუთრებით, უკანა კბილებზე). სხვდადასხვა ადამიანებში მათი სიღრმე განსხვავებულია. შესაბამისად, ღრმა ფისურებში კარიესის გამომწვევი ნადები უფრო მეტი დაგროვდება და იმავდროულად ასეთი ფისურებიდან უფრო ძნელია მისი მოცილება კბილის ჯაგრისით. ამგვარად, ღრმა ფისურებში დიდი რაოდენობით გროვდება კარიესოგენული ბაქტერიები. ისინი გამოყოფენ მჟავებს, რომლებსაც ნერწყვი ვერ გამორეცხავს. შედეგად ვითარდება კარიესი.

პროფილაქტიკის სახით სტომატოლოგები გვირჩევენ ფისურების ჰერმეტიზაციას – მათ ამოვსებას სპეციალური მასალით (სილანტით). ეს კარიესის ნიშნების გაჩენამდე უნდა მოხდეს, რადგან ასეთი ამოვსებული ფისურების ზედაპირის გაწმენდა საკვების ნარჩენებისგან უფრო ადვილი იქნება და კარიესი მათში არასდროს არ განვითარდება.

 

2. კბილებს შორის ან კბილის საკონტაქტო ზედაპირზე ხშირად გროვდება ნადები იგივე მიზეზებით, როგორც საღეჭ ზედაპირზე – კბილის ჯაგრისის ჯაგარი ვერ აღწევს საკვების ნარჩენებამდე და ნადებამდე. რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს კბილის ჯაგრისი, მისი ჯაგარი ძალიან დიდია იმისათვის, რომ ჩააღწიოს ყველა ჩაღრმავებასა და ნაპრალში. იქ, სადაც მუდმივად დევს ნადები, დროთა განმავლობაში წარმოიქმნება კარიესი. საკონტაქტო ზედაპირების კარიესის აცილება შეიძლება მხოლოდ ფლოსის (კბილის ძაფის) გამოყენებით.

 

 

3. ყელის კარიესი ჩნდება იქ, სადაც კბილი ემიჯნება ღრძილს (კბილის ყელთან). კბილების გაწმენდის დროს ეს ზონა ასევე ძნელად მისადგომია, ხოლო კბილის მფარავი მინანქარი აქ უფრო თხელია, ვიდრე სხვა უბნებში. კბილის ყელიდან კარიესი შეიძლება გავრცელდეს კბილის ფესვზე, რასაც უკვე ფესვის კარიესი ეწოდება.

 

 

 

4. კბილის ფესვი დაფარულია არა მინანქრით, არამედ სპეციფიური ქსოვილით, რომელსაც კბილის ცემენტი ეწოდება. ის მინანქარზე გაცილებით რბილია და შესაბამისად, ნაკლებად მდგრადია კარიესის მიმართ. კარიესის განვიტარებისგან კბილის ფესვს იცავს ღრძილი, რომელიც ფარავს მას. მაგრამ, თუ მოხდა ისე, რომ ღრძილმა დაიწია და კბილის ფესვი გაშიშვლდა (ღრძილის რეცესია), მის ზედაპირზე შეიძლება განვითარდეს კარიესი.

უფრო ადვილია კარიესის აცილება, ვიდრე მისი მკურნალობა. ამ დაავადების სტანდარტული პროფილაქტიკაა კბილების წმენდა საკვების ყოველი მიღების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში დილას და საღამოს მაინც. გარდა ამისა, თქმა აღარ უნდა იმას, რომ სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები ჯანმრთელი პირის ღრუს ყველაზე მყარი გარანტიაა.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.