ტკაცუნი და ხრაშუნი სახსარში ყბის სახსარში

ტკაცუნი და ხრაშუნი სახსარში ყბის სახსარში

კვლევები გვიჩვენებენ, რომ ადამიანების უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ მივა სტომატოლოგთან, ვიდრე რაიმე არ ატკივდება. ამავდროულად, ბევრმა იცის, რომ სტომატოლოგთან მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართვა და ზოგიერთი „წვრილმანის” გაუთვალისწინებლობა ხშირად მძიმე შედეგებს იწვევს. მაგრამ, ამის მიუხედავად, მრავალი ადამიანი მაინც არ უსმენს საკუთარ ორგანიზმს.

ერთ-ერთი ასეთი „წვრილმანი”, რომელსაც ყურადღება არ ექცევა, არის დროდადრო განვითარებული ხმები (ტკაცუნი ან ხრაშუნი) საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში. ტკაცუნი შეიძლება გაჩნდეს ღეჭვითი მოძრაობების, პირის ფართოდ გაღების ან საუბრის დროს. ვიდრე მას თან არ დაერთვის ტკივილი ან სხვა მნიშვნელოვანი დისკომფორტი, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს მოვლენა თითქოსდა საშიში არ არის ჯანმრთელობისთვის. მაგრამ, ეს ასე არ არის.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში ტკაცუნი და ხრაშუნი მოწმობს სერიოზულ დარღვევებზე, რომლებიც მუდმივ პროგრესს განიცდიან. დარღვევების პირველი სტადია ხასიათდება იმით, რომ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში ვითარდება ყბის თავის ამოვარდნილობა, მაგრამ ამ სტადიაზე ნაკლებად თუ აღიქვამს ვინმე ყბის არასწორ მოძრაობას სერიოზულად. მეორე სტადიაზე ვითარდება ტკაცუნი, რაც სასახსრე დისკოს ქვეამოვარდნილობაზე მიუთითებს. ამ სტადიაზე დისკოს ასეთი მდგომარეობა შეიძლება აღმოვაჩინოთ  სახსრის ულტრაბგერითი გამოკვლევით ან არტოგრაფიის გამოყენებით.

სასახსრე დისკო თანდათან სულ უფრო მეტად გადაიხრაბა და უკვე აღარ შეუძლია ადვილად დაუბრუნდეს საწყის მდებარეობას. ამის შედეგია ის, რომ ქვედა ყბის მოძრაობები პერიოდულად იბლოკება. პროცესის პროგრესირებისთანავე სასახსრე დისკო უკვე მუდმივად გადახრილი რჩება და ამ დროს პაციენტი შენიშნავს, რომ სახსარში ტკივილი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ყბა თითქოს გვერდზე მოიქცა და პირის გაღება შეიზღუდა 1,5-2,5 სმ-ით. თუ ამ პერიოდში მაინც არ მივმართავთ ექიმს, ვითარდება დაავადების ბოლო სტადია – მეორადი ოსტეოართროზი, რომლის დროსაც ზიანდება სახსრის ძვლოვანი კომპონენტების  ხრტილოვანი საფარველი და იცვლება მათი ფორმა. ტკივილი ჩნდება როგორც პირის გაღების, ასევე მოსვენების დროსაც. ზემოთ ჩამოთვლილი სტადიების პარალელურად, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში შეიძლება მიმდინარეობდეს ქსოვილების მუდმივი დაზიანებითა და სახსრის იოგების ზედმეტი დაძაბვით გამოწვეული ძლიერი ანთება.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მდგომარეობის შეფასებას და მისი პათოლოგიის მკურნალობას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე სპეციალისტის ერთობლივი ჩარევა – ესენია ქირურგ-სტომატოლოგი, რევმატოლოგი, ნევროპათოლოგი, ორთოპედ-სტომატოლოგი, ალერგოლოგი და სხვ.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი სახსარია ჩვენს ორგანიზმში, რადგან მასთან არის დაკავშირებული მეტყველებისა და საკვების მიღების ფუნქციები. ცნობილია, რომ, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სხვადასხვა დარღვევები აღენიშნება მოსახლეობის დიდ ნაწილს (40%) და მიმართვიანობით აღნიშნულ პათოლოგიას წინ უსწრებს მხოლოდ კარიესი და პაროდონტის დაავადებები.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია სხვადასხვა მიზეზების გამო ვითარდება, რომელთა შორის არის ყბის ტრავმა, არასწორი თანკბილვა, ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვები, სტრესი, რომელსაც თან ახლავს კბილების უნებლიე მოჭიმვა, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და სხვ. ამავე მიზეზებს შორის უნდა აღინიშნოს გავრცელებული მავნე ჩვევა, როდესაც ტელეფონზე საუბრისას მას ყურსა და მხარს შორის მოვაქცევთ.

ტკაცუნისა და ხრაშუნის გარდა, სახსრის პათოლოგიაზე შეიძლება მიუთითებდეს ხმაური ან ტკივილი ყურებში, სპაზმები, გადიდებული ლიმფური კვანძები ყბის ქვეშ, ყურებში დახშულობის შეგრძნება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ყოველივე ეს შეიძლება მოწმობდეს ისეთი დაავადებების განვითარებაზე, როგორიცაა ართრიტი, ართროზი, სახსრის ამოვარდნილობა, კუნთოვან-სახსროვანი დისფუნქცია ან ანკილოზი.

საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის პათოლოგიათა სტადიების ხანგრძლივობა განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანებში და მერყეობს რამდენიმე წლიდან რამდენიმე კვირამდე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ თითოეულ დეტალს, რომელიც მეტნაკლებად ჰგავს აღნიშნული პათოლოგიის სიმპტომებს. თუ სასახსრე დისკო დროულად დაბრუნდება საჭირო მდებარეობაში, პათოლოგიის ნიშნები შემცირდება ან საერთოდ გაქრება.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.