ბილის პასტა ქოლგეითმა თავისი ისტორია საპნიდან და სანთლებიდან დაიწყო

კბილის პასტა ქოლგეითმა თავისი ისტორია საპნიდან და სანთლებიდან დაიწყო

გავიდა წელი. ვაჭრობა არც ისე კარგად მიდიოდა, როგორცუილიამ კოლგეიტს უნდოდა. საქონელი დახლზე დიდხანს ელაგა, რაც მალე ბანკროტობას გამოიწვევდა. კრახის ასაცილებლად მეწარმემ თავისი ბიზნესი გააერთიანა ფრენსის სმიტთან და ფირმამ ახალი სახელწოდება მიიღო Smith and Colgate.

თუმცა, როდესაც გაირკვა, რომ კაპიტალის გაერთიანება არც ისეთი მოქმედი საშუალება აღმოჩნდა ბიზნესის შესანარჩუნებლად, სმიტი გავიდა საქმიდან, ხოლო მისი ადგილი ახალი ძალისა და ფულის დაბანდებით დაიკავა კოლგეიტის ახალმა პარტნიორმა და მისი დის ქმარმა ჯონ გილბერტმა. ამ მომენტიდან კომპანიამ სწრაფი განვითარება დაიწყო.

1817 წელს აშენდა სახამებლის მწარმოებელი ქარხანა. კომპანია აქტიურად ყიდდა Windsor-ის სერიის ტუალეტის საპონს და გრანულირებულ სახამებელს. კბილის პასტის წარმოებაზე ჯერ არავინ არ ფიქრობდა.

პირველად ეს პროდუქტი, რომელმაც კომპანია კოლგეიტს მსოფლიო აღიარება მოუტანა, გაყიდვაში გამოჩნდა 1873 წელს. ამ დროისათვის კომპანია ცნობილი იყო ამერიკის გარეთ სახელწოდებით Colgate&Company, ხოლო მისი დამაარსებელი უილიამ კოლგეიტი ამ მოვლენამდე 16 წლით ადრე გარდაიცვალა.

არომატიზებულმა დენტალურმა კრემმა პატარა მინის ქილებში ანუ კბილის პასტამ, ნამდვილი ფურორი მოახდინა ჰიგიენის სფეროში. არსი მდგომარეობდა არა სიახლის განსაკუთრებულ გამწმენდ უნარში, არამედ იმაში, რომ კომპანიის სპეციალისტებმა მსოფლიოს აჩუქეს პირველი კრემისმაგვარი პასტა, რომელიც მსუბუქად წაისმებოდა და თავისი ტექსტურის ხარჯზე შედარებით დამზოგველად მოქმედებდა კბილის მინანქარზე. დაფხვნილ აგურთან, ფაიფურთან და თიხასთან შედარებით, რომლებიც მაშინ გამოიყენებოდა, Colgate-ის კრემი აღმოჩენა და კბილის პასტების ახალი ისტორიის დასაწყისი გახდა.

თავისი კრემისმაგვარი კბილის პასტის განსაცვიფრებელი წარმატებით გახარებულმა კომპანიის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს არ შეჩერებულიყვნენ მიღწეულზე. მათ 23 წელი დასჭირდათ, რომ კვლავ გაეოცებინათ მყიდველები. ამჯერად სიახლე შეეხო არა კბილის პასტას, არამედ მის შეფუთვას.

რიგითმა ექიმმა-სტომატოლოგმა შეფილდმა იფიქრა, რომ უმჯობესი იქნებოდა კრემისმაგვარი პასტის გამოწურვა, ვიდრე ყოველ ჯერზე ქილიდან ამოღება: ასე სწრაფად და ეკონომიურად გამოდის და გამოიგონა პირველი ტყვიის ტუბი.

ისტორია არაფერს გვეუბნება, თუ როგორ მიიღო კომპანია Colgate&Company-მ საავტორო უფლებები ამ სიახლეზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ზუსტად 1 წლის შემდეგ, მთელი მსოფლიოს დახლები აივსო პატარა სიმპათიური კბილის პასტის ტუბებით, Colgate&Company-ს მარკით.

თუმცა, კბილის პასტების მსოფლიო მოდის შემქმნელებმა ექსპერიმენტები გააგრძელეს: 1967 წელს პასტის შემადგენლობაში დაამატეს ფტორი. ამავდროულად გამოჩნდა პირველი კოსმეტიკური პასტა Ultra Brite, რომელიც თანამედროვე მათეთრებელი კბილის პასტების წინაპარი იყო. 1981 წელს გამოვიდა გელის ფორმის კბილის პასტა Colgate Winterfresh.

პირის ღრუს მოვლის საშუალებების ასორტიმენტი და გაყიდვების მოცულობა ისე გაიზარდა, რომ ჩინეთში 1994 წელს სპეციალურად აშენდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ქარხანა.

ამ დროისთვის სათაო კომპანიას უკვე ჰქონდა წარმოების მრავალი მიმართულება: ჰიგიენის საშუალებებიდან ცხოველების საკვებამდე, ხოლო კიდევ ერთ გიგანტთან „Palmolive-Pit Company”-თან გაერთიანების შემდეგ შეიძინა ახალი და უკვე საბოლოო სახელწოდება – Colgate-Palmolive Co.

მსოფლიოში კბილის პასტისა და პირადი ჰიგიენის სხვა საშუალებების უმსხვილესი მწარმოებელი ამერიკული კომპანია Colgate-Palmolive Co.-ს მოგებამ 2008 წლის 9 თვეში შეადგინა დაახლოებით 1,46 მლრდ დოლარი და მისი აქციები იზრდება საერთო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.