განსაკუთრებული მიდგომა: მოსახსნელი პროთეზების მოვლის სპეციფიკა

განსაკუთრებული მიდგომა: მოსახსნელი პროთეზების მოვლის სპეციფიკა

მოსახსნელი პროთეზები გამოიყენება კბილების ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის დროს. ისინი გამოირჩევა მოხერხებულობით, მაღალი ცვეთამედეგობით და ესთეტიკით. კომპოზიტური მასალების და კომბინირებული კონსტრუქციების გამოყენებით, სპეციალისტები მაღალი სიზუსტით ქმნიან ინდივიდუალურ პროთეზებს. ამავდროულად, მოსახსნელი პროთეზები იაფია. ამ სახის პროთეზის არჩევისას, აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი მოვლის რამდენიმე თავისებურება.

ყოველ 6 თვეში 1-ჯერ უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან არა პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით, არამედ მოსახსნელი პროთეზის მოსარგებად. მოსახსნელი პროთეზის ტარების დროს მასსა და ლორწოვან გარსს შორის ჩნდება სიცარიელე. შედეგად, თანდათან ატროფირდება ლორწოვანი გარსი და ძვლოვანი ქსოვილები. განმეორებითი მორგებით ეს დისკომფორტი მოიხსნება.

თანამედროვე მოსახსნელმა პროთეზმაც კი შეიძლება დააზიანოს ღრძილი. თვითმკურნალობა და პროთეზის „გასწორება” არ შეიძლება. აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს. თუ პროთეზი ტკივილის გამო მოხსნილი გაქვთ, ექიმთან ვიზიტამდე სულ მცირე 3 საათით ადრე გაიკეთეთ პროთეზი, რაოდენ არასასიამოვნოც არ უნდა იყოს ეს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ექიმმა ზუსტად აღმოაჩინოს პირის ღრუში ზეწოლის ადგილები და სათანადოდ გაასწოროს პროთეზი. ეს პროცედურა დაახლოებით 10 წუთი გრძელდება.

მოსახსნელი პროთეზის ტარება პაციენტის რაციონში შეზღუდვებს საჭიროებს. არ შეიძლება ირისი და საღეჭი რეზინი, ასევე სხვა ბლანტი და წებვადი პროდუქტები. მათ შეიძლება დააზიანონ პროთეზი. თავი უნდა შევიკავოთ ძალიან მაგარი საკვების მიღებისგან, რათა არ მოხდეს კონსტრუქციის დეფორმაცია. უფრო მოხერხებულია საკვების წვრილად დაჭრა. ოპტიმალური ვარიანტია ხილ-ბოსტნეული. ისინი არ აზიანებენ პროთეზს და იდეალურია ღეჭვის ჩვევის გამომუშავებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჰიგიენას. პროთეზის ქვეშ გროვდება საკვების ნარჩენები, რის გამოც საჭიროა მისი მოხსნა და გაწმენდა ყოველი ჭამის შემდეგ, ასევე ძილის წინ. შემდეგ აუცილებელია პირში გამოვლება და პროთეზის ჩადგმა. ის დრო, როდესაც პროთეზს წყლიან ჭიქაში ინახავდნენ, წავიდა. მაგრამ საკითხი, საჭიროა თუ არა წყლიანი ჭიქა, დღემდე კონკრეტული პასუხის გარეშეა. ზოგიერთი სტომატოლოგი თვლის, რომ გამოყენების პირველ თვეებში მოსახსნელი პროთეზი მუდმივად ტენიან გარემოში უნდა იყოს: დღისით პირში, ღამით წყლიან ჭიქაში. ეს ხელს უწყობს პროთეზის გამაგრებას. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, დასაშვებია პროთეზის პირში დატოვება მთელი ღამე.

პროთეზების მოსავლელად შემუსავებულია სპეციალური გამწმენდი ტაბლეტები. ისინი ბაქტერიებს და ჭუჭყს ანადგურებენ. მათ შემადგენლობაში შედის კომპონენტები, რომლებიც აღწევენ პროთეზის ძნელად მისადგომ ადგილებში, აცილებენ ნადებს, პროთეზს არ აზიანებენ. ასეთი ტაბლეტები იხსნება ჭიქა წყალში. შემდეგ ასეთ ხსნარში ათავსებენ გამდინარე წყალში წინასწარ გარეცხილ პროთეზს.

მიჩვევის პროცესში არსებული პრობლემების ადვილად გადასაჭრელად დაგეხმარებათ სვადასხვა საფიქსაციო საშუალებები (ფხვნილები, გელები, კრემები, ზოლები). ფხვნილი იდეალურია სუსტი ნერწყვგამოყოფის მქონე პაციენტებში. მას თხელ ფენად წაუსვამენ სუფთა ტენიან პროთეზზე, რომელიც შემდეგ მჭიდროდ ებჯინება ღრძილებს. ჭარბი ნერწყვგამოყოფის დროს უმჯობესია საფიქსაციო კრემის ან გელის გამოყენება. ის ნერწყვით არ ჩამოირეცხება და თანაბრად ნაწილდება პროთეზის მთელ ზედაპირზე. გელი ამცირებს პროთეზის ზეწოლას ღრძილებზე და ხელს უშლის საკვების ნაწილაკების მოხვედრას პროთეზის ქვეშ. საფიქსაციო ზოლები შეუცვლელია ყბების არასწორი აგებულების დროს ან როდესაც პროთეზისადმი მიჩვევის პროცესი ხანგრძლივდება. მთლიანი მოსახსნელი პროთეზები ზედა ყბაზე უკეთ მაგრდება, ვიდრე ქვედაზე. ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები მაგრდება ან ლითონის კაუჭებით, ან ღრძილების ელემენტებით, ან სპეციალური შეუმჩნეველი საკეტებით.

რეკომენდებული არ არის კბილების პროთეზების გაწმენდა „ხალხური” მეთოდებით: საჭმელი სოდით, კალიუმის პერმანგანატით ან წყალბადის ზეჟანგით. ეს ნივთიერებები აზიანებენ პროთეზს და მნიშვნელოვნდ ამცირებენ მისი ვარგისიანობის ვადას.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..