გართულებები კბილების იმპლანტაციის დროს და მის შემდეგ

გართულებები კბილების იმპლანტაციის დროს და მის შემდეგ

კბილების იმპლანტაცია სრულყოფილი ოპერაციაა, რომლისთვისაც საჭიროა გარკვეული მომზადება. მედიცინის განვითარების თანამედროვე დონეზეც კი, კბილების იმპლანტაციას აქვს ზოგიერთი უკუჩვენება, რომლებიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. სტომატოლოგი ვალდებულია გამოავლინოს ყველა ის დაავადება, რომელთა დროსაც იმპლანტაცია უკუნაჩვენებია, რადგან წინაარმდეგ სეთხვევაში მოსალოდნელია არა მხოლოდ იმპლანტატის გამოძევება, არამედ სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ.

მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ მაშინაც კი, როდესაც აშკარა უკუჩვენებები არ ვლინდება, დაახლოებით შემთხვევათა 10%-ში ხდება იმპლანტატის გამოძევება, რის შემდეგაც აუცილებელია მისი შეცვლა ახლით ან იმპლანტაციაზე საერთოდ უარის თქმა.

იმპლანტაციის ყველაზე ხშირი გართულებებია ალვეოლური მორჩის კედლის მოტეხილობა, ქვედა ყბის გვერდითი კომპაქტური შრეების პენეტრაცია, ქვედა ყბის არხის კედლის დაზიანება, ნერვების ტრავმები, წიაღების ფსკერის და ცხვირის ღრუს პენეტრაცია, ასევე ბურღის ჩატეხვა. ასეთი უსიამოვნებების ასაცილებლად რეკომენდებულია კლინიკის და, განსაკუთრებით, ექიმის ყურადღებით შერჩევა, რადგან მის ცოდნასა და კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული ოპერაციის შედეგი.

იმპლანტაციის შემდგომი პერიოდის გართულებებს მიეკუთვნება დიდი ჰემატომები და სისხლჩაქცევები ოპერაციის ადგილას, ნაკერების გახსნა, ტკივილი, რბილი ქსოვილების ანთებითი ცვლილებები, პერიიმპლანტიტი და იმპლანტატის მოცილება.პერიიმპლანტიტი არის იმპლანტატის ირგვლივმდებარე ქსოვილების ანთება, რომელიც სწრაფად უნდა იქნას ნამკურნალები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება ძვლოვანი ქსოვილის ატროფია და ძვალი ვეღარ დაიჭერს იმპლანტატს. ამ დაავადების მიზეზია მიკრობები, რომელთა გასანადგურებლადაც აუცილებელია ანტიბაქტერიული მკურნალობა. ექიმი მოაშორებს ნადებს პირის ღრუში გამოშვერილი იმპლანტატის ნაწილიდან და იმპლანტატის მანჟეტს დაამუშავებს ლიმონმჟავათი, რის შემდეგაც ღრძილებს დაამუშავებს ანტიბაქტერიული გელით. გამოჯანმრთელების შემდეგ აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და ანტისეპტიკური საშუალებების სისტემატიური გამოყენება დაავადების რეციდივის ასაცილებლად.

უფრო სერიოზულია იმპლანტატის მოცილების საკითხი. იმპლანტატის გამოძევების მიზეზია ანთებითი პროცესი, რომელიც მოიცავს ძვალს იმპლანტატის ირგვლივ და მეზობელ მიდამოებს. ამ გართულების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ძალიან ცუდი სისხლმომარაგების მქონე ძვლოვანი ქსოვილის უბნის ოსტეოპოროზი, ასევე ოპერაციის დროს ძვლოვანი ქსოვილის თერმული დაზიანება. ასეთი პროცესის განვიტარების შემთხვევაში იმპლანტატი უნდა მოცილდეს.

კბილების იმპლანტაციის შემდგომ გართულებებს მიეკუთვნება მუკოზიტი და იმპლანტატების ღრძილის მანჟეტის ლორწოვანი გარსის ჰიპერპლაზია. ამ გართულებების მიზეზი ხშირად არის პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა. მუკოზიტის დროს იმპლანტატის მიმდებარე ლორწოვანი გარსი გალურჯებულია და გათხელებული, ზოგჯერ სისხლმდენიც. მკურნალობისთვის აუცილებელია ნადების სასწრაფოდ მოცილება და პირის ღრუს სწორი მოვლა. ჰიპერპლაზია ხასიათდება გამოხატული ჰიპერემიით, შეშუპებით და გრანულაციური ქსოვილის წარმოქმნით. ამ შემთხვევაში ხშირად საჭირო ხდება ღრძილების ქირურგიული კორექცია.

პაციენტს უნდა ახსოვდეს, რომ კბილების იმპლანტაციის შემდეგ ნებისმიერი გართულების დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც დაეხმარება ოპერაციის შედეგის შენარჩუნებაში და ააცილებს პრობლემებს ჯანმრთელობის მხრივ.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.