დენტოფობია

დენტოფობია

თანამედროვე საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული სტომატოლოგთან ვიზიტებთან დაკავშირებული დენტოფობიები და მომატებული შფოთვა. ამერიკელი ფსიქოლოგების მონაცემებით, სხვადასხვა სიმძიმის დენტოფობიები აღენიშნება 30 მილიონ ამერიკელს. დენტოფობიის მქონე პაციენტების მკურნალობა ექიმისთვის გარკვეულ სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამიტომ, განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება ავადმყოფების ამ ჯგუფის წინასწარი გამოვლენა და მათთან სპეციალური ფსიქოლოგიური ტრენინგების ჩატარება სტომატოლოგთან ვიზიტამდე. დენტოფობიის სტრუქტურაში შეიძლება გამოვყოთ ოთხი შემადგენელი:

– ხასიათის თავისებურებები (ხშირად უმწეობის შეგრძნება)

– ზოგადი შიში

– კბილების მკურნალობის შიში

– დამახასიათებელი ქცევა, მოძრაობითი რეაქციები

სტომატოლოგის პაციენტთა დაახლოებით 19% აღნიშნავს, რომ განიცდის სპეციფიური შიშებს, ისეთებს როგორიც არის ძლიერი ტკივილის მოლოდინი ინექციისა და ბორმანქანის გამოყენების დროს. ავადმყოფთა 35% ზოგადი შფოთვის გარდა, აღნიშნავს სხვადასხვა ფობიებს, მაგალითად, ადამიანების მორიდებას და აგორაფობიას.

ამგვარად, სტომატოლოგთან ვიზიტის გამო განვითარებულ ემოციურ განცდებს არაერთგვაროვანი ხასიათი აქვთ. საერთო ჯამში, მათ მეტ-ნაკლებად გამოხატული უარყოფითი ელფერი აქვთ. შესაბამისად, აუცილებლობის შემთხვევაში, ფსიქოლოგიური გამოკვლევა უნდა მოიცავდეს რამდენიმე კვლევას:

– პაციენტის პიროვნების თავისებურებებისა და ემოციური მდგომარეობის გამოკვლევა სტომატოლოგიური მიღების დროს

– დენტოფობიის გამოხატულების განსაზღვრა

– სტომატოლოგიური მკურნალობით და პროთეზების კომფორტულობით (თუ ჩატარდა პროთეზირება) პაციენტის კმაყოფილების ხარისხის დადგენა

დენტოფობიის გამოსავლენად არსებობს სპეციალური მეთოდები. ყველაზე ცნობილი ტესტებია: კორაჰის სტომატოლოგიური შიშის შკალა, სპილბერგერის კითხვარი, რომელიც განკუთვნილია სიტუაციური და პიროვნული შფოთვის გამოკვლევისთვის. კორაჰის ტესტს (Corahs Dental Anxiety Scale) აქვს დაბალი მგრძნობელობა საცდელი ადამიანების ასაკობრივი, სქესობრივი, საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული თავისებურებების მიმართ.

კორაჰის სტომატოლოგიური შიშის შკალა (Corahs Dental Anxiety Scale)

ინსტრუქცია: „გთხოვთ, წაიკითხეთ კითხვები და პასუხების შესაძლო ვარიანტები. აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება თქვენს მდგომარეობას”.

 

1. რას განიცდით სტომატოლოგთან ვიზიტის დღეს:

ა. მოუთმენლად ველი სტომატოლოგთან ვიზიტს.

ბ. განსაკუთრებულად არ განვიცდი.

გ. მცირედ განვიცდი.

დ. მეშინია მტკივნეული შეგრძნებების.

ე. სერიოზულად ვარ შეშინებული ექიმის შესაძლო მოქმედებებით.

 

2. რას განიცდით, როდესაც თქვენს რიგს ელოდებით სტომატოლოგის კაბინეტთან?

ა. მოდუნებული ვარ.

ბ. მოუსვენრობას.

გ. დაძაბულობას.

დ. მნიშვნელოვან დაძაბულობას.

ე. შიშს, მომატებულ ოფლიანობას, გულისრევის შეგრძნებას.

 

3. რას განიცდით, როდესაც სტომატოლოგის სავარძელში ზიხართ და აკვირდებით, როგორ ამზადებს ექიმი სამუშაოდ ბორმანქანას?

ა. მოდუნებას.

ბ. მოუსვენრობას.

გ. დაძაბულობას.

დ. მნიშვნელოვან დაძაბულობას.

ე. შიშს, მომატებულ ოფლიანობას, გულისრევის შეგრძნებას.

 

4. რას განიცდით, როდესაც სტომატოლოგის სავარძელში ზიხართ და აკვირდებით, როგორ ამზადებს ექიმი ინსტრუმენტებს?

ა. მოდუნებას.

ბ. მოუსვენრობას.

გ. დაძაბულობას.

დ. მნიშვნელოვან დაძაბულობას.

ე. შიშს, მომატებულ ოფლიანობას, გულისრევის შეგრძნებას.

 

მონაცემთა დამუშავება და ინტერპრეტაცია:

 

– პასუხს „ა” შეესაბამება 1 ქულა;

– პასუხს „ბ” შეესაბამება 2 ქულა;

– პასუხს „გ” შეესაბამება 3 ქულა;

– პასუხს „დ” შეესაბამება 4 ქულა;

– პასუხს „ე” შეესაბამება 5 ქულა;

ამგვარად, ყველა კითხვაზე პასუხების ჯამი შეიძლება მერყეობდეს 4-დან 20 ქულამდე. გამოხატული დენტოფობია პაციენტებში აღინიშნება 17 და მეტი ქულის შემთხვევაში.

 

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.