იმპლანტების კლასიფიკაცია

იმპლანტების კლასიფიკაცია

მასალის მიხედვით იმპლანტები არისბიოტოლერანტული,ბიოაქტიური დაბიოინერტული. ბიოტოლერანტული იმპლანტები მზადდება უჟანგავი ფოლადისგან და ქრომ-კობალტის შენადნობისგან. ამჟამად ისინი ძალიან იშვიათად გამოიყენება, რადგან ადამიანის ორგანიზმში ასეთ იმპლანტებს გარს ეკვრის სქელი ფიბროზული კაფსულა და შედეგად ისინი დიდხანს ვერ ძლებენ. ბიოაქტიურ იმპლანტებს მიეკუთვნება ჰიდროქსიაპატიტით ან ტრიკალციფოსფატური კერამიკით დაფარული ლითონის იმპლანტები, ბიოინერტულს კი – ტიტანის, ცირკონიუმის, ოქროს, კორუნდის კერამიკის და მინანახშირბადოვანი იმპლანტები. ამ უკანასკნელნი ყველაზე გავრცელებულია. სტომატოლოგების უმრავლესობა თვლის, რომ იმპლანტებისთვის ყველაზე კარგი მასალაა კერამიკა, მაგრამ მიხორცების ალბათობის გათვალისწინებით არჩევანს, ძირითადად, ტიტანზე აკეთებენ. გარდა ამისა ტიტანის იმპლანტები ოპტიმალურია დამზადების ტექნოლოგიითაც.

ტიტანს უნიკალური ანტიკოროზიული თვისებები აქვს, რაც აიხსნება ოქსიდური აპკით, რომლის სტრუქტურაც გამორიცხავს ლითონის კონტაქტს გარემოსთან და შესაბამისად, იცავს მას დაშლისაგან როგორც ჰაერზე, ასევე ლორწოვან გარსთან და ყბის ძვლებთან კონტაქტის დროს. აღსანიშნავია, რომ ტიტანი ასევე გამძლეა ორგანული ნაერთების უმრავლესობის მიმართ, ხოლო მისი სიმტკიცე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე უჟანგავი ფოლადის, ნიკელის და რკინის.

ფორმის მიხედვით იმპლანტები არის ხრახნიანი, ცილინდრული და ფირფიტოვანი. ასევე არის საფეხურიანი, ნატურალური კბილის ფორმის, კორტიკალური ზედდებით დამილისებრი.

ყველაზე გავრცელებულია ხრახნიანი იმპლანტები, რომლებსაც მრავალი მოდიფიკაცია აქვთ და ერთმანეთისგან ხრახნის პროფილით განსხვავდებიან. ასეთი იმპლანტები არის დასაშლელი და დაუშლელიხორკლიანი ან გლუვიერთ ან ორეტაპიანი. ცილინდრული იმპლანტები გამოდის მხოლოდ დასაშლელი, აქვთ გეომეტრიულად განვითარებული ზედაპირი და გათვლილია გამოყენების ორეტაპიან მეთოდზე. ფირფიტოვანი იმპლანტები, ძირითადად, გამოიყენება ვიწრო ძვლის შემთხვევაში. ისინი ბრტყელია და გრძელი, აქვთ ტექსტურირებული ზედაპირი და ხვრელები ძვლოვანი ქსოვილის შესაზრდელად.

კომბინირებული ფორმის იმპლანტებში გაერთიანებულია სხვადასხვა იმპლანტების კონსტრუქციული თავისებურებები და შეიძლება დიდი ზომები და საკმაოდ რთული ფორმის იყოს. ძვლისსაზრდელასქვეშა (სუბპერიოსტული) იმპლანტები მაგრდება ღრძილის ქვეშ, ძვლისსაზრდელასა და ძვალს შორის. ამ სახის იმპლანტი გამოიყენება ყბის ძლიერ გათხელებული ქსოვილის მქონე პაციენტებში. ენდოდონტიურად სტაბილიზებული იმპლანტები გამოიყენება მაშინ, როდესაც კბილს აქვს მოკლე ფესვი და აუცილებელია მისი დაგრძელება. სტაბილიზებული იმპლანტები მაგრდება ძვლოვან ქსოვილში კბილის ფესვის მწვერვალის გავლით. ისინი, ძირითადად, გამოიყენება ერთეტაპიანი მკურნალობის დროს კბილების სწრაფად აღსადგენად.ლორწოვანქვეშა (სუბმუკოზური) იმპლანტები მაგრდება მთლიანი და ნაწილობრივი კბილის პროთეზების ფიქსაციის გასაუმჯობესებლად ალვეოლური მორჩის ძლიერი ატროფიის დროს. ეს იმპლანტების განსაკუთრებული სახეობაა, რომლის საშუალებითაც საჭირო აღარ არის უცხო მასალის ძვლოვან ქსოვილში შეყვანა.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.