ისტორია: როგორ მკურნალობდნენ კბილებს ჩვენი წინაპრები

ისტორია: როგორ მკურნალობდნენ კბილებს ჩვენი წინაპრები

კბილების მხრივ პრობლემები ადამიანს სტომატოლოგიის თანამედროვე მეცნიერებად ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე გაუჩნდა. ამიტომ, კბილებს მკურნალობდნენ როგორც შეეძლოთ.

XIX ს-მდე არ იცოდნენ, რომ კარიესი ჩნდება იმ ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად, რომლებიც იკვებებიან საკვების ნარჩენებით პირის ღრუში. ძირითადი მოსაზრება, რომელსაც მრავალი ასწლეული სწორად მიიჩნევდნენ, ასეთი იყო: კბილები სტკივათ ჭიის გამო, რომელიც კბილებში სახლდება და მათში არხებს ქმნის. ამიტომ, ჭიისაგან გათავისუფლების ყველაზე ეფექტური მეთოდია კბილის ამოღება. ეს მოსაზრება განსაკუთრებით შუა საუკუნეებში იყო გავრცელებული.

კბილის ამოსაღებად გამოიყენებოდა საწამებელის მსგავსი ინსტრუმენტები: დიდი ლითონის მაშები, რომლებითაც ჯერ არყევდნენ კბილს, შემდეგ კი იღებდნენ, რა თქმა უნდა ანესთეზიის გარეშე. კბილის ამოსაღები პირველი ინსტრუმენტი გაჩნდა ჩვ.წ.აღ-მდე IV ს-ში.

გამოიყენებოდა კბილის ტკივილის გასაყუჩებელი სხვა მეთოდებიც: კბილს ბჟენდნენ ცხელი ნავთით ან ცვილით; ასუნთქებდნენ ლენცოფას, ხახვისა და თხის ქონის დაწვის შედეგად მიღებულ კვამლს.

არსებობდა ველური მეთოდებიც: X ს-ში ექიმები კბილის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებდნენ ოყნას და საფაღარათო საშუალებას. უეფექტობის შემთხვევაში კბილს მოწვავდნენ გახურებული რკინით.

ტკივილის გაყუჩების ყველაზე უსაფრთხო მეთოდი 400 წლის წინ შემოგვთავაზა გერმანელმა მეცნიერმა კარდანუსმა. მისი აზრით, მთვარის შუქი დადებითად მოქმედებდა დაავადებულ კბილზე. ამიტომ, ის ავადმყოფებს ურჩევდა რამდენიმე საათი გაეტარებინათ მთვარისკენ მიბრუნებული ღია პირით.

ჩვენი წინაპრები ექიმს მიმართავდნენ მაშინ, როდესაც მართლაც უმჯობესი იყო კბილის ამოღება. პროფილაქტიკურ ღონისძიებებსა და ჰიგიენაზე ადამიანებს ძალიან ცოტა და თავისებური წარმოდგენა ჰქონდათ. მაგ., ხალხურ მედიცინაში შარდი გამოიყენებოდა პირისა და კბილების ჰიგიენისთვის.

კბილის ჯაგრისებმა სერიოზული ევოლუცია გაიარეს. ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ხის ტოტებს. მათ ასველებდნენ წყალში, ვიდრე ქერქი არ მოძვრებოდა. ასეთი ჯაგრისი კბილებს ეფექტურად ვერ წმენდდა, მაგრამ შეიცავდა მთრიმლავ მჟავებს, რომლებიც კარგად მოქმედებენ ღრძილის ქსოვილზე.

თანამედროვე სტომატოლოგიამ განვითარება დაიწყო ფრანგი სტომატოლოგის ფოშარის წყალობით. მან პირველმა შემოგვთავაზა დაავადებული კბილების დამუშავება და მათი დაბჟენა კალით, ოქროთი ან ტყვიით. მოგვიანებით გაჩნდა კბილის გვირგვინები. დაავადებული კბილების დასამუშავებელი პირველი ხელის მანქანები გაჩნდა 1820 წელს.

არასწორი კვების, როგორც კარიესის გამომწვევი ფაქტორის, გათვალისწინება დაიწყეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ კბილის მინანქრის დამშლელ მჟავებს წარმოქმნიან სახამებლითა და შაქრით მდიდარი საკვების ნარჩენებით მკვებავი ბაქტერიები.

მხოლოდ XX ს-ში გააცნობიერეს ადამიანებმა, რომ კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა თავიდანვე აუცილებელია კბილის ჯაგრისისა და კბილის პასტის გამოყენებით. მაგრამ, ფართო მასებამდე ამ ჭეშმარიტების მიტანა ადვილი არ იყო. ამ ცოდნის მისაღებად საჭირო გახდა რამდენიმე ათასი წელი და მილიონობით მტანჯველი სტომატოლოგიური პროცედურა, რაც ჩვენმა წინაპრებმა გაიარეს.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..