კარიერა და ჯანმრთელი ღიმილი

კარიერა და ჯანმრთელი ღიმილი

თანამედროვე მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია მომხიბლავი ღიმილი. სპეციალისტების აზრით, გახსნილი ღიმილი აქვს ქარიზმატულ და თავდაჯერებულ ადამიანებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს პროფესიონალურ დონეზე და მყარად მიაბიჯებენ წინ.

წარმატებული კარიერა მოითხოვს ოფისში ყოველდღიურ მუშაობას, თან ახლავს სტრესი, გადაღლა და ხშირი წახემსება. ამ დროს მრავალი ჩვენგანი კბილებს მხოლოდ დღეში 2-ჯერ იწმენდს, ხოლო ოფისის სასადილოებში საკმაოდ რბილ პროდუქტებს მიირთმევს, რომელთა ნარჩენებიც კბილებზე რჩება და შეიძლება ცუდად იმოქმედოს მათზე. კარიერული სიმაღლეებისკენ სწრაფვა უარყოფითად რომ არ აისახოს ლამაზ ღიმილზე, აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:

სრულყოფილი დასვენება და ძილი. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არ არსებობს კავშირი კბილების მდგომარეობასა და დღის რაციონალურ რეჟიმს შორის, უძილობამ შეიძლება მრავალი პრობლემა გამოიწვიოს ჯანმრთელობის, მათ შორის კბილების მხრივ. როდესაც ადამიანი ხშირად გადაღლილია და არ არის გამოიძინებული, მისი იმუნური სისტემა იფიტება. ამის შედეგად ორგანიზმში შეიძლება იმძლავროს სხვადასხვა ინფექციამ, რასაც ხშირად მოჰყვება ღრძილებისა და კბილების სერიოზული დაავადებები.

პოლივიტამინების მიღება. კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით მიეწოდოს კალციუმი და ფოსფორი. C და D ვიტამინები ხელს უწყობენ ამ ელემენტების ათვისებას, მაგრამ ჩვეულებრივ საკვებში ისინი არასაკმარისია. სწორად შერჩეული პოლივიტამინების კომპლექსი აგაცილებთ კბილების მხრივ პრობლემებს და დაგეხმარებათ წარმატებული კარიერისთვის ბრძოლაში. ასევე სასარგებლოა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, რომლებითაც უნდა ჩაანაცვლოთ ყავა.

გამოიყენეთ კბილის ძაფი. კბილის ჯაგრისით იწმინდება კბილის 5 ზედაპირიდან მხოლოდ 3. დანარჩენი 2 (კბილთაშორისი შუალედები) საჭიროებს დამატებით ყურადღებასა და კბილის ძაფის (ფლოსის) გამოყენებას. ასეთი ძაფი მოთავსებულია სპეციალურ შესაფუთში, რომელიც იცავს მას დაბინძურებისგან, მისი ტარება მოხერხებული და შეუმჩნეველია ქალის ყველაზე პატარა  ჩანთაშიც კი.

გამოიყენეთ საღეჭი რეზინი. ის კარგი დამხმარე საშუალებაა კბილების ყოველდღიურ დაცვაში, რადგან ჭამის შემდეგ ყოველთვის კბილის ჯაგრისისა და ძაფის გამოყენების საშუალება არ არის. საღეჭი რეზინი არ ცვლის კბილების წმენდას, მაგრამ ზრდის ნერწყვის გამოყოფას და ხელს უწყობს საკვების ნარჩენების მოცილებას კბილთაშორისი სივრცეებიდან.

პროფესიონალური მოვლა. თუ თქვენ არაფერი არ გაწუხებთ, პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით სტომატოლოგს აუცილებლად უნდა ეწვიოთ სულ მცირე წელიწადში 2-ჯერ. სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტის დროს შეიძლება გამოვლინდეს კარიესი და ღრძილების დაავადებები საწყის სტადიაზე, რაც აგაცილებთ შემდგომში კბილების ამოღებას. ასევე აუცილებელია კბილის ნადების დროულად მოცილება, რაც გააუმჯობესებს თქვენს ღიმილს და აგაცილებთ ჰალიტოზს– პირიდან ცუდ სუნს.

კბილები გაიწმინდეთ მინიმუმ დღეში 2-ჯერ. ეს ყველაზე მთავარი წესია, რომლის გარეშეც დანარჩენები ეფექტურობას კარგავენ. გაწმენდის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული კბილის ჯაგრისზე, რომელიც ყოველ 2 თვეში უნდა გამოიცვალოს, ასევე ტექნიკაზე და პროცედურის ხანგრძლივობაზე. კბილების წმენდა უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 2 წუთი და კბილის ჯაგრისი 450 კუთხით უნდა იყოს დახრილი კბილების ზედაპირის მიმართ. ჯაგრისის ძირითადი მოძრაობა უნდა იყოს წრიული, ხოლო ჰორიზონტალური მოძრაობები დასაშვებია მხოლოდ კბილების საღეჭ ზედაპირებზე. არ დაგავიწყდეთ ენაც, მისთვის არსებობს სპეციალური საფხეკები, რომლებიც ეფექტურად აცილებენ ენის ნადებს.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.