კბილების ლაზერული იმპლანტაცია

კბილების ლაზერული იმპლანტაცია

სტომატოლოგების აზრით, ლაზერული იმპლანტაცია იმპლანტაციის ყველაზე თანამედროვე, სწრაფი, უსისხლო, პრაქტიკულად უმტკივნეულო და სტერილური მეთოდია. ქირურგიული სკალპელის ნაცვლად, რომელიც ბევრში შიშს იწვევს, სტომატოლოგი ლაზერის სხივს იყენებს. ლაზერის გამოყენების ხარჯზე მაქსიმალურად მცირდება დისკომფორტი ოპერაციის დროს და უზრუნველყოფილია ჭრილობის უფრო სწრაფი და ხარისხიანი შეხორცება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის წარმატებით დამთავრების შანსებს. ლაზერული იმპლანტაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და დაახლოებით 1 საათი გრძელდება. ის რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და ჯამში შეიძლება 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდეს.

როგორც ჩვეულებრივი იმპლანტაციის წინ, ლაზერული ოპერაციის წინა მოსამზადებელ პერიოდში უნდა გამოვლინდეს ოპერაციის აბსოლუტური და შედარებითი უკუჩვენებები. კარიესს და ღრძილების დაავადებებს უნდა ვუმკურნალოთ ოპერაციულ ჩარევამდე.

ოპერაციის დროს ექიმი ლაზერით კვეთს ლორწოვან გარსს და სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით ძვალში შეყავს იმპლანტი. შემდეგ ლორწოვან გარსს გაკერავს და აყენებს დროებით პლასტმასის პროთეზებს, რომლებიც ხელს უწყობენ იმპლანტის ინტეგრაციას ყბის ძვლოვან ქსოვილთან. სტომატოლოგიის განვითარების თანამედროვე დონე ყოველწლიურად იძლევა საშუალებას  შემცირდეს იმპლანტების შეზრდის ვადები. ამას ხელს უწყობს ლაზერის გამოყენებაც. ოპერაციის მეორე ეტაპზე იმპლანტის გახსნის დროს, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ქირურგიული სკალპელის ნაწილაკები შეიძლება დარჩეს იმპლანტის ზედაპირზე, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს გალვანური დენების გაჩენა სხვადასხვა ლითონებს შორის. ლაზერის გამოყენება ამ პრობლემას გამორიცხავს.

პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი შეიძლება სახლში წავიდეს. ოპერაციის მეორე დღეს ის გრძნობს მცირეოდენ ტკივილს, რომელიც კბილის ამოღების შემდეგ არსებულ ტკივილს ჰგავს. ასეთი ტკივილი პრაქტიკულად არასდროს არ არის ძალიან ძლიერი და ადვილად იხსნება ტრადიციული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით. ასევე შეიძლება გაჩნდეს მსუბუქი შეშუპება, რომელიც 1 დღეში გაივლის. ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს გადაცივებას და ძლიერ ფიზიკურ დატვირთვებს. რამდენიმე დღეში ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნება უკვალოდ გაქრება.

სტომატოლოგიაში მრავალრიცხოვანი კვლევების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ლაზერული იმპლანტაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციული ჩარევის ხანგრძლივობას. ასევე ის ახდენს გაკვეთილი ქსოვილების კოაგულაციას, რის გამოც პროცედურა უსისხლოა – ლაზერი ღრძილს ერთდროულად კვეთს და ახორცებს, არ იწვევს სისხლდენას. ყოველივე ამის გამო მნიშვნელოვნად მცირდება იმპლანტაციის შემდგომი გართულებების განვითარების რისკი და ჭრილობა უფრო სწრაფად ხორცდება.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.