კბილის აგებულება

კბილის აგებულება

კბილი ადამიანის ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციებია საკვების მექანიკური დამუშავება, ბგერების წარმოქმნაში მონაწილეობა. კბილები ჩვენი ღიმილის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

ადამიანი კბილებს 1-ჯერ იცვლის – სარძევე იცვლება მუდმივით, 6-დან 12-მდე წლის ასაკის პერიოდში. მოზრდილ ადამიანს ნორმაში აქვს 32 კბილი, საიდანაც 4 არის ე.წ. სიბრძნის კბილი, რომლებიც ყველაზე გვიან ამოდის, თითქმის არ მონაწილოეობენ ღეჭვით ფუნქციაში და ზოგჯერ რეტენირებულიც კი რჩება (არ ამოიჭრება). სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გვხვდება იშვიათი კლინიკური შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს 33 და მეტი კბილი (ე.წ. ზეკომპლექტური კბილები).

კბილთა მწკრივში გამოყოფენ შემდეგი ტიპის კბილებს: საჭრელები, ეშვები, მცირე საღეჭი (პრემოლარები), დიდი საღეჭი (მოლარები).

ღიმილისა და საუბრის დროს ჩვენ ვხედავთ მხოლოდ კბილის გვირგვინოვან ნაწილს. რისგან შედგება ეს პატარა ორგანო, თუ მას შიგნიდან შევხედავთ? განვიხილოთ კბილის ჰისტოლოგია და ანატომია.

სტომატოლოგიური ანატომია

ეს არის ანატომიის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც შეისწავლის კბილების შინაგან აგებულებას, მათ კლასიფიკაციას, განვითარებასა და გარეგნობას.

კბილი მდებარეობს ყბის ალვეოლურ მორჩში. ანატომიური აგებულებით განასხვავებენ კბილის გვირგვინს – ღრძილის ზემოთ მდებარე ნაწილს, კბილის ფესვს – მდებარეობს კბილბუდეში (ალვეოლაში) და დაფარულია ღრძილის ქსოვილით, კბილის ყელს – კბილის გვირგვინის ფესვში გარდამავალ ნაწილს. კბილი შედგება მაგარი და რბილი ქსოვილებისგან – მაგარი ქსოვილებია მინანქარი, დენტინი და ცემენტი, ხოლო რბილ ქსოვილებს მიეკუთვნება – კბილის პულპა.

დენტინის შიგნით მდებარეობს ღრუ, რომელშიც არის პულპის საკანი და ფესვის არხი, ასევე ნერვები და სისხლძარღვები.

კბილის მინანქარი

მინანქარი კბილის დამცავი გარსია. არაორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობის (დაახლოებით 95%) გამო, ის ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მტკიცე ქსოვილია – სიმყარით ალმასს უტოლდება. მინანქარი ძალიან ცოტა წყალს (2-3%) შეიცავს. პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელოვანი ასპექტია მინანქრის სწორად მოვლა. საჭიროა პირის ღრუში აუცილებელი ტუტე ბალანსის შენარჩუნება. ამისათვის, საკვების ყოველი მიღების შემდეგ საჭიროა პირში წყლის, სპეციალური სავლებების გამოვლება ან კბილების გაწმენდა. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი.

დენტინი

მკრთალი ყვითელი ფერის კბილის ქსოვილია. შედგება კალციუმის მარილებით მდიდარი ნივთიერებებისგან, რაც მას სიმტკიცეს აძლევს, მაგრამ ის მინანქარზე რბილია. დენტინი ცოცხალი ქსოვილია, რომელშიც მიკრომილაკების საშუალებით ინტენსიურად ხდება ნივთიერებათა ცვლა. ფესვის მიდამოში დენტინი დაფარულია ცემენტით, გვირგვინის მიდამოში – მინანქრით. თუ კბილში კარიესი ჩნდება, ის იწყება მინანქრის მცირე დეფექტით, რომელიც მალე გადადის დენტინზე. ამიტომ, კარიესის მკურნალობა საჭიროა საწყის სტადიებზე.

ფესვის არხი და პულპის საკანი

დენტინი წარმოქმნის პულპის საკნის – კბილის გვირგვინში არსებული ღრუს კედლებს. ფესვის არხი იწყება კბილის მწვერვალიდან და მთავრდება პულპის საკანში. პულპის საკანსა და ფესვის არხში არის პულპა, რომელიც კბილის და, საერთოდ მთელი ორგანიზმის, ყველაზე მგრძნობიარე ქსოვილია.

კბილის პულპა

პულპაში მდებარეობს ნერვული ბოჭკოები, არტერიები, ვენები და სპეციფიური უჯრედები – ოდონტობლასტები, რომლებიც მდებარეობენ პულპის პერიფერიულ შრეში, ხოლო მათი გრძელი მორჩები შეაღწევენ დენტინის მიკრომილეკებში. ამის შედეგად ხორციელდება ნივთიერებათა ცვლა კბილის შიგნით. დიდი რაოდენობით ნერვული ბოჭკოებისა და სისხლძარღვების გამო, პულპა სიგნალებს გადმოგვცემს კბილის პათოლოგიის განვითარების დროს.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.