კბილის ამოღება – იძულებითი დანაკარგი

კბილის ამოღება – იძულებითი დანაკარგი

 

როგორ მოვიქცეთ, თუ ექიმმა ჩათვალა, რომ კბილი ამოსაღებია? უპირველეს ყოვლისა, არ დაღონდეთ! ეს იძულებითი, მაგრამ აუცილებელი დანაკარგია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთი დაზიანებული კბილის ამოღებით ჩვენ დიდ უსიამოვნებებს ავარიდებთ თავს.

მაგრამ, საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ კბილის ამოსაღებად და როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ, რათა ოპერაციამ ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიაროს.

კბილის ამოღების არ უნდა შეგეშინდეთ. უნდა გეშინოდეთ არანამკურნალები კბილისგან მოსალოდნელი საფრთხეების. კბილის ამოღება, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის. მაგრამ ხშირად ეს ერთადერთი, თუნდაც უკიდურესი გამოსავალია. კარგი ექიმი კბილს უმიზეზოდ არ ამოგიღებთ. თუ არის მისი გადარჩენის შანსი, ექიმი ყველაფერს გააკეთებს მის გადასარჩენად. მაგრამ, თუ შანსი არ არის, კბილი გადაიქცევა მტრად, რომელსაც უფრო მეტი პრობლემა მოაქვს.

კბილს იღებენ, თუ:

იგი ძალიან არის დაზიანებული კარიესით, პაროდონტიტით ან ინფექციით;

ავადმყოფი კბილის გამო განვითარდა მწვავე ჩირქოვანი ანთება, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ძვალზე;

გაჩნდა ძლიერი კბილის ტკივილი და ჩვეულებრივი ენდოდონტიური მკურნალობა შეუძლებელია.

 

ეს გადაუდებელი ჩვენებებია. არის გეგმიური ჩვენებებიც:

კბილი არასწორად მდებარეობს (მაგ., რეტენირებული სიბრძნის კბილი);

ორთოპედიული მკურნალობის ჩატარების დროს (ერთეული კბილები, რომლებიც ხელს უშლიან თანკბილვის გასწორებას) და ა.შ.

 

იქნებ, მაინც არ ამოვიღოთ?

არის კბილის ამოღების უკუჩვენებებიც:

– გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გამწვავების პერიოდში;

– მწვავე ინფექციური დაავადებები;

– იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც აუარესებენ სისხლის შედედებას;

კბილის ამოღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და ბოლო თვეებში.

თუ ზემოხსენებული უკუჩვენებები არ არის, ექიმი მაინც ამოიღებს კბილს. არაფერი საშიში არ არის. ხოლო თუ თქვენ იცით, როგორ უნდა მოემზადოთ ამ ოპერაციისთვის, მით უმეტეს არაფრის არ უნდა გეშინოდეთ.

რა უნდა გავაკეთოთ კბილის ამოღებამდე?

კბილის ამოღების გადაწყვეტილების მიღებამდე ექიმმა უნდა დაათვალიეროს პირის ღრუ, ასევე გადაიღოს რენტგენის სურათი. რისთვის არის ეს საჭირო? სურათზე გამოჩნდება კბილის როგორც გარეთა, ასევე შიგნითა ნაწილი და ირგვლივმდებარე ძვალი. ამით ექიმი შეძლებს უფრო ზუსტი წარმოდგენა შეიქმნას თქვენი კბილის მდგომარეობის შესახებ.

სტომატოლოგისთვის ასევე მნიშვნელოვანია სამედიცინო ისტორია, მათ შორის პრეპარატების მიღების, რადგან ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება არსებითი გავლენა მოახდინოს ოპერაციის შემდგომ პერიოდზე. მაგალითად, ასპირინი ანელებს სისხლის შედედების პროცესს. ხოლო ქალებში, რომლებიც იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, კბილის ამოღების შემდეგ ზოგჯერ რჩება „მშრალი (უსისხლო) კბილბუდეები”. ამიტომ არაფერი არ უნდა დამალოთ.

თუ გაჩნდა ინფექცია და ღრძილი ძალიან შეშუპდა, ექიმმა შეიძლება ოპერაციამდე დანიშნოს ანტიბიოტიკებით მკურნალობა. მათი მიღებისას მკაცრად უნდა დაიცვათ ინსტრუქცია.

როგორ იღებენ კბილს

კბილის ამოღება არც ისე ადვილია. პროცედურა წამებას რომ არ ჰგავდეს, ახორციელებენ კბილის და მიმდებარე ღრძილის გაუტკივარებას. შემდეგ ექიმი სპეციალური ინსტრუმენტის (ელევატორის) საშუალებით არყევს კბილს მარჯვნივ-მარცხნივ, წინ-უკან. ამ მოძრაობებით კბილი მოშორდება დამჭერ იოგს, ასევე, ფართოვდება კბილბუდე, რადგან კბილი საკმაოდ მტკიცედ ზის ძვალში. მორყეულ კბილს შემდეგ იღებენ კბილის მაშებით.

კბილის ამოღებიდან პირველ საათებში კბილბუდიდან იდენს სისხლი. სისხლდენის შესაჩერებლად კბილბუდეს ადებენ დოლბანდის (მარლის) ტამპონს ან ჩაის პაკეტს (ეს უკანასკნელი შეიცავს მთრიმლავ მჟავას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის სწრაფად შედედებას). ტამპონს ან პაკეტს მაგრად უნდა დააჭიროთ ანტაგონისტი კბილი და ასე უნდა გეჭიროთ სულ მცირე 45 წთ.

კბილის ამოღების შემდეგ მოსალოდნელია მცირედი შეშუპება. მის მოსახსნელად ლოყაზე 10 წთ-ით უნდა მიიდოთ ყინული.

თუ კბილის ამოღების შემდეგ გრძნობთ ტკივილს, შეიძლება აცეტამინოფენის, იბუპროფენის ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიღება.

პირველ დღეებში საჭიროა კბილების ფრთხილად გაწმენდა, არ უნდა შეეხოთ იმ ადგილს, სადაც კბილი იყო.

 

რა არ უნდა გააკეთოთ კბილის ამოღების შემდეგ

პირველ დღეს:

არ მიიღოთ საკვები კბილის ამოღებიდან 2-3 სთ-ის განმავლობაში.

არ მიიღოთ ცხელი საკვები ან სასმელი.

არ შეიძლება სავლებების გამოვლება.

ენით არ მოსინჯოთ კბილის მდებარეობის ადგილი.

კბილის ამოღების შემდეგ ცარიელ კბილბუდეში წარმოქმნილი სისხლის კოლტი ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას, ამიტომ მისი მოცილება არ არის საჭირო.

 

კბილის ამოღებიდან მე-2-3 დღეს:

არ შეიძლება თამბაქოს მოხმარება და სპირტიანი სასმელების მიღება.

თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვებისგან.

შეხორცების პროცესი

კბილის ადგილზე რჩება ხვრელი. დროთა განმავლობაში იგი ივსება ძვლოვანი ქსოვილით. 1-2 კვირის შემდეგ ცარიელი კბილბუდე აღარ შეგახსენებთ თავს. მაგრამ ეს დასასრული არ არის, ამოღებული კბილის ადგილზე უნდა ჩაისვას პროთეზი.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..