მარხვა: როგორ აისახება შეზღუდვები საკვებში კბილების ჯანმრთელობაზე?

მარხვა: როგორ აისახება შეზღუდვები საკვებში კბილების ჯანმრთელობაზე?

ღიმილი კარგი განწყობის შენარჩუნებისა და ირგვლივმყოფებზე დადებითი ზემოქმედების ყველაზე ეფექტური იარაღია. გულღია მისალმება უფრო აბედნიერებს ადამიანს და მის ირგვლივ მყოფთაც. ამის მიუხედავად, მრავალ ადამიანს რცხვენია გაღიმების, ზოგს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, ზოგს კი არაჯანსაღი კბილების გამო. ამ უკანასკნელი პრობლემის გადაჭრას შევეცდებით ჩვენ.

რა როლს ასრულებს კვების დაბალანსებული რაციონი?

არსებობს კბილების გარეგანი მახასიათებლებისა და ფუნქციური თვისებების განმსაზღვრელი მრავალი ფაქტორი: პირის ღრუს კარგი ჰიგიენა, სტომატოლოგთან დროული ვიზიტები და სწორი კვება. სწორედ დაბალანსებული რაციონი აძლევს ორგანიზმს ჰარმონიულად განვითარების, იმუნიტეტის გაძლიერებისა და ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნების საშუალებას. პროდუქტები შეიცავენ ვიტამინებისა და მინერალების მთელ კომპლექსს, რომლებიც ამაგრებენ კბილის ქსოვილებს. ჰისტოლოგიურად კბილი შედგება:

– დენტინისგან – კოლაგენისგან, რომელიც გაჟღენთილია მინერალური მარილებით – ძირითადად ფოსფორმჟავა კალციუმით. სწორედ ეს ნივთიერება აძლევს კბილებს სიმტკიცეს. დენტინის ზედაპირზე არის მრავალი წვრილი არხი – დაახლოებით 40-50 ათასი 1 მმ2-ზე. ისინი შეიცავენ ოდონტობლასტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კბილის ზრდასა და სიცოცხლისუნარიანობას. ამგვარად, დენტინი ცოცხალი ქსოვილია, რომელშიც მუდმივად მიმდინარეობს მეტაბოლური პროცესები;

– მინანქრისგან, რომელიც ყალიბდება არაორგანული ნივთიერებებისგან. თავისი სიმტკიცით ეს ქსოვილი ალმასს უახლოვდება. მიკროსკოპის ქვეშ შეიძლება დავინახოთ, რომ მინანქარი შედგება მინიატურული, მაგრამ მკვეთრად შემოსაზღვრული პრიზმებისა და ე.წ. პრიზმათაშორისი ნივთიერებისგან. დაუზიანებელი მინანქრის მფარავ ქსოვილში მუდმივად მიმდინარეობს აქტიური პროცესები;

– პულპისა და ცემენტისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ კბილის საიმედო ფუნქციონირებას. პულპა შედგება სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვებისგან, ნერვებისგან, ასევე ოდონტობლასტებისგან. პულპა ასრულებს მკვებავ, დამცველობით, მარეგულირებელ, რეგენერაციულ ფუნქციებს. კბილის ფესვის მფარავი ცემენტი კი უზრუნველყოფს იოგოვანი აპარატის საიმედოდ მიმაგრებას კბილზე. თავისი შემადგენლობით იგი ძვლოვან ქსოვილს ჰგავს.

საკვები ნივთიერებების ნაკლებობა უპირველეს ყოვლისა დენტინსა და მინანქარზე აისახება. კბილის ქსოვილები სუსტდება და იშლება, ზიანდება პულპა. მასში არსებული ჭარბი სისხლძარღვებისა და ნერვების გამო, ანთების დროს სწრაფად ვითარდება ძლიერი ტკივილი. კბილის ქსოვილების დაავადებების ასაცილებლად, აუცილებელია კვების რაციონის კონტროლი.

სასარგებლო სამარხვო რაციონი

საკვების შეზღუდვა, უპირველეს ყოვლისა, აისახება კბილების მდგომარეობაზე. მარხვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კვების რაციონს. კვების ინსტიტუტის დიეტოლოგების აზრით, სათანადოდ დაცული მარხვა ორგანიზმს ეხმარება ჭარბი ქოლესტერინისგან, ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლებაში. თუმცა, ორგანიზმმა რომ მიიღოს აუცილებელი მიკროელემენტები, უნდა შედგეს სპეციალური დიეტა. მარხვის დროს არ ვიღებთ რძეს, თევზს, კარაქს – სწორედ იმ პროდუქტებს, რომლებიც კბილის ქსოვილების „საშენ მასალად” ითვლება. თუმცა, ამ პროდუქტების ყველა თვისების ჩანაცვლება შეიძლება, მთავარია მენიუ სწორად შევადგინოთ.

აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების სია:

კალციუმი – იცავს კბილებს ტემპერატურის მერყეობისა და სტრუქტურული დაზიანებებისგან. რძის პროდუქტები არის ამ მინერალის ძირითადი წყარო. მათი შეცვლა შეიძლება სოიოთი, ბროკოლით.

ფტორი – ხელს უშლის კარიესის განვითარებას. ამ მიკროელემენს შეიცავს წითელი თევზი. მარხვის დროს რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ კაკალი და შავი ჩაი. ისინი მდიდარია ფტორით და სასარგებლო ვიტამინებით.

რკინა – აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის პაროდონტოზის განვითარებას. ამ მიკროელემენტის შემცველ ღვიძლს და ხორცს კარგად ცვლის ლობიო, წიწიბურა, ვაშლი. გარდა ამისა, ბურღულეული შეიცავს საკვები ნივთიერებების ათვისებისთვის აუცილებელ ნახშირწყლებს.

D ვიტამინი – ორგანიზმს ეხმარება ფოსფორისა და კალციუმის შეთვისებაში. მისი ნაკლებობა იწვევს კბილებზე მოჭარბებული რაოდენობით ნადების წარმოქმნას. ამის ასაცილებლად უნდა მიირთვათ ქათმის კვერცხი, სკუმბრია, მარხვის დროს – სოკოები და სალათის ფურცლები.

B6 ვიტამინი – უზრუნველყოფს კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობას. სამარხვო პროდუქტები: კაკალი, ისპანახი, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო და პომიდორი ამ ვიტამინს შეიცავს კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი რაოდენობით.

C ვიტამინი – ძლიერი იმუნიტეტის და ჯანმრთელი ღრძილების საწინდარია. მას შეიცავს კომბოსტო, ჭარხალი, კარტოფილი, ბარდა, ხორბალი, ასკილი. ყველა ამ პროდუქტის გამოყენება შეიძლება მარხვის დროს.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.