მეცნიერება იმპლანტაციის შესახებ

მეცნიერება იმპლანტაციის შესახებ

პროთეზირების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით იმპლანტაციას აქვს ზოგიერთი უპირატესობა:

– იმპლანტატები ანაცვლებენ დაკარგულ კბილებს ისე, რომ მეზობელი კბილების მოქლიბვა საჭირო აღარ არის ;

– იმპლანტატები შეიძლება იყოს საყრდენი როგორც მოსახსნელი, ისე ნებისმიერი მოუხსნელი პროთეზებისთვის;

– იმპლანტატების საშუალებით შესაძლებელია მოუხსნელი პროთეზირება სრული ადენტიის დროს;

– იმპლანტატებზე საყრდენის მქონე მოსახსნელი პროთეზი უკეთ ფიქსირდება;

– ძვალში ჩამაგრების მიდამოში აჩერებს ძვლის გაწოვას;

– ხშირია შემთხვევები, როდესაც იმპლანტატი შესაძლებელია კბილის ამოღებისთანავე ჩაინერგოს.

იმპლანტაცია სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძვირად ღირებული ოპერაციაა. მაგრამ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ეკონომია არ უნდა გააკეთოთ, ამიტომ ექიმის არჩევანს გააზრებით უნდა მიუდგეთ.

იმპლანტოლოგიაში არსებობს ოპერაციის ჩატარების რამდენიმე ძირითადი მეთოდი:

კლასიკური (ტრადიციული) იმპლანტაცია – დენტალური იმპლანტაციის ყველაზე გავრცელებული და შესწავლილი მეთოდია. ტრადიციული მეთოდი გამოიყენება XX საუკუნის 80-იანი წლებიდან. მკურნალობის კურსი ხანგრძლივია – შეიძლება 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდეს. იმპლანტატზე გვირგვინის დამაგრება შეიძლება ოპერაციიდან 4 თვის შემდეგ ქვედა ყბაზე და 6 თვის შემდეგ ზედა ყბაზე. საჭიროა ძვლოვანი ქსოვილის შესაბამისი მოცულობა.

კბილების ერთეტაპიანი იმპლანტაცია. ამ მეთოდის თანახმად იმპლანტატის დაყენება ხდება ღრძილის გაჭრის გარეშე, ხოლო გვირგვინი მაგრდება ოპერაციიდან 1 კვირის განმავლობაში. მეთოდი რეკომენდებულია იმათთვის, ვისაც პანიკურად ეშინია ქირურგიული პროცედურების. საჭიროა ძვლოვანი ქსოვილის შესაბამისი რაოდენობა.

ბიოიმპლანტაცია ძვლოვანი ქსოვილის გაზრდის გარეშე. მკურნალობა ტარდება ყველა პაციენტში, რადგან დამოკიდებული არ არის ძვლოვანი ქსოვილის გათხელების ხარისხზე. ამ მეთოდის წყალობით შეიძლება იმპლანტატების დაყენება ძვლის გაზრდის გარეშე.

ყველა მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა, კლინიკური სიტუაციის შესაბამისად. იმპლანტაციის ოპერაცია უმტკივნეულოა, მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. ძვალში ჩამაგრებიდან 3-6 თვის შემდეგ კბილის იმპლანტატი მთლიანად შეუხორცდება ძვალს. იმპლანტოლოგიაში ამას ოსტეოინტეგრაცია ეწოდება. თანამედროვე იმპლანტატები, ძირითადად, ტიტანისგან მზადდება. მათი ძირითადი ფუნქცია არის კბილის ფესვის იმიტაცია.

ამჟამად სტომატოლოგიაში გამოიყენება შემდეგი სახის იმპლანტატები:

– ფესვისებრი ფორმის იმპლანტატები;

– ფირფიტოვანი იმპლანტატები;

– კომბინირებული ფორმის იმპლანტატები;

– ენდოდონტიურად სტაბილიზებული იმპლანტატები.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.