მინანქრის ფერი

მინანქრის ფერი

სულ უფრო მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სურს ჰქონდეს თეთრი კბილები. თუმცა, ამავე დროს 15%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებიც უკმაყოფილონი არიან გათეთრების პროცედურით. სპეციალისტები ამას ხსნიან იმ მოსაზრებით, რომ შეუძლებელია ხარისხიანი გათეთრება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დამოუკიდებლად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე იყენებს საეჭვო საშუალებებს. შესაბამისად, ასეთი მანიპულაციების შედეგი სასურველისგან შორს არის.

მეორეს მხრივ, თუ პროცედურა ტარდება სტომატოლოგის კაბინეტში და გამოიყენება ხარისხიანი მასალები, პაციენტი შეიძლება მაინც უკმაყოფილო იყოს შედეგით, რადგან მისი მოლოდინი ხშირად აღემატება გათეთრების რეალურ შესაძლებლობებს. განვიხილოთ დაწვრილებით.

კითხვაზე, როგორი კბილები გინდათ რომ გქონდეთ, ყველა უპასუხებს: „თეთრი”. თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სწორედ აქედან იქმნება არასწორი წარმოდგენები და შედეგად – პროცედურით უკმაყოფილება.

როდესაც გეგმავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება კბილების გათეთრების შემდეგ, არ უნდა დაგავიწყდეთ შემდეგი – იდეალურად თეთრი კბილები ბუნებაში არ არსებობს. თუ თქვენ რომელიმე ცნობილ სახეს ხედავთ, რომლის ღიმილიც თვალისმომჭრელად თეთრია, ეს ან ფოტოშოპის შედეგია ან ხელოვნური ვინირებია. საკუთარი კბილები ასეთი თეთრი ვერ იქნება, რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოთ. გათეთრება გულისხმობს თქვენი ფერის გაღიავებას რამდენიმე ტონით და არა სხვა ელფერით შეცვლას.

რა ვიცით კბილების ბუნებრივი ფერის შესახებ? ამჟამად, სტომატოლოგიაში გამოყოფილია სითეთრის 16 ელფერი და ყველა მათგანი ნორმის ფარგლებშია. Vita-ს ევროპული შკალის თანახმად, ისინი შემდეგნაირად იყოფა: A – ყავისფერიB –ყვითელიC – ნაცრისფერიD – წითელი. თითოეულ ტონს აქვს თავისი ინტენსივობა 1-დან 4-მდე. ყველა ევროპელისთვის ნორმად ითვლება ფერი A3 – ამ შემთხვევაში კბილები მყარია. A1 ელფერი მყიფე და თხელი მინანქრის მანიშნებელია.

კბილების ფერი, თვალების ფერის მსგავსად, განპირობებულია გენეტიკური თავისებურებებით. სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებენ, რომ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას მოყვითალო ელფერი აქვს. ამერიკის მოსახლეობაში, ძირითადად, მონაცრისფრო ტონი ჭარბობს. ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია იამაყოს იდეალურთან მიახლოებული სითეთრით – მას ქმნის მინანქრის მოლურჯო-ნაცრისფერი ელფერი, რომელიც ნეგროიდულ რასაში აღინიშნება.

დადგენილია, რომ საწყისი ფერის მიხედვით, კბილები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ გათეთრებაზე. მაგალითად, საუკეთესო შედეგი მიიღწევა მოყვითალო-ყავისფერი ელფერის მქონე მინანქრის გათეთრების დროს. მონაცრისფრო ტონები შესამჩნევად არ იცვლება ინტენსიური ზემოქმედების დროსაც კი. როგორც ექიმები თვლიან, ყველაზე დიდი იმედგაცრუება ელით პერფექციონისტებს, რომლებიც ცდილობენ მოიცილონ ღიმილის ხელშემშლელი მცირედი ნაკლიც კი – თუ კბილის საწყისი ფერი ძალიან მუქი არ იყო, გათეთრებაც მხოლოდ რამდენიმე ტონით მოხდება და პროცედურის შემდეგ კარდინალური ცვლილებები არ აღინიშნება. ხოლო რაც უფრო მუქი იყო კბილები, მით უფრო დიდი სხვაობა იქნება მანიპულაციის შემდეგ.

გათეთრების ეფექტი დამოკიდებულია როგორც ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ასევე არჩეულ მეთოდზე. მრავალი პაციენტი ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს გათეთრებას და პროფესიონალურ გაწმენდას, მაგალითად, air-flow-ს. პროფესიონალური გაწმენდის დროს კბილის ზედაპირი მუშავდება წყლის, ჰაერისა და ნატრიუმის ბიკარბონატის ნაწილაკების ნარევით (ანუ სოდით), რომელიც მიეწოდება სპეციალური ბუნიკიდან წნევის ქვეშ მაღალი სიჩქარით. ამ შემთხვევაში ხდება კბილის ნადების და ბაქტერიების აპკის მოცილება, მინანქარი პრიალდება და უკეთ ირეკლავს სინათლეს. მაგრამ, კბილებზე ქიმიური ზემოქმედება არ ხდება. უბრალოდ მიიღებთ თქვენს ორიგინალურ ფერს –  განსაკუთრებით თუ თქვენ წლების მანძილზე დიდი რაოდენობით იღებდით ყავას ან თამბაქოს ეწეოდით, უკვე დაგავიწყდათ საკუთარი კბილების ნამდვილი ფერი.

თუ ბუნებრივი ფერი საკმარისად თეთრად არ გეჩვენებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ქიმიურ გათეთრებას. უნდა გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ ირჩევთ შინაურ მეთოდებს, პროცესი ნელა და თანდათან მიმდინარეობს, თითქმის 1 თვე. რეკომენდებული არ არის ძლიერმოქმედი გელების დამოუკიდებლად გამოყენება. ასეთი გათეთრებით თქვენი კბილები გაღიავდება 3-5 ტონით. არსებობს ექსპრეს-მეთოდებიც, მაგრამ არ ღირს ექსპერიმენტების ჩატარება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მგრძნობიარე მინანქარი გაქვთ.

თუ გათეთრება სტომატოლოგის კაბინეტში ტარდება, შედეგებიც რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება. კბილები შეიძლება გაღიავდეს 6-8 ტონით, ხოლო ლაზერული და Zoom-გათეთრების დროს – 8-10 ტონით (ზოგჯერ უფრო მეტიც).

ნებისმიერ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან, რა შედეგები შეიძლება მიიღოთ თქვენი საწყისი მონაცემებით. სტომატოლოგი გიჩვენებთ სავარაუდო მომავალ ფერს მაკეტზე.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.