ორთოპედიული მკურნალობა იმპლანტაციის შემდეგ

ორთოპედიული მკურნალობა იმპლანტაციის შემდეგ

როგორ მიმდინარეობს ორთოპედიული მკურნალობა, თუ პაციენტმა იმპლანტები შემდგომი პროთეზირების მიზნით გაიკეთა? უნდა გახსოვდეთ, რომ კოსმეტიკური ეფექტის გარდა, ორთოპედიული მკურნალობა უზრუნველყოფს კბილთა მწკრივის ანატომიური მთლიანობის აღდგენას და დატვირთვის ადეკვატურ განაწილებას იმპლანტატების ირგვლივ მდებარე ძვლოვან ქსოვილზე.

ფიქსაციის პრინციპის მიხედვით, პროთეზირება იყოფა მოუხსნელადპირობითადმოსახსნელად და მოსახსნელად.

იმპლანტატებზე პროთეზის დამზადება გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების ჩატარებას:

– ანაბეჭდების აღება;

– ცენტრალური ოკლუზიის მდებარეობის განსაზღვრა;

– სამუშაო მოდელის დამზადება;

– ცვილისაგან პროთეზის ლითონის ბაზისის მოდელირება;

– პროთეზის ლითონის ბაზისის ჩამოსხმა;

– ლითონის ბაზისის მორგება მოდელზე და პირის ღრუში;

– ცენტრალური ოკლუზიის განმეორებითი განსაზღვრა ლითონის ბაზისთან ერთად;

– პროთეზის ფერის განსაზღვრა;

– პროთეზის ფიქსაცია;

– ცენტრალური ოკლუზიის მდებარეობის და ქვედა ყბის არტიკულაციური მოძრაობების კონტროლი და კორექცია.

 

მოუხსნელი პროთეზები

კბილთა მწკრივის ზუსტი აღდგენისთვის აუცილებელია ანაბეჭდის აღება. ეს ორ ეტაპად ხდება: ჯერ იღებენ ანაბეჭდს ბაზისური მასალით, შემდეგ კორექტორით. ანაბეჭდის მიხედვით ჩამოასხამენ თაბაშირის მოდელს, რომის სათანადო დამუშავების შემდეგ მიიღებენ ასაწყობ მოდელს. ანაბეჭდის აღების წინ იმპლანტატებზე ამაგრებენ ანალოგ-ნეგატივებს (ტრანსფერებს). შემდეგ იღებენ ორშრიან ანაბეჭდს და ტრანსფერებზე ამაგრებენ ანალოგ-პოზიტივებს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოასხამენ სამუშაო მოდელს, რომელზეც ცვილისგან აკეთებენ პროთეზის კარკასს. კარკასი ჩამოისხმება შესაბამისი ლიტონისგან, მას მოარგებენ, შეირჩევა მომავალი კბილების ფერი. კარკასის კერამიკით ან პლასტმასით მოპირკეთების შემდეგ კვლავ ხდება მიზომება. თუ დეფექტები არ გამოვლინდა, პროთეზს აფიქსირებენ ცემენტით.

პირობითად მოსახსნელი პროთეზები

ასეთი პროთეზები იმპლანტატებზე ხრახნებით ფიქსირდება, ხოლო ხრახნების თავებს შემდგომში დაფარავენ ბჟენით. ამ სახის პროთეზირებისას პროთეზის მოხსნას და გაწმენდას ახდენს ექიმი დანიშნულ ვადებში. პროთეზირების ამ ტიპის დროს ანაბეჭდის აღება შეიძლება როგორც დახურული, ასევე ღია მეთოდით, რის შემდეგაც ჩამოისხმება სამუშაო მოდელი.

პირობითად მოსახსნელი კონსტრუქციების კარკასის დასამზადებლად იყენებენ სპეციალურ ჩაჩებს და ლაბორატორიულ ხრახნებს. ცვილით მოდელირების წინ ანალოგებში ჩაეხრახნება ლაბორატორიული ხრახნები, რომლებსაც ჩამოსხმის შემდეგ მოხსნიან. შედეგად, წარმოიქმნება არხები, რომლებშიც ჩაიხრახნება პროთეზის საფიქსაციო ხრახნები. ლითონის კარკასის ჩამოსხმის შემდეგ ხდება მისი მორგება, უკეთდება მოპირკეთება და აუცილებლობისას, ღრძილის ნიღაბი. პროთეზი ფიქსირდება ხრახნებით, ხდება ოკლუზიის და არტიკულაციის კორექცია და ხრახნები ზემოდან იფარება საბჟენი მასალით.

კომბინირებული პროთეზები

ამ სახის კონსტრუქცია გამოიყენება კბილების ნაწილობრივი დაკარგვის დროს. ცვილის კარკასი მზადდება ისევე, როგორც პირობითად მოსახსნელი პროთეზების დროს. ლითონისგან კარკასის ჩამოსხმის შემდეგ ხდება მისი მორგება და ის მოპირკეთდება კერამიკით ან კერომერით. პროთეზის ცემენტითა და ხრახნებით ერთდროულად ფიქსაციას გარკვეული თავისებურებები აქვს – ხრახნების დაჭერა აუცილებელია იმ გათვლით, რომ ეს მანიპულაცია დასრულდეს ცემენტის გამაგრების მომენტისთვის. შემდეგ ამოწმებენ ოკლუზიას და არტიკულაციას და ხრახნებს ზემოდან დაფარავენ ბჟენით.

მოსახსნელი პროთეზები

თავდაპირველად აიღებენ ანაბეჭდს, ამზადებენ მთლიან მოდელს იმპლანტატების ანალოგებით. ცვილისაგან ამზადებენ ხარიხას, ხდება მისი მოდელირება. ლითონის კონსტრუქციის ჩამოსხმისა და გაპრიალების შემდეგ, მას ამაგრებენ მოდელზე და ამზადებენ ინდივიდუალურ საანაბეჭდო კოვზს. შემდეგ კონსტრუქციას ამაგრებენ პირის ღრუში იმპლანტატების თავაკებზე და იღებენ ერთშრიან ანაბეჭდს, რომლის მიხედვითაც ამზადებენ მეორე სამუშაო მოდელს. ამზადებენ მოსახსნელ პროთეზს. შემდეგ ქმნიან პროთეზის მატრიცულ ნაწილს უშუალოდ პაციენტის პირის ღრუში: მოზელენ პლასტმასას, ამოავსებენ ჩაღრმავებას პროთეზში და პროთეზს აფიქსირებენ პირის ღრუში. როდესაც პლასტმასა გამაგრებას დაიწყებს, პროთეზს მოხსნიან და ზედმეტ ნაწილებს ჩამოაჭრიან.

ჰიგიენა

პირის ღრუს მოვლა მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია. პაციენტის მიერ ჰიგიენის დაცვაზე დამოკიდებულია რამდენ ხანს გაძლებს სტომატოლოგების შრომის შედეგი. ამავდროულად, ექიმები ყველაფერს აკეთებენ პაციენტებისთვის ცხოვრების შესამსუბუქებლად. პროთეზის დამზადების დროს ითვალისწინებენ აუცილებელ პირობებს პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად:

– ხელოვნური კბილების ქვეშ ქმნიან გამოსარეც ზონას იმპლანტატების მიდამოში;

– პროთეზის ლითონისა და პლასტმასის ნაწილებს ხარისხიანად აპრიალებენ;

– პროთეზის საღეჭი ჯგუფის კბილებს აძლევენ ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური საშუალებების იოლად შეღწევას;

– ყბების მნიშვნელოვანი ატროფიის დროს პროთეზს ამზადებენ ე.წ. „ფეხებზე”.

კბილის პროთეზების გაწმენდა ხდება კბილის ჯაგრისით და პაროდონტოზისა და გინგივიტის საპროფილაქტიკო კბილის პასტებით. პროთეზის ღრძილთან მიმდებარე ნაწილებს წმენდენ კბილის “ზღარბუნებით” და ძაფებით.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.