პოლიმერიზაციული სანათების (ჰელიონათურების) გამოყენების წესები

პოლიმერიზაციული სანათების (ჰელიონათურების) გამოყენების წესები

როგორც კანადელი ექსპერტები ამტკიცებენ ახალ კვლევაში, სტომატოლოგების პაციენტები თერაპიული მკურნალობის, კერძოთ კი კბილის დაბჟენის, პროცესში ხშირად იღებენ ან მაღალ ტემპერატურაზე „გამომცხვარ” კბილს, ან არასრულად გამყარებულ საბჟენ მასალას – ყოველივე ამის გამო მკურნალობა უხარისხო რჩება და კბილი აგძელებს დაშლას.

„კვლევის დროს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სხვადასხვა სტომატოლოგის მიერ სანათის გამოყენების მეთოდებს შორის დიდი სხვაობაა. დანტისტების უმრავლესობა თვლის, რომ პოლიმერიზაციული სანათის მინათებით სადღაც რესტავრაციის ახლოს რამდენიმე წამით, ისინი შეძლებენ ხარისხიანად დაამაგრონ რესტავრაცია” – აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა რიჩარდ პრაისმა.

პოლიმერიზაციულ სანათთან მუშაობის პარამეტრებზე მონაცემების შეგროვებისა და გაანალიზებისთვის, ექსპერტებმა გამოიყენეს დოქტორ პრაისის მიერ შემუშავებული სპეციალური სისტემა Measurement Accuracy when Resin Curing (MARC) კბილებზე მოქმედი ენერგიის გასაზომად. MARC წარმოადგენს მანეკენის თავს, კბილებში ჩამაგრებული გადამცემ-სპექტრომეტრებით, რომლებიც მდებარეობენ 1 და 4 მმ სიღრმეზე, რაც საშუალებას იძლევა შევამოწმოთ კომპოზიტის მდგომარეობა რესტავრაციის ზედაპირზე და კარიესული ღრუს ფსკერზე.

კვლევის მონაწილეებმა – 10 პრაქტიკოსმა სტომატოლოგმა და 10 სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტმა MARC-ზე მოახდინეს პოლიმერიზაციული სანათით მუშაობის საკუთარი მეთოდის დემონსტრირება ბჟენების დაყენების დროს. ხელსაწყოებმა დააფიქსირეს, რომ კბილებთან მიტანილი ენერგიის მაჩვენებლები მერყეობდა 2,6-დან 17,4 ჯ/სმ2.

„თუ ენერგიის ძალა 2 ჯოულის ტოლია, საბჟენი მასალა მყარდება მხოლოდ ზემოთ, ქვემოთ იგი რბილი რჩება, თუ 20 ჯოულის ტოლია, მაშინ ფაქტიურად კბილს “წვავთ” – ახდენს შედეგების კომენტირებას დოქტორი პრაისი.

საბჟენი მასალების მწარმოებლები, ძირითადად, გამოყენების ინსტრუქციაში არ მიუთითებენ, სანათის რა პარამეტრებია აუცილებელი კონკრეტულ მასალასთან ოპტიმალურად სამუშაოდ. ექსპერტების დაკვირვებებით, საშუალოდ იგი უნდა იყოს 10 ჯოული.

კვლევების პროცესში დიდი განსხვავება არ აღინიშნა სანათის გამოყენების ტექნიკაში პრაქტიკოს სტომატოლოგებსა და სტუდენტებს შორის, მაგრამ აღინიშნა მნიშვნელოვანი სხვაობა სხვადასხვა პოლიმერიზაციული სანათების მიერ გამოყოფილ ენერგიებსა და 1 და 5 კლასის ღრუებამდე მისულ ენერგიებს შორის.

ექსპერიმენტის მსვლელობისას სტუდენტებს შესთავაზეს Kerr-ის წარმოების სანათის Optilux 401 საშუალებით გაეკეთებინათ ბჟენები მანეკენ MARC-ის 27 კბილზე. მიღებული მონაცემების ანალიზმა გვიჩვენა, რომ სტუდენტების მიერ გამოყენებული სანათის ენერგიის საშუალო მაჩვენებლები იყო 7,9±2,7 ჯ/სმ2, რაც კომპოზიტს რესტავრაციის მთელ სიღრმეზე გამაგრების საშუალებას არ აძლევდა. შეცდომების ანალიზის შემდეგ სტუდენტებს შესთავაზეს მანიპულაციების გამეორება. ამჯერად სტუდენტების უმრავლესობამ აირჩია სინათლის პარამეტრები 10,0±1,4 ჯ/სმ2, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საბჟენი მასალის გამაგრების ხარისხი.

პრაქტიკოსი ექიმებისა და სტუდენტების მუშაობის გაანალიზებისას ექსპერტებმა აღნიშნეს რამდენიმე ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებიც ხელს უშლიან ხარისხიან დაბჟენას, თუნდაც სანათის პარამეტრები სწორად იყოს დაყენებული.

უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება სტომატოლოგების მიერ დამცავი სათვალეების უგულებელყოფას სანათთან მუშაობის დროს. შედეგად, თვალების დასაცავად, ექიმი იძულებულია თავი გვერდზე მიაბრუნოს სანათის ჩართვის შემდეგ, რაც აუცილებლად იწვევს რესტავრაციიდან სანათის ტუბუსის გადახრას.

მეორე გავრცელებული შეცდომაა რესტავრაციის მიმართ სანათის ტუბუსის არაპერპენდიკულარული მდებარეობა  ან ძალიან დიდი დაშორება სანათსა და რესტავრაციას შორის.

როგორც კვლევის ავტორები თვლიან, MARC სისტემა ამჟამად ოპტიმალური შემსწავლელი პროგრამაა სტუდენტების მიერ საბჟენ მასალებთან და პოლიმერიზაციულ სანათებთან მუშაობის ასათვისებლად სხვადასხვა მდებარეობისა და კლასის ღრუების მკურნალობის დროს.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..