რატომ არ აქვთ ცხოველებს კარიესი?

რატომ არ აქვთ ცხოველებს კარიესი?

კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ყოველი ახალი პერიოდი სულ უფრო მეტად აშორებს ადამიანს თავისი საწყისიდან – ველური ბუნებიდან. არადა, სწორედ ველური ბუნებაა ის ადგილი, სადაც ჯერ არ შეუღწევია თანამედროვე ცივილიზაციის მრავალ ისეთ „სიკეთეს”, როგორიცაა დარღვეული ეკოლოგია, ცხოვრების გიჟური რიტმი და სტრესი, არასწორი კვება, სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის კარიესიც. პასუხი კითხვაზე, რატომ არ უჩნდება გარეულ ცხოველებს კარიესი, დაგვეხმარება გავიგოთ, რა უშლის ხელს ჩვენს კბილებს იყვნენ ჯანმრთელნი მთელი სიცოცხლის მანძილზე.

დავიწყოთ იმით, რომ ყველა ცხოველზე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მათ არასოდეს არ ემართებათ კარიესი. დიდი ხანია გამოვლინდა ტენდენცია, რომ ცხოველებში კარიესის განვითარების ალბათობა მით უფრო მეტია, რაც უფრო ახლოს იმყოფებიან ისინი ადამიანთან. კარიესით არ ავადდებიან მხოლოდ ველურ ბუნებაში მცხოვრები ცხოველები, თუმცა ადამიანთან ახლოს მცხოვრებ ვირთხებსა და თაგვებში კი, კარიესი იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება. ყველაზე მეტად კი კბილების დაავადებები აწუხებთ შინაურ და ზოოპარკის ბინადარ ცხოველებს.

რა აქვთ განსაკუთრებული გარეულ ცხოველებს, რაც არ აქვს ადამიანსა და მის შინაურ ცხოველებს? დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ამის მიზეზია გარეული ცხოველების ძლიერი იმუნიტეტი, მათი კბილების განსაკუთრებული აგებულება და ნერწყვის შემადგენლობა. მაგრამ, სინამდვილეში პასუხი შეიძლება სულ სხვა აღმოჩნდეს. ამ სტატიაში განვიხილავთ 2 ძირითად ფაქტორს – კვებასა და ჰიგიენას.

არქეოლოგების კვლევებმა გვიჩვენეს, რომ ათასობით წლის წინ მცხოვრები ადამიანების კბილები კარიესით დაავადებული არ იყო. მას შემდეგ, ადამიანის ყბების ზომებიც ძალიან შეიცვალა, რის გამოც აღარ გვაქვს ზოგიერთი კბილი, ხოლო თანკბილვის პათოლოგია სულ უფრო ხშირად აღინიშნება. ეს პროცესი იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც ადამიანმა შეცვალა თავისი კვების ჩვევები და უმი, მაგარი საკვებიდან გადავიდა რბილ, ადვილად ათვისებად, „სწრაფი” ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებზე. ჩვენი კვების რაციონში ტკბილეულის გაჩენამაც დიდი როლი ითამაშა სტომატოლოგიური დაავადებების განვითარებაში.

გარეული ცხოველების საკვები უფრო ერთფეროვანია, მაგარია და მასში არ არის ტკბილი, მჟავე, ცხიმიანი პროდუქტები, რომელთა უმრავლესობაც აზიანებს კბილებსა და ღრძილებს. ჩვენს შინაურ ცხოველებს კი ვკვებავთ იგივე ადვილად ათვისებადი საკვებით, რომელიც ხშირად ღარიბია ვიტამინებითა და მინერალებით. ჩვენც განვიცდით კალციუმის დეფიციტს, რომელიც ოდესღაც ჭარბი რაოდენობით იყო წყაროს წყალში, ახლა კი იგი შეცვლილია ქიმიურად დამუშავებული წყალკანალის წყლით.

ყველაზე პარადოქსულია მეორე მიზეზი – ჰიგიენა. თქვენ იტყვით: „კი მაგრამ, ეს ხომ გარეული ცხოველებია, ადამიანები კი მიჩვეულნი არიან კბილების გაწმენდას ყოველდღე! კარიესი მათ უნდა ჰქონდეთ და არა ჩვენ!” მაგრამ, მოსაზრება რომ ცხოველები ჰიგიენის წესებს არ იცავენ, მცდარია. მათ ისეთი წესები შეიძლება არ აქვთ, როგორც ჩვენ, მაგრამ კბილებს რეგულარულად იწმენდენ. კბილების ჰიგიენისთვის იყენებენ ხეების ტოტებს, ღეჭენ ფესვებს, მტაცებლებში კბილის ჯაგრისის როლს ასრულებს ნანადირევის ძვლები და ხრტილები, ხოლო ნიანგის კბილებს წმენდს პატარა ჩიტი კოკორი. და ცხოველები ამას აკეთებენ ბუნების მიერ ბოძებული ძლიერი იმუნიტეტის მიუხედავად.

კბილების წმენდის ყველა ეს მეთოდი მიუწვდომელია შინაური ცხოველებისთვის, რომლებიც მთლიანად დამოკიდებულნი არიან ადამიანზე. სწორედ ამიტომ ვითარდება ცხოველთა სტომატოლოგია, ხოლო ძაღლებისთვის იქმნება გამწმენდი თვისებების მქონე სპეციალური საკვები. მაგრამ, პატრონთა უმრავლესობა თავიანთ ცხოველებს მაინც აჭმევს კონსერვებს, რბილ საკვებს და ტკბილსაც კი აჩვევენ.

მაშ ასე, კარიესის განვითარების ორი ძირითადი მიზეზი – ცუდი ჰიგიენა და არასწორი კვება დიდ როლს ასრულებს როგორც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასვე ადამიანის ევოლუციის მთელ ისტორიაშიც. ბევრს ეს ესმის და ცდილობს, დაუბრუნდეს საწყისს, გადავიდეს მზა საკვებიდან უმის ჭამაზე, შეცვალოს თავისი ყოველდღიური ცხოვრების მრავალი ჩვევა. თუმცა, ეს ექიმების დაკვირვების ქვეშ უნდა მოხდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი რაციონის ისეთი ცუდი შედეგები, როგორიც არის კბილების  ცვეთა ან ორგანიზმში ზოგიერთი საკვები ნივთიერების დეფიციტი. იმათთვის, ვინც თანახმა არ არის ასეთ კარდინალურ ზომებზე, რჩევა ერთია: გაამდიდრეთ თქვენი ყოველღიური რაციონი ახალი ბუნებრივი საკვებით და აუცილებლად დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.