რაც უფრო მეტი კბილი გაქვს, უფრო დიდხანს ცოცხლობ

რაც უფრო მეტი კბილი გაქვს, უფრო დიდხანს ცოცხლობ

ჰიპოთეზა, რომ პირის ღრუს დაავადებების მქონე ადამიანები თავიანთ თანატოლებზე უფრო ნაკლებს ცოცხლობენ, დადასტურდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ დასკვნამდე მივიდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მომუშავე მეცნიერები. თითოეული თავისებურად ასაბუთებს კბილების მდგომარეობისა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ურთიერთკავშირს, მაგრამ არსი უცვლელია.

მაგალითად, შვედი მეცნიერები ხანგრძლივი კვლევის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ კბილების დაავადებებთან უშუალოდ არის დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. 12 წლის განმავლობაში კაროლინის უნივერსიტეტის თანამშრომლები აკვირდებოდნენ 7,5 ათასზე მეტ პაციენტს, რომელთა უმრავლესობაც დაავადებული იყო პაროდონტიტით (ეს დაავადება კი იწვევს კბილების დაკარგვას). აღნიშნულ პერიოდში 629 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 47% – გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.

ინტერესს იწვევს შემდეგი: პაციენტებში, რომლებსაც საკუთარი კბილები 10-ზე ნაკლები აქვს, გულის კორონარული დაავადებით (კერძოდ, მიოკარდიუმის ინფარქტით) სიკვდილი 10-ჯერ მეტია იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც აქვთ 25-ზე მეტი საკუთარი კბილი. ეს იმით აიხსნება, რომ ყოველი ანთებითი დაავადება (მაგ., პერიოდონტიტი) იწვევს პირის ღრუში მრავალი ქსოვილის სიკვდილს და აინფიცირებს მთელ ორგანიზმს, უპირველეს ყოვლისა, გულსა და სისხლძარღვებს. აქედან გამომდინარეობს გულის ჯანმრთელობის პირდაპირი კავშირი კბილების მდგომარეობასთან.

შესაძლოა, ახლა გასაგებია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასეთი აქტიურობა სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობის სფეროში. რადგან კარიესის მქონე ადამიანების წილი 100% უახლოვდება, ხოლო პლანეტის მოსახლეობის 15% ღრძილების დაავადებების შედეგად კბილების დაკარგვის რისკის ქვეშაა. ეს ტენდენცია ერთნაირად აღინიშნება როგორც ყველაზე მდიდარ, ისე ყველაზე ღარიბ ქვეყნებშიც. თუმცა, მიზეზები განსხვავებულია: განვითარებულ ქვეყნებში ეს, უპირველეს ყოვლისა, ხდება მასიური მწეველობის გამო, ღარიბ ქვეყნებში კი ფტორის უკმარისობისა და დიდი რაოდენობით მოხმარებადი ტკბილი საკვების გამო.

მაგრამ, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. შესაძლოა, უფრო სარწმუნო იქნება თქვენთვის აშშ-ის ანთროპოლოგთა კვლევის შედეგები, რომლებიც შეისწავლიდნენ დაახლოებით 1 მლნ. წლის წინ მცხოვრები ჩვენი წინაპრების კბილების მინანქარს. რადგან კბილის მინანქარში გარკვეული პერიოდულობით ყალიბდება თავისებური „რგოლები” (ხის რგოლების მსგავსად), მისი სტრუქტურის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, როგორ ვითარდებოდა იგი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში.

აღმოჩნდა, რომ ავსტრალოპითეკები, რომლებსაც ჰქონდათ კბილის მინანქრის რაიმე დეფექტები, სხვებთან შედარებით საშუალოდ 12 წლით ადრე კვდებოდნენ. ხოლო აშშ-ის ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ინდიელების კბილის მინანქრის გამოკვლევამ აჩვენა ანალოგიური სხვაობა სიცოცხლის ხანგრძლივობაში თითქმის 15,5 წლით.

მაგრამ, აი ყველაზე მთავარი: საქმე იმაშია, რომ მინანქრის დეფექტები ბავშვში ყალიბდება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში. ნებისმიერმა უარყოფითმა ზემოქმედებამ (ცუდი კვება, ნერვიულობა, მავნე ჩვევები და ა.შ.) შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის კბილების სერიოზული დეფექტები. უძველესი ადამიანების ნაშთების შესწავლისას ნათელი გახდა, რომ მინანქრის დეფექტები მათ განუვითარდათ ადრეულ ბავშვობაში. მომწიფებულ ასაკამდე მისვლისას, ისინი სხვებზე ადრე კვდებოდნენ. ყოველივე ეს გახდა მორიგი მტკიცებულება ბარკერის თეორიისა, რომელიც ჯერ კიდევ 30 წლის წინ ამტკიცებდა, რომ სიცოცხლის განმავლობაში განვითარებული მრავალი დაავადების ჩასახვა მუცლადყოფნის პერიოდში ხდება.

სწორედ ამიტომ, მზრუნველი მომავალი დედის პირველი ნაბიჯები უნდა იყოს არა მარტო რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან, არამედ მან უნდა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც დაეხმარება მას დაბადოს ჯანმრთელი ბავშვი ჯანმრთელი კბილებით. რადგან ახლა ჩვენ ვიცით, რომ ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.