რა არის ჰემისექცია?

რა არის ჰემისექცია?

ჰემისექცია წარმოადგენს ოპერაციას, რომელიც ტარდება მხოლოდ მრავალფესვიან კბილებზე. ამ დროს ხდება კბილის ერთ-ერთი ფესვის მოცილება მის მიმდებარე გვირგვინოვან ნაწილთან ერთად. ჰემისექციას მიმართავენ მაშინ, როდესაც ინფექცია აზიანებს კბილის მხოლოდ ერთ ფესვს და მისი ენდოდონტიური მკურნალობა შეუძლებელია. ჰემისექცია მიეკუთვნება კბილის შემანარჩუნებელ ოპერაციებს.

თანამედროვე სტომატოლოგიის უმთავრესი მიზანია კბილების მაქსიმალური შენარჩუნება. თუ ადრე სტომატოლოგები ხშირად იღებდნენ კბილებს რთულ შემთხვევებში, ამჟამად ცდილობენ მათ შენარჩუნებას. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, მედიცინა ვითარდება და მკურნალობის რადიკალური მეთოდები ნელ-ნელა წარსულს ბარდება. ჩნდება ახალი პრეპარატები და ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებითაც ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს თავისი კბილები. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური მიზეზებიც. იმპლანტატები ამოღებული კბილების ჩანაცვლების ყველაზე თანამედროვე, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ძვირი მეთოდია. სამწუხაროდ, ამიტომ იმპლანტატები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. აქ მშველელად გვევლინება კბილის შემანარჩუნებელი ოპერაციები, რომელთაგან ერთ-ერთია ჰემისექცია.

რა უნდა ვიცოდეთ ჰემისექციის შესახებ?

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ჰემისექცია შესაძლებელია მხოლოდ მრავალფესვიან კბილებზე. ჰემისექცია არის კბილის ერთი ფესვის ამპუტაცია. დაავადებული ფესვის მიმდებარე გვირგვინის ნაწილიც ასევე ამოიკვეთება.

ჰემისექცია ტარდება იმის გათვლით, რომ დარჩენილი ფესვი გაუძლებს მთელი კბილის დატვირთვას. ეს დიდი რისკია. ამიტომ, არავინ არ მოგცემთ დადებითი და რაც მთავარია, ხანგრძლივი შედეგის გარანტიას. 1-2 წლის შემდეგ შეიძლება კბილი მაინც ამოსაღები გახდეს. ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის.

არიან პაციენტები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ უიმედოდ დაავადებული კბილების შენარჩუნებას. ასეთი მიდგომა საშიშია. თუ რამდენიმე ექიმმა ჩათვალა, რომ დაავადებული კბილი ამოსაღებია, არ ღირს ისეთი ადამიანის ძებნა, ვინც მას განკურნავს. ამ შემთხვევაში ჰემისექციაც არ არის გამოსავალი.

ჰემისექციას მრავალი უკუჩვენება აქვს ამ ოპერაციის არასაიმედოობის გამო. თუმცა, არსებობს ჩვენებებიც.

როდის გამოიყენება ჰემისექცია

ექიმები ხშირად აწყდებიან სიტუაციას, როდეასც კბილის ნაწილი დაზიანებულია ქრონიკული ინფექციით. ძირითადად ეს არხების წარუმატებელი მკურნალობის შედეგია. ხშირად ასეთ შემთხვევებში შეუძლებელია ინფექციის კერამდე მიღწევა, ამიტომ ჩვეულებრივი თერაპიული მკურნალობა უშედეგოა. სწორედ ასეთი კბილის შენარჩუნება შესაძლებელია ჰემისექციის საშუალებით.

 

ჰემისექცია, ასევე, გამართლებულია მოზარდებში. მათში ჩონჩხის ზრდა დასრულებული ჯერ კიდევ არ არის და იმპლანტის ჩადგმა შეუძლებელია. ამიტომ, ჰემისექცია ამ შემთხვევაში კარგი ვარიანტია.

ოპერაცია

ოპერაციამდე საჭიროა დაიბჟინოს ჯანმრთელი ფესვის ან ფესვების  არხები. ეს შეიძლება მოხდეს ოპერაციის დღეს ან უფრო ადრე. შემდეგ, ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ ხდება დაზიანებული ფესვის და მასთან მიმდებარე კბილის გვირგვინოვანი ნაწილის მოცილება. წარმოქმნილ ფოსოს ექიმი ავსებს ოსტეოპლასტიკური მასალით. ბოლოს ჭრილობას ედება ნაკერები.

ოპერაციის შემდეგ პაციენტი უნდა მოერიდოს ფიზიკურ დატვირთვებს, საკვების მიღება არ შეიძლება 2 საათის განმავლობაში. მეორე დღეს ექიმმა პაციენტი უნდა მიიღოს საკონტროლო დათვალიერებაზე. ოპერაციის შემდეგ აუცილებელია რენტგენოლოგიური კონტროლი. საერთო ჯამში, ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდი გრძელდება 1-5 დღე.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.