რისგან შედგება კბილის იმპლანტი?

რისგან შედგება კბილის იმპლანტი?

იმპლანტი არის ხელოვნური ფესვი, ბიოშეთავსებადი და ძალიან მტკიცე მასალისგან დამზადებული.

რა არის იმპლანტი?

თითოეული კბილი შედგება გვირგვინისა და ფესვისგან. გვირგვინი კბილის ხილული ნაწილია, რომელიც საჭიროა საკვების დასაღეჭად. ფესვი ღრძილის ქვეშ მდებარეობს და ამაგრებს კბილს ყბის ძვალში. ხელოვნურ კბილსაც აქვს ფესვი, რომელსაც იმპლანტი ეწოდება. თუ რაიმე მიზეზის გამო თქვენ დაკარგეთ კბილი, იმპლანტი ამჟამად ყველაზე საიმედო და საუკეთესო საყრდენია პროთეზისთვის (ხელოვნური გვირგვინისთვის, ხიდისთვის ან სხვა ორთოპედიული კონსტრუქციისთვის).

თანამედროვე იმპლანტატი ბუნებრივ ფესვზე უფრო მტკიცეა. მან შეიძლება ათწლეულები გაძლოს, რადგან ის ბიოშეთავსებადია ანუ არ გამოძევდება ორგანიზმის მიერ. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იმპლანტი უშუალო შეხებაშია ყბის ძვალთან.

რისგან შედგება იმპლანტები?

იმპლანტსაც აქვს თავისი აგებულება. ის ორი ნაწილისგან შედგება:

1) ფესვის ნაწილი – საკუთრივ იმპლანტი (მდებარეობს ძვალში),

2) აბატმენტი – იმპლანტის ზედა ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საყრდენს ხელოვნური გვირგვინისთვის. ეს ყველაფერი მზადდება ტიტანის ჯგუფის ლითონებისგან.

ტიტანი ყველაზე პოპულარული მასალაა იმპლანტაციისთვის. რით არის ის ასე კარგი? მრავალი წლის მანძილზე ექიმებმა ვერ იპოვეს ადამიანის ორგანიზმთან სრულად შეთავსებადი მასალა. რა აღარ გამოსცადეს: კერამიკა და უჟანგავი ფოლადი, ოქრო და ძვირფასი ქვები. მაგრამ, ყველას თავისი ნაკლი აღმოაჩნდა და ძვალთან მათი შეზრდის ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ იყო.

ძიება 1950 წლამდე გრძელდებოდა, როდესაც შემთხვევითმა აღმოჩენამ გადაატრიალა მედიცინა. შვედმა მეცნიერმა ბრონემარკმა საცდელი ცხოველის ძვალზე დაამაგრა ტიტანის კაფსულაში მოთავსებული ტელეკამერა. მისი ექსპერიმენტის მიზანი არ იყო შეთავსებადი მასალის მოძებნა. ის აკვირდებოდა, როგორ გარდაიქმნება ძვლოვანი ქსოვილი ფარმაცევტული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ. როდესაც კვლევა დასრულდა, მეცნიერმა სცადა ტელეკამერის მოხსნა, მაგრამ ის მტკიცედ იყო ძვალთან შეზრდილი . ეს რევოლუციური აღმოჩენა გახდა მედიცინაში.

მაგრამ მანამდე, ვიდრე ტიტანის გამოყენება დაიწყეს სტომატოლოგიაში, ის უკვე რეკომენდებული იყო იმპლანტოლოგიაში. მაგალითად, გამოიყენებოდა კიდურების პროთეზების დასამზადებლად. სტომატოლოგიაში კი ტიტანი 30 წელია გამოიყენება და დღემდე მასზე უკეთესი მასალა ცნობილი არ არის.

ტიტანი ასევე ძალიან მტკიცეა. ზოგიერთი პაციენტი იმპლანტებზე დამაგრებული კბილის პროთეზებით არა ნაკლებ 25 წელი სარგებლობს.

იმპლანტის სიმტკიცეს და საიმედოობას ასევე უზრუნველყოფს მისი ფორმა. იმპლანტი ჰგავს ხრახნს, რომლის სიგანეც 3,5-5 მმ-ია, სიგრძე – 8-19 მმ.

შეიძლება იმპლანტი გამოძევდეს?

ტიტანი უსაფრთხო მასალაა, მაგრამ თუ იმპლანტაციის ოპერაცია სატანადო დონეზე არ ჩატარდა, ყველაფერი შეიძლება სხვანაირად წარიმართოს.

გამოძევების შესაძლო მიზეზებია:

– არ აღდგა ძვლის ქსოვილი;

– არ იქნა მოცილებული ანთებითი კერები ირგვლივმდებარე ქსოვილებში;

– არასწორად იქნა შერჩეული იმპლანტის სახეობა;

– პაციენტი არ იცავდა ჰიგიენას.

თუ თქვენ კარგ სპეციალისტს მიმართეთ, პრობლემები არ განვითარდება. თანამედროვე მეცნიერებამ სტომატოლოგებს მისცა სისტემა, რომლის საშუალებითაც დამზადებული ხელოვნური კბილები თავისი ესთეტიკური და ფუნქციური მაჩვენებლებით პრაქტიკულად არ განსხვავდებიან ნამდვილი კბილებისგან.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.