როგორ მოვიცილოთ ცუდი სუნი პირიდან? (მეორე ნაწილი)

როგორ მოვიცილოთ ცუდი სუნი პირიდან? (მეორე ნაწილი)

რომელი სავლები დაგვეხმარება პირიდან ცუდი სუნის მოცილებაში

პირის სავლებები, ენის რეგულარული წმენდა, კბილების ჯაგრისი და ძაფი, დაგვეხმარება პირიდან ცუდი სუნის მოცილებაში. მაგრამ, მარტო სავლების იმედად არ უნდა იყოთ და სხვა ღონისძიებებზე უარი არ თქვათ.

პირიდან არასასიამო სუნთან ბრძოლაში გვეხმარება სავლების შემდეგი თვისებები:

1. ანტიბაქტერიული უნარი

თუ სავლებს აქვს ბაქტერიების განადგურების უნარი, ის შეამცირებს ანაერობული ფლორის რაოდენობას პირში. რადგან სწორედ ეს ბაქტერიები გამოყოფენ მყრალი სუნის მქონე აქროლად გოგირდოვან ნაერთებს. რაც უფრო ნაკლებნი იქნებიან ისინი პირში, მით უკეთესი.

2. აქროლადი გოგირდოვანი ნაერთების განეიტრალების უნარი

სავლების შემადგენლობაში შედის კომპონენტები, რომლებიც ანეიტრალებენ აქროლად გოგირდოვან ნაერთებსა და მათ წარმომქმნელ ნივთიერებებს. თუ სავლები მათ შემცველობას ამცირებს, თქვენი სუნთქვა უფრო ჯანსაღი იქნება.

ქვემოთ ჩამოთვლილია პირიდან ცუდი სუნის გამანეიტრალებელი ეფექტის მქონე რამდენიმე ნივთიერება.

1) ქლორის ორჟანგის ან ნატრიუმის ქლორიტის შემცველი სავლებები (ანტიბაქტერიული, ანეიტრალებს აქროლად გოგირდოვან ნაერთებს)

მრავალი სტომატოლოგი თვლის, რომ ქლორის ორჟანგის ან მისი წარმომქმნელი ნივთიერების – ნატრიუმის ქლორიტის შემცველი სავლებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირიდან ცუდი სუნის განეიტრალებაში. ამ მონაცემებით სავარაუდოა, რომ ქლორის ორჟანგს ორმაგი მოქმედება აქვს:

ქლორის ორჟანგი მჟანგავია (ანუ ის გამოათავისუფლებს ჟანგბადს). რადგან პირიდან ცუდი სუნის გამომწვევი ბაქტერიების უმრავლესობა ანაერობია (ანუ ცხოვრობენ უჟანგბადო ადგილებში), მჟანგავი ნივთიერების მოქმედებით ქვეითდება მათი რაოდენობა, რაც ამცირებს ცუდ სუნს.

ქლორის ორჟანგი ასევე მოქმედებს პირში აქროლად გოგირდოვან ნაერთებზეც. ის ანეიტრალებს იმ ნაერთებს, რომელთა გამოყოფაც ბაქტერიებმა უკვე მოასწრეს და ამავდროულად, ანადგურებს ნივთიერებებს, რომლებისგანაც ეს ნაერთები წარმოიქმნება. შედეგად, აქროლადი გოგირდოვანი ნაერთების კონცენტრაცია პირში მკვეთრად ქვეითდება და სუნთქვა ჯანსაღი ხდება.

2) თუთიის შემცველი სავლებები (ანეიტრალებენ აქროლად გოგირდოვან ნაერთებს)

კვლევებმა გვიჩვენეს, რომ თუთიის იონების შემცველი სავლებები ამცირებენ აქროლადი გოგირდოვანი ნაერთების კონცენტრაციას. სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია თუთიის იონების უნართან, გაანადგურონ ის ნივთიერებები, რომლებისგანაც ბაქტერიები გოგირდოვან ნაერთებს წარმოქმნიან.

3) ანტისეპტიკური სავლებები (ანტიბაქტერიული)

ანტისეპტიკური სავლებები ასევე კარგად ანეიტრალებენ პირიდან ცუდ სუნს. ამ პროდუქტების მოქმედების ეფექტურობა დაკავშირებულია აქროლადი გოგირდოვანი ნაერთების წარმომქმნელი ბაქტერიების განადგურების უნართან, ამ ნაერთების განადგურება კი არ შეუძლიათ.

მრავალი სტომატოლოგის აზრით, ანტისეპტიკური სავლებები საუკეთესო არჩევანი არ არის. ეს მოსაზრება დაკავშირებულია ამ სავლებებში დიდი რაოდენობით ალკოჰოლის შემცველობასთან (დაახლოებით 25%). ალკოჰოლი ძლიერი დესიკანტია (გამაუწყლოებელი) და აშრობს პირის რბილ ქსოვილებს, პირის სიმშრალე კი შეიძლება გახდეს პირიდან ცუდი სუნის ერთ-ერთი მიზეზი.

4) ცეტილპირიდინის ქლორიდის შემცველი სავლებები (ანტიბაქტერიული)

ცეტილპირიდინის ქლორიდი (cetylpyridinium chloride) ზოგჯერ შედის პირის სავლებების შემადგენლობაში. მას აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება და აქვეითებს ანაერობული ბაქტერიების რაოდენობას.

 

გვეხმარება თუ არა პირიდან ცუდი სუნის მოცილებაში პიტნის ტაბლეტები, კანფეტები, წვეთები, სპრეი და საღეჭი რეზინი?

პიტნის ტაბლეტები, კანფეტები, წვეთები, სპრეი, საღეჭი რეზინი და ა.შ. პირიდან ცუდი სუნის მოცილების ყველაზე ეფექტური საშუალებები არ არის. თუმცა, ენის და კბილების რეგულარულ გაწმენდასთან ერთად ამ პროდუქტების გამოყენება დადებითი იქნება, განსაკუთრებით თუ ისინი შეიცავენ აქროლადი გოგირდოვანი ნაერთების გამანეიტრალებელ ნივთიერებებს.

პიტნის ტაბლეტები, კანფეტები და საღეჭი რეზინი ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას. ნერწყვი კი წმენდს პირის ღრუს ბაქტერიებისა და მათი გამონაყოფისგან და აქრობს ცუდ სუნს პირში.

როგორ გამოვიყენოთ სავლები მაქსიმალური ეფექტის მისაღებად

პირში ცუდი სუნის წარმომქმნელი ბაქტერიები ცხოვრობენ კბილებზე, ღრძლებზე, ენაზე და მათ ირგვლივ დაგროვებული თეთრი ნადების ზედაპირზეც და სიღრმეშიც. ანტიბაქტერიული სავლები ვერ აღწევს ამ ნადების სიღრმეში. ამიტომ, პირის ღრუს გამოვლების წინ საჭიროა რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ნადების მოცილება ენის მოფხეკით და კბილების გაწმენდით. ამ პროცედურების შემდეგ პირში სავლების გამოვლებით მოცილდება დარჩენილი ბაქტერიები.

სავლები პირში კარგად უნდა გამოივლოთ. გამოვლების შემდეგ გადმოაფურთხეთ სავლები. ბავშვებში სავლები არ გამოიყენება, რადგან მათ შეიძლება ის შემთხვევით გადაყლაპონ.

როგორ გავიწმინდოთ პროთეზები

პროთეზის დაყენების შემდეგ ექიმმა უნდა აგიხსნათ მათი სწორად გაწმენდის წესი. ბაქტერიები პროთეზზეც ისევე გროვდებიან, როგორც ბუნებრივ კბილებზე, ენაზე და ღრძილებზე. ექიმი პროთეზის გარეთა და შიგნითა ნაწილების გაწმენდას გირჩევთ ჩვეულებრივი კბილის ან სპეციალური ჯაგრისით. გაწმენდის შემდეგ პროთეზი უნდა მოთავსდეს ანტისეპტიკური ხსნარის შემცველ კონტეინერში (ხსნარს გირჩევთ სტომატოლოგი).

პირიდან ცუდი სუნის მოცილების რომელი ღონისძიებების ჩატარება შეიძლება დამოუკიდებლად

დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი

დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის მიღება ამცირებს პირიდან ცუდ სუნს. წყლის დეფიციტის დროს ორგანიზმი ცდილობს მის შეკავებას, მცირდება ნერწყვის წარმოქმნა და ის ნაკლები ეფექტურობით ჩამორეცხავს ცუდი სუნის წარმომქმნელ ბაქტერიებს.

ქსეროსტომიის (პირის ქრონიკული სიმშრალე) მქონე პაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით წყლის მიღება.

გამოივლეთ პირში წყალი

წყლის პირში გამოვლება დაგეხმარებათ მცირე დროით შეამციროთ პირიდან ცუდი სუნი. გამოვლება ასევე ხსნის და ჩამორეცხავს ბაქტერიების გამონაყოფს.

გააძლიერეთ ნერწყვის გამოყოფა

ეს ასევე დაგეხმარებათ პირიდან ცუდი სუნის შემცირებაში. ნერწყვის გამოყოფის გაძლიერების მარტივი მეთოდია რაიმეს ღეჭვა. ღეჭვის დროს ორგანიზმს ჰგონია, რომ საკვებს იღებს და ზრდის ნერწყვის გამოყოფას (ნერწყვი მნიშვნელოვანი კომპონენტია საკვების მონელების დროს). შეიძლება კამას, პიტნის ან ოხრახუშის დაღეჭვა.

ნერწყვის გამოყოფას აძლიერებს პიტნის ტაბლეტები, კანფეტები და საღეჭი რეზინი. მაგრამ, ამ პროდუქტების გამოყენების დროს დარწმუნდით, რომ ისინი შაქარს არ შეიცავენ. შაქარი ხელს უწყობს კარიესის გამომწვევი ბაქტერიების ზრდას.

დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ

ანაერობული ბაქტერიები გამოყოფენ აქროლად გოგირდოვან ნაერთებს ცილების მოხმარების შედეგად. ხორცის, თევზის ან ცილებით მდიდარი ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ, კარგად გაიწმინდეთ პირი, რომ ცილოვანი საკვების უმცირესი ნაწილაკები საკვებ გარემოდ არ იქცეს ანაერობული ბაქტერიებისთვის.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.