საიდან ჩნდებიან და რითი იკვებებიან „კარიესული მონსტრები“

საიდან ჩნდებიან და რითი იკვებებიან „კარიესული მონსტრები“

ახალშობილის პირის ღრუ არ შეიცავს მავნე ბაქტერიებს. მათ ბავშვს „ჩუქნის” დედა, როდესაც სინჯავს საკვების ტემპერატურას, ვიდრე ბავშვს აჭმევს ან გალოკავს იატაკზე დავარდნილ საწოვარას. ქალის პირში მცხოვრები ბაქტერიები ნერწყვთან ერთად, თავისუფლად გადაადგილდებიან ბავშვის პირში, სადაც იწყებენ თავიანთ დამანგრეველ მუშაობას. ამიტომ ექიმები დედებს ურჩევენ, ბავშვის საკვები გასინჯონ ერთი კოვზით და საკვებად გამოიყენონ მეორე სუფთა კოვზი, ძირს დავარდნილი საწოვარა ან სათამაშო კი ადუღებული წყლით გარეცხონ.

ბავშვის პირის ღრუში მოხვედრილ მიკროორგანიზმებს სჭირდებათ კომფორტული საარსებო გარემო და საკვები. ამ თვალსაზრისით კარგი საკვებია რძე. რძეში შემავალი შაქარი მავნე ბაქტერიებისთვის ენერგიის საუკეთესო წყაროა. ამიტომ ტრადიციული 1 ბოთლი თბილი რძე საღამოს, რომლისგანაც ბავშვი მალე მშვიდდება და იძინებს, შეიძლება სარძევე კბილების კარიესის ერთ-ერთი მიზეზი გახდეს. იგივე ეხება დედის რძეს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დედის რძით ქაოსურმა, ურეჟიმო კვებამ შეიძლება კარიესის პროვოცირება მოახდინოს. საქმე იმაშია, რომ ხანმოკლე, მაგრამ ხშირი და უსისტემო კვება ბავშვის პირის ღრუს საშუალებას არ აძლევს სრულად გაიწმინდოს წინა კვების რძის ნარჩენებისგან, რაც იწვევს კბილებზე ნადების გაჩენას, რომელშიც ცხოვრობენ ბაქტერიები. ექიმები გვირჩევენ შევიმუშავოთ სისტემა, რომელშიც კვებას შორის შუალედები საკმარისი იქნება საკვების ნარჩენებისგან ბავშვის პირის ღრუს გასაწმენდად.

კარიესის „მეგობარია” ხილის წვენი. მასაც შეუძლია კბილების დაშლის პროვოცირება, განსაკუთრებით, თუ თქვენი ბავშვი მიეჩვია მის სმას დღის განმავლობაში. ხილის მჟავების გარდა, რომლებიც არბილებენ კბილების მინანქარს, წვენი შეიცავს შაქარს. ასეთი თანხვედრა მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვის კბილების კარიესით დაზიანების შანსს. ამის ასაცილებლად, სცადეთ წვენის შეცვლა გადადუღებული წყლით, რომელიც არ შეიცავს შაქარს და პირის ღრუს გაწმენდის საუკეთესო საშუალებაა.

ბავშვის პირის ღრუს მექანიკური წმენდა ბაქტერიებისგან შეიძლება დაიწყოთ მაშინ, როდესაც ამოვა პირველი კბილი. საჭიროა რბილი ხელსახოცით რეგულარულად, ფრთხილად ბავშვის ღრძილების მასაჟი. შედეგად უმჯობესდება მათი სისხლმომარაგება და ამასთანავე მათ მოვაცილებთ საკვების ნარჩენებს. ეს პროცედურა ასევე ბავშვს აჩვევს კბილების გაწმენდის პროცესს, რის შედეგადაც იგი ადვილად მიეჩვევა კბილების დამოუკიდებლად წმენდას კბილის ჯაგრისით.

კარიესთან ბრძოლის ეს „მოზრდილი” პერიოდი შეიძლება დაიწყოს, როდესაც ბავშვს 3 წელი შეუსრულდება. კბილები ამოსულია, რაციონი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დროა დავიწყოთ კბილის ჯაგრისის გამოყენება. მაღაზიაში შეიძინეთ ისეთი კბილის ჯაგრისი, რომელიც თავად ბავშვს მოეწონება, მით უმეტეს, რომ ამჟამად ჯაგრისების საკმაოდ დიდი არჩევანია. კბილების გაწმენის პროცესი პატარასთვის საინტერესო თამაში უნდა იყოს და არა მოსაწყენი აუცილებლობა და მაშინ მას ვერანაირი „კარიესის მონსტრი” ვერ შეაშინებს.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..