საღეჭი რეზინის პატარა ფირფიტაც კი ხარისხიანად უნდა გაკეთდეს

საღეჭი რეზინის პატარა ფირფიტაც კი ხარისხიანად უნდა გაკეთდეს

უილიამ რიგლი დაიბადა 1861 წლის 30 სექტემბერს ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი). მისი მამა, უილიამ-უფროსი ადგილობრივი მაშტაბებით საკმაოდ მსხვილი მეწარმე და საპონ „რიგლი სკორინგით” მოვაჭრე იყო და მონდომებით ჩართო შვილი საქმეში. ბიჭი არ ეწინააღმდეგებოდა და სიამოვნებით ყიდდა საფირმო საპონს იმის მაგივრად, რომ სკოლაში ევლო და გაკვეთილები ესწავლა. შედეგად, უილიამმა სკოლა დაამთავრა 13 წლის ასაკში, ჩამორჩა თანატოლებს, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობაში ასეთი დიდი გამოცდილება არავის არ ჰქონდა. ბიჭმა იგრძნო, რომ ვაჭრობა, ბიზნესი მისი სტიქიაა. მამის მაღაზიაში ის თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში და თავისი ფურგონით დადიოდა უახლოეს ქალაქებში მყიდველებთან შესახვედრად.

1891 წელს უმცროსი უილიამი გადადის ჩიკაგოში, რომ გახსნას საკუთარი ბიზნესი და იწყებს თავისი საპნის „რიგლი სკორინგის” გაყიდვას, მაგრამ ნიჭიერი გამყიდველის ანუ თანამედროვე ენაზე, მენეჯერის ალღომ უკარნახა, რომ თავისი საქონლის მარტო უპირატესობებზე საუბარი ცოტაა – აუცილებელია ისეთი რამის მოფიქრება, რაც დამატებითი სტიმული გახდება მისი საქონლის შესაძენად.

მაშინ უილიამსს თავში მოუვიდა იდეა, დაერიგებინა ბონუსები მყიდველებისთვის, რომლებიც მის საპონს შეიძენდნენ. საჩუქარი იყო ცომის გამფაშრებელის შეფუთვა. მალე უილიამი ხვდება, რომ სასაჩუქრე გამფაშრებელზე უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე საპონზე და გადაერთო მის გაყიდვაზე. ახალი პროდუქტის გასაყიდად უილიამმა ბონუსების იგივე სისტემა გამოიყენა: ახლა გამფაშრებელს საღეჭი რეზინის რამდენიმე ფირფიტა მოჰყვებოდა. სიტუაცია განმეორდა, საღეჭი რეზინა დიდი პოპულარობით სარგებლობდა მყიდველებში და რიგლიმ განახორციელა მორიგი და როგორც აღმოჩნდა, ფინალური როქი და დაიწყო საღეჭი რეზინის წარმოება.

პირველი Wrigley’s Spearmint

ბიზნესმენის ალღოთი რიგლი ხვდება, რომ ამჯერად მან ნამდვილად ბედნიერი ბილეთი ამოიღო და არ უშვებს თავის შანსს. Wrigley-ს მარკით გამოსულ პირველ საღეჭ რეზინებს ეწოდებოდა Lotta და Vassar, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო მოდიფიკაცია იყო ცნობილი Juice Fruit, რომელიც 1893 წელს გამოვიდა. მცირე ხნის შემდეგ მოგვიანებით გამოვიდა Wrigley Spearmint.

ამ საღეჭი რეზინების დღევანდელი პოპულარობის მიუხედავად, იმ დროს ინდუსტრიის მომავალ გიგანტს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. არა მარტო უილიამ რიგლიმ შეაფასსა ახალი პროდუქტის პოტენციალი. აშშ-ში იმ დროს გახსნილი იყო საღეჭი რეზინის წარმოებისა და გაყიდვის რამდენიმე საწარმო და შესაძლოა რიგლის კომპანიაც სხვათა მსგავსად წარსულს ჩაბარებოდა, რომ არა მისი მფლობელის თანდაყოლილი ტალანტი და ენთუზიაზმი. სერიოზული კონკურენციისა და კომპანიის ფინანსური კრახის მუდმივი საშიშროების მიუხედავად, მისტერ რიგლი აგრძელებდა მუშაობას, მოგზაურობდა მთელ ქვეყანაში და სულ ახალ-ახალ საცალო და საბითუმო მყიდველებს პოულობდა. მისი ენთუზიაზმი და აქტიური ქმედებები გადამდები იყო ყველასთვის, მის საწარმოში მომუშავე ადამიანების ჩათვლით. ამის გამო, ახალი კომპანია არათუ არ დაიხურა, არამედ გააგრძელა ზრდა და განვითარება.

წარმოების წარმატებაში დიდი როლი ითამაშა რეკლამამ. კომპანიის დაარსების პირველივე დღიდან უილიამ რიგლიმ რეკლამა გამოიყენა, როგორც პოტენციური მყიდველების მოზიდვის წყარო. ის ასე მსჯელობდა, რომ თუ მყიდველებს ეცოდინებათ მისი პროდუქტი, მათ მისი ყიდვა მოუნდებათ; საცალო მყიდველებს შორის პროდუქტზე მოთხოვნა მაღაზიების მფლობელებს აიძულებს არა მარტო მუდმივად შეიძინონ მისი საღეჭი რეზინის პარტიები, არამედ მოიმარაგონ კიდეც. სწორედ ეს გათვალა რიგლიმ და არც შემცდარა. მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში მასირებულმა რეკლამამ, ბანერებმა ქუჩებში, ფასდაკლებისა და ახალი პროდუქციის შესახებ მუდმივმა აქციებმა საღეჭი რეზინა Wrigley ცნობადი და საოცრად პოპულარული გახადა. მოსახლეობაში პროდუქციის პროპაგანდის პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობდა შეფუთვის, პროდუქციის გემოსა და მისი წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფაზე.

1914 წელს გამოვიდა Wrigley’s Doublemint. აღნიშნული პროდუქტის რეკლამის სახე იყო წყვილი ნივთები. ერთნაირ ქუდებში გამოწყობილი ტყუპი დების ეს ორი პოსტერი შექმნა Otis Shepard-მა, რომელიც კომპანია Wrigley-ში არტ-დირექტორად მუშაობდა 1932-1962 წლებში.

მაგრამ, უილიამ რიგლისთვის ცოტა იყო ამერიკის დაპყრობა. ის ოცნებობდა, რომ Wrigley-ს საღეჭი რეზინის შესახებ მთელ მსოფლიოს გაეგო და მან ეს შეძლო. 1910 წელს აშენდა საღეჭი რეზინის წარმოების პირველი ფაბრიკა აშშ-ის გარეთ – კანადაში. მოგვიანებით საწარმოები გაიხსნა სხვა ქვეყნებშიც: დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში. 2008 წლისთვის უკვე 15 ფაბრიკა არის აშენებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

თუმცა, ეს ყველაფერი მოგვიანებით იყო, მანამდე კი 1940-იან წლებში წარმოების მორიგი ვარდნა მოხდა, რაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან იყო დაკავშირებული. ამ მომენტისთვის უილიამ რიგლი ცოცხალი აღარ იყო. ის გარდაიცვალა 1932 წელს და „რეზინის იმპერია” გადასცა შვილს ფილიპს. ახლა მას უნდა დაემტკიცებინა, რომ ღირსი იყო მამის საქმეს გაძღოლოდა.

უპირველეს ყოვლისა, რიგლიმ დაიწყო საღეჭი რეზინის მსხვილი პარტიების მიწოდება ფრონტზე. საღეჭი რეზინა ჯარისკაცებს ეხმარებოდა კონცენტრირებაში, ნერვული დაძაბულობის მოხსნაში და უბრალოდ, პოსტზე სიფხიზლეში. თუმცა, მალე მწვავედ დადგა აუცილებელი ინგრედიენტების შესყიდვის საკითხი, ისინი საკმარისი არ იყო ასეთი რაოდენობით პროდუქციის წარმოებისთვის. სიტუაციის დასტაბილურება შესაძლებელი იქნებოდა, თუ რიგლი პროდუქციის ხარისხს დაწევდა და ზოგიერთ შემადგენელს უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ვარიანტებით შეცვლიდა ან საერთოდ უარს იტყოდა დეფიციტური ელემენტების დამატებაზე. მაგრამ, ფილიპმა მტკიცედ აითვისა მთავარი წესი, რომელიც უილიამ რიგლის დაეხმარა იმპერიის აშენებაში: „ისეთი პატარა პროდუქტიც კი, როგორც საღეჭი რეზინაა, უნდა ფლობდეს უნაკლო ხარისხს”.

როგორც თავისი მამის ნამდვილი შვილი, ფილიპი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს – ის აგრძელებს არმიისთვის ტრადიციული Wrigleys წარმოებას, ხოლო მოქალაქეებისთვის უშვებს „ომის პერიოდის საღეჭ რეზინას”, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ Orbit-ის სახელით. ის იმ დონეზე არ იყო დამზადებული, რომ Wrigley-ს სახელწოდება მიეღო და ფილიპმა პატიოსნად გააფრთხილა ამის შესახებ მოხმარებლები. თუმცა, ასეთმა სვლამაც დიდი ხნით ვერ უშველა მდგომარეობას. მალე რიგლის ქარხნები მთლიანად გადავიდა შაქრიანი, „ომის პერიოდის საღეჭი რეზინის” წარმოებაზე, რომელსაც აწვდიდნენ არმიაშიც და მაღაზიებშიც. ეს სახეობა წარმოებიდან მოიხსნა მხოლოდ 1946 წელს. ამ დრომდე ეს იყო მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი საღეჭი რეზინა.

Wrigley’s Spearmint, Doublemint და Juicy Fruit-ის შესახებ მხოლოდ რეკლამა ახსენებდა, რომელიც ფილიპმა დაამზადა, ვარაუდობდა რა, რომ ადამიანებმა შეიძლება ისინი დაივიწყონ ომის პერიოდში. ეს იყო მორიგი წარმატებული სვლა – დიდმა ბილბორდმა Wrigley’s Spearmint-ის საღეჭი რეზინის ცარიელი კოლოფით და წარწერით „გახსოვდეთ ეს შეფუთვა!” თავისი საქმე გააკეთა. რეკლამა-მოგონების შეხედვისას მომხმარებლებში გაჩნდა გარკვეული ასოციაცია: საღეჭი რეზინა Wrigley=მშვიდობიან დროს, წარსული ბედნიერების ნოსტალგიას. როდესაც 1946 წელს Wrigley-ს საღეჭი რეზინების წარმოება განახლდა, მათ კიდევ უფრო მეტი პოპულარობა შეიძინეს.

Orbit-იც დაბრუნდა წარმოებაში, ოღონდ სხვა ხარისხით. 1976 წელს კომპანიამ კვლავ აღმოაჩინა მსოფლიოსთვის Orbit-ი, როგორც უშაქრო საღეჭი რეზინი. მანაც ასევე თავისი თაყვანისმცემლები შეიძინა მთელ მსოფლიოში და უკვე 20 წელზე მეტია სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერია.

1920 წელს კომპანიის დამაარსებლის, უილიამ რიგლი-უმცროსის მიერ აშენებული Wrigley-ს ოფისის შენობა ჩიკაგოს ერთ-ერთი სიმბოლოა.

ფილიპ რიგლი გარდაიცვალა 1977 წელს და მმართველობა გადასცა შვილს უილიამს, მან კი თავის მხრივ, თავის შვილს, კომპანიის დამაარსებლის შვილთაშვილს, რომელსაც ასევე უილიამი ჰქვია.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.