სედაცია სტომატოლოგიაში

სედაცია სტომატოლოგიაში

ადამიანების უმრავლესობამ უკვე იცის, რომ სტომატოლოგია მტკივნეული არ არის. სპეციალისტები იყენებენ უნიკალურ საანესთეზიო და სედაციურ პრეპარატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომფორტულ მკურნალობას და უარყოფითად არ მოქმედებენ ორგანიზმზე. ჩვენს სტატიაში დაწვრილებით მოგითხრობთ სედაციაზე: რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა და რით გამოირჩევა იგი ტრადიციული ნარკოზისგან.

სედაცია – ეს არის ზედაპირული ძილი, რომელიც გულისხმობს ნებისმიერ მომენტში პაციენტის გაღვიძების შესაძლებლობას. სრული მოდუნებისკენ მიმართული ღონისძიებების კომპლექსი უზრუნველყოფს პაციენტის დამშვიდებას სტომატოლოგიური მანიპულაციის განმავლობაში. პროცედურა ტარდება სპეციალური სედაციური საშუალებებით და ტრადიციულ ანესთეზიასთან ერთად არის ნარკოზის მშვენიერი ალტერნატივა. ზოგადი ნარკოზისგან სედაცია ძირითადად განსხვავდება შემდეგით:

– არ ხდება ყლაპვის, ხველისა და სხვა რეფლექსების დათრგუნვა. ეს უზრუნველყოფს სტომატოლოგიური მკურნალობის სრულ უსაფრთხოებას.

– პაციენტი გონებაზეა ანუ ექიმს შეუძლია სრულად აკონტროლოს მისი მდგომარეობა. უფრო მეტიც, ზედაპირული ძილიდან ადამიანის გამოყვანა ძალიან ადვილია.

– წინამდებარე პუნქტი განსაზღვრავს სედაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას: მოდუნებულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს შეუძლია ექიმთან ურთიერთობა.

ზოგჯერ შიშისა და ემოციური განცდების გამო პაციენტს უჭირს თავისი პრობლემის ფორმულირება. პაციენტის შინაგანი დაძაბულობა ართულებს მკურნალობას. სედაციის საშუალებით შესაძლებელია ფსიქოლოგიური ბარიერის მოხსნა ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ჯანმრთელობას. ფსიქოლოგიური ფაქტორის გარდა, დიდ როლს თამაშობს ჰემოდინამიკური ცვლილებები ადამიანის ნერვიულობის დროს. ტაქიკარდიისა და მომატებული არტერიული წნევის გამო ზოგჯერ ექიმი იძულებულია შეცვალოს მკურნალობის სქემა.

როგორ ტარდება სედაცია?

მედიკამენტური სედაციის ჩატარების წინ უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, კოაგულოგრამა, ეკგ, ანალიზები შიდსზე, HbsAg (B ჰეპატიტზე), HCV (ციტომეგალოვირუსზე), Rw (სიფილისზე). ეს საჭიროა პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ძირითადად, პროცედურისთვის ზოგადი მომზადება ხორციელდება უშუალოდ სტომატოლოგიურ კლინიკაში. პაციენტებს ასევე ურჩევენ არ მიიღონ საკვები და სასმელი სედაციამდე 4 სთ-ით ადრე. თვით პროცედურა გულისხმობს პრემედიკაციის ჩატარებას – ვენაში შეყავთ საძილე პრეპარატი მცირე დოზით. ძირითადად, პაციენტები გრძნობენ საერთო სისუსტეს, დაძაბულობის მოხსნას, ერთი სიტყვით, მათ ეხსნებათ სტომატოლოგიურ სავარძელში დიდხანს ჯდომასთან დაკავშირებული ნებისმიერი დისკომფორტი.

პაციენტის მდგომარეობის გასაკონტროლებლად ექიმი რთავს კარდიომონიტორს – იგი არეგისტრირებს პულსს, სუნთქვას, იღებს ეკგ-ს. ზედაპირული ძილის მდგომარეობაში ადამიანი ადეკვატურად აღიქვამს ექიმის თხოვნებს მოატრიალოს თავი, გააღოს პირი – ანუ მკურნალობის პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ადგილობრივი ანესთეზია ტარდება, როდესაც პაციენტს უკვე სძინავს. საჭიროების შემთხვევაში, ანესთეზიოლოგი ინტრავენური კათეტერით ამატებს საძილე პრეპარატს თანაბარი ძილის უზრუნველსაყოფად.

ყველა პროცედურის ჩატარების შემდეგ პაციენტს გონზე მოსასვლელად სჭირდება 30-60 წთ. ეს დრო მან შეიძლება გაატაროს კლინიკაში სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ. ოპერაციის შემდეგ არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება, კვების რეჟიმის მხრივ შეზღუდვები არ არის. სედაციის შემდეგ, აგრეთვე, მიზანშეწონილი არ არის ავტომობილის მართვა, რადგან მოდუნებული მდგომარეობა გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნებულია: შენელებულია ყველა რეაქცია. პაციენტები, ძირითადად, სტომატოლოგიურ კლინიკას ტოვებენ თანმხლებ პირებთან ერთად – ეს უსაფრთხო და კომფორტულია.

როდის გამოიყენება მედიკამენტური სედაცია?

ძირითადი ფაქტორი რა თქმა უნდა არის პაციენტის სურვილი, ჩაიტაროს უსაფრთხო და კომფორტული სტომატოლოგიური მკურნალობა. სპეციალისტები გვირჩევენ, სედაციას მივმართოთ იმ შემთხვევებში, როდესაც სტომატოლოგიურ სავარძელში 1 სთ-ზე მეტი დროის განმავლობაში გვიწევს ყოფნა. ძირითადად, ეს არის ქირურგიული მანიპულაციები ჰაიმორის წიაღებზე და სხვა დიდი მოცულობის ოპერაციები. ორთოპედიული მკურნალობა, რომელიც შეიძლება 12 სთ გაგრძელდეს, ასევე საჭიროებს სედაციას. სამედიცინო ჩვენებებია: ფსიქიატრიული დაავადებები, ალერგიული რეაქციები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამ შემთხვევებში ორგანიზმზე სედაციური ზემოქმედების შესაძლებლობა და საანესთეზიო პრეპარატების გამოყენება განიხილება ინდივიდუალურად.

ამჟამად, სპეციალისტები აქტიურად იყენებენ სედაციას პროთეზირების, იმპლანტაციის დროს და ქირურგიულ სტომატოლოგიაში. თანამედროვე სედაციური პრეპარატები აბსოლუტურად უსაფრთხოა – მათ არ აქვთ ნარკოტიკული ზემოქმედება და არ იწვევენ მიჩვევას. გარდა ამისა, ოპერაციის დროს კარდიომონიტორისა და სხვა აღჭურვილობის საშუალებით სრულად კონტროლდება პაციენტის მდგომარეობა, რაც გამორიცხავს ნებისმიერ გართულებას.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

ntal�_.e0�� ��� a>  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.