ფოსფორი – სიცოცხლის ელემენტი

ფოსფორი – სიცოცხლის ელემენტი

ფოსფორი (P) – დედამიწის ქერქის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ელემენტია. მისი შემცველობა ქერქის მასის 0,08-0,09%-ია. მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო თავისუფალ მდგომარეობაში არ გვხვდება, წარმოქმნის დაახლოებით 190 მინერალს. ფოსფორს დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეთა ყველა ნაწილი, ნაყოფი და თესლი. ფოსფორი შედის ცილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანული ნაერთების შემადგენლობაში. არის სიცოცხლის ელემენტი.

ფოსფორის ნაერთები ყველა ცოცხალ უჯრედშია. ეს ელემენტი მონაწილეობს ადამიანის ჩონჩხის ჩამოყალიბებაში, ამაგრებს კბილებს. კბილის ქსოვილში ის არის კალციუმის ფტორფოსფატის შემადგენლობაში, რომელიც კბილს სიმტკიცეს ანიჭებს. ამიტომ, მინერალური ელემენტების სწორი ბალანსი ადამიანის ორგანიზმს იცავს კარიესის განვითარებისგან. ფოსფორის ნაერთების ცვლა ორგანიზმში რეგულირდება D ვიტამინითა და ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონებით. თავის მხრივ, კალციუმი კარგად შეიწოვება, თუ ორგანიზმში ფოსფორი საკმარისი რაოდენობით არის. მაგრამ, ფოსფორის სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში იწვევს კალციუმის გამოდევნას ძვლებიდან. ფოსფორის რაოდენობა სხეულის წონის 1-1,5% შეადგენს.

ფოსფორზე ორგანიზმის მოთხოვნილება საკმაოდ დიდია (კალციუმზე მეტიც კი): მოზრდილი ადამიანისთვის 1,5-2 გ დღეში, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის – 3-3,8 გ დღეში, ბავშვებისთვის – 1,5-2,5 გ დღეში.

ადამიანის ორგანიზმში ფოსფორის ნაერთები:

უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს;

მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში (აგროვებენ ენერგიას);

მონაწილეობს გულის კუნთისა და თირკმლების მოქმედებაში;

მონაწილეობს კუნთოვანი და გონებრივი აქტიურობის პროცესებში;

აკონტროლებს ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;

არეგულირებს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას.

ფოსფორის სიჭარბე იწვევს მოწამვლას, რომელიც ხასიათდება ძლიერი ტკივილებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ქრონიკული მოწამვლა გამოიხატება ნივთიერებათა არასწორ ცვლაში, განსაკუთრებით ძვლოვან ქსოვილში. ფოსფორის დეფიციტი იწვევს კბილების დაშლას, პაროდონტოზს, სახსრებისა და ძვლების დაავადებებს, დარღვევებს ნერვული სისტემის მხრივ, ენერგეტიკულ დეფიციტს (გამოვლინდება სისუსტით, მოდუნებით, ადვილად დაღლით). ბავშვებში ვითარდება რაქიტი.

ფოსფატების სახით ფოსფორი შედის ნუკლეოტიდებისა და ნუკლეინის მჟავების (დნმ და რნმ) შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ კოდირებისა და გენეტიკური ინფორმაციის შენახვის პროცესებში.

ფოსფორი ადამიანის ორგანიზმში შემცველობის მხრივ მე-6 ადგილზეა ჟანგბადის, წყალბადის, ნახშირბადის, აზოტისა და კალციუმის შემდეგ და არეგულირებს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ სასიცოცხლო პროცესს.

ფოსფორის შემცველობა საკვებ პროდუქტებში (P, მგ/100გ): შემწვარი საქონლის ხორცი – 250; მოუხდელი რძე – 93; მოხარშული ლობიო – 37; შემწვარი ვირთევზა – 274; ხორბლის პური – 254; კარტოფილი – 53; ვაშლი – 10; ქათმის კვერცხი – 205; ხორბლის ქატო – 1200; მდნარი ყველი – 1030; შირბახტი (ქუნჯუთი, სეზამი) – 720; ნუში – 550; ღვიძლის პაშტეტი – 450; ქათმის თეთრი ხორცი – 310; გოგრის თესლი – 1144; ყაბაყის თესლი – 1144; მზესუმზირას თესლი – 837; ხაჭო – 152; ბროკოლი – 78; ფინიკი – 63.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.