ყველას შეუძლია იმპლანტებით პროთეზირება?

ყველას შეუძლია იმპლანტებით პროთეზირება?

ხშირად დაავადებული კბილის გადარჩენა ვერ ხერხდება, ხოლო პროთეზირება მოუხსნელი კონსტრუქციების გამოყენებით და მეზობელი კბილების პრეპარირებით შეუძლებელია სამედიცინო ჩვენებების გამო ან არ სურს პაციენტს. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია კბილების იმპლანტაცია. მისი საშუალებით თავიდან ავიცილებთ ძვლის გაწოვას და ყბის ძვლის ატროფიას, რომელიც აუცილებლად მოხდება ერთი ან რამდენიმე კბილის დაკარგვის დროს. იმპლანტაცია ასევე საჭიროა მოსახსნელი პროთეზების აუტანლობის, ფუნქციური ოკლუზიის, ადენტიის და კბილთა მწკრივის ბოლო კბილების დაკარგვის დროს. ასეთ სიტუაციებში დაკარგულ კბილებს აღადგენენ ზედა ან ქვედა ყბის ძვლოვან ქსოვილში იმპლანტების ჩამაგრებით, რომლებზეც შემდგომ დააყანებენ აბატმენტებს და ხელოვნურ გვირგვინებს. თვითონ იმპლანტები თავისებური ხელოვნური კბილის ფესვებია. ისინი წარმოადგენენ ბიოშეთავსებადი ტიტანისგან ან კერამიკისგან დამზადებულ ხრახნებს, რომლებიც ჩაინერგება ძვლოვან ქსოვილში და საყრდენს ქმნიან სხვადასხვა პრთოპედიული კონსტრუქციებისთვის. კბილების იმპლანტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მშვენიერი კოსმეტიკური შედეგი – კარგად იმპლანტირებული კბილი ბუნებრივისგან განურჩეველია.

თანამედროვე იმპლანტოლოგიით ხდება კბილთა მწკრივის მთლიანობის უმტკივნეულოდ აღდგენა ჯანმრთელი კბილების ტრავმირების გარეშე. კბილის იმპლანტატები ხშირად გამოიყენება ხიდისებრი პროთეზების საყრდენად ან მოსახსნელი პროთეზის საფიქსაციოდ. იმპლანტებით შეიძლება ნებისმიერი საკვების მიღება და გადაღეჭვა ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე.

დენტალური იმპლანტაციის სახეობები და მეთოდები

პაციენტის ყბა-კბილთა აპარატის აგებულების ანატომიური თავისებურებების და მისი კბილების მდგომარეობის მიხედვით გამოიყენება იმპლანტაციის სხვადასხვა სახეობები:

– ძვალშიდა,

– ძვალშიდა-ძვლისსაზრდელასქვეშა,

– კბილშიდა-ძვალშიდა,

– ძვლის გავლით,

– ძვლისსაზრდელასქვეშა,

– ლორწოვანშიდა

– ლორწოვანქვეშა.

კბილების იმპლანტატები ასევე განსხვავდებიან იმპლანტაციის ტიპით, იმპლანტატის ფორმით (ცილინდრული, ხრახნისებრი ან მილისებრი), მასალით და ოპერაციის ჩატარების მეთოდით (ერთ- ან ორეტაპიანი). ორეტაპიანი მეთოდი უფრო პოპულარულია, „კლასიკური”, ითვალისწინებს თავდაპირველად იმპლანტის მხოლოდ ფესვის ნაწილის დამაგრებას, რის შემდეგაც ღრძილს გაკერავენ. გადამყვანი, ე.წ. აბატმენტი და კბილის გვირგვინოვანი ნაწილი მაგრდება რამდენიმე თვის შემდეგ – საშუალოდ 6 თვეში. ერთმომენტიანი იმპლანტაციის დროს პროთეზირებას იწყებენ რამდენიმე დღეში. თუმცა, ხშირად კლინიკური სიტუაცია ერთმომენტიანი იმპლანტაციის ჩატარების საშუალებას არ იძლევა და კბილის გვირგვინოვანი ნაწილი მაგრდება 4-5 თვის შემდეგ. უმრავლეს შემთხვევაში, სტომატოლოგები გვირჩევენ ორეტაპიან იმპლანტაციას, რადგან ის ტარდება ძვლოვანი ქსოვილის საჭირო გარდაქმნის შემდეგ, რაც ზრდის იმპლანტის შეზრდის შანსებს.

ოპერაციისთვის მომზადება

იმპლანტაციის პროცედურის წინ ექიმი აფასებს ყველა ჩვენებასა და უკუჩვენებას. ოპერაციამდე აუცილებლად ტარდება პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა და სანაცია, კეთდება ორთოპანტომოგრამა და კომპიუტერული ტომოგრაფია, პაციენტი აბარებს აუცილებელ ანალიზებს. სამედიცინო უკუჩვენებებისა და საკმაოდ მაღალი ფასის გარდა, გამოხატული ნაკლი იმპლანტაციას არ აქვს. აბსოლუტური სამედიცინო უკუჩვენებებია სისტემური ქრონიკული დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონული დაავადება, ძვლოვანი სისტემის დესტრუქციული დაავადებები, ცენტრალური ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. შედარებითი უკუჩვენებებია ქრონიკული პაროდონტიტი, ბრუქსიზმი, თანკბილვის პათოლოგია და პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა, ასევე თამბაქოს მოხმარება.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.