ყველაფერი კბილის გვირგვინების შესახებ

ყველაფერი კბილის გვირგვინების შესახებ

კბილის გვირგვინები ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ეფექტური და გავრცელებული მოუხსნელი პროთეზებია. ამ სტატიაში განვიხილავთ, როდის გამოიყენება გვირგვინები, მათ უარყოფით მხარეებს, რისგან მზადდება, როგორ მაგრდება და რამდენ ხანს ძლებს.

როდის გამოიყენება გვირგვინები

ჩვენი კბილები იდეალური არ არის. მათ აზიანებს ბაქტერიები და დიდი დატვირთვა. ისინი შეიძლება მოტყდეს, გაიბზაროს, შეიცვალოს ფერი და დაზიანდეს კარიესით. როდესაც კბილის გადარჩენა ჩვეულებრივი ბჟენით უკვე შეუძლებელია (დიდი ნაწილის დაშლის გამო), იყენებენ კბილის გვირგვინებს.

კბილის გვირგვინი გამოიყენება ძლიერ დაშლილი კბილების აღსადგენად. ის არის ერთგვარი ჩაჩი, რომელიც მთლიანად ფარავს კბილის გარეგან ნაწილს ყველა მხრიდან და მაგრდება სპეციალური ცემენტით. გვირგვინი ლაბორატორიაში მზადდება ანუ პაციენტის პირის ღრუს გარეთ და ზუსტად შეესაბამება თქვენს თანკბილვას.

კბილის გვირგვინები აღადგენენ დაშლილი კბილის ფუნქციას, ფორმას, ამაგრებენ კბილს და აუმჯობესებენ მის გარეგან შესახედაობას.

გვირგვინების ნაკლი

გვირგვინებს აქვთ მნიშვნელოვანი ნაკლი – კბილის მოქლიბვა გვირგვინის ქვეშ. ეს კეთდება იმიტომ, რომ გვირგვინს აქვს თავისი სისქე. მის ქვეშ საჭიროა ადგილის გათავისუფლება. ამ მიზნით გადასაკრავ კბილს ქლიბავენ 0,3-1,7 მმ-ზე, რაც შეესაბამება გვირგვინის საშუალო სისქეს.

გვირგვინის კიდევ ერთი ნაკლი შეიძლება გახდეს ღრძილის გაღიზიანება. გვირგვინის უცხო მასალასთან შეხებისას შესაძლებელია ღრძილის ანთება. მაგრამ ექიმებმა გამოსავალი იპოვეს: კბილის ყელის მიდამოში კეთდება საფეხური, რომელზეც თავსდება გვირგვინის კიდე. შედეგად ის მჭიდროდ არ ეხება ღრძილს. თუ გვირგვინი ან მისი კიდე ფაიფურის არის, გაღიზიანება საერთოდ არ იქნება.

რისგან მზადდება გვირგვინები

ძირითადად, გამოიყენება ლითონის, ლითონ-კერამიკული და კერამიკული გვირგვინები.

ლითონის გვირგვინები

გვირგვინების ყველაზე ძველი მასალაა ლითონი. სულ ცოტა ხნის წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ოქროს და ფოლადის გვირგვინები. ისინი ესთეტიკური არ არის, მაგრამ მრავალი ადამიანი ამჟამადაც იკეთებს ლითონის გვირგვინებს, განსაკუთრებით უკანა კბილებზე. ეს ძირითადად უფროსი ასაკის ადამიანებს ეხება.

ასეთი მასალის არჩევანზე მოქმედებს ჩვევა ან ტრადიცია და ფასიც. ლითონის გვირგვინები, ოქროსიც კი, კერამიკისა და ლითონ-კერამიკის გვირგვინებზე იაფია, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მზადდებიან გამოჭედვის მეთოდით. გამოჭედილი გვირგვინებისთვის გამოიყენება სტანდარტული ყალიბები – ჰილზები. ისინი ერგება კბილს პირის ღრუში ცემენტზე ფიქსაციამდე. არის მთლიანსხმული გვირგვინებიც. ისინი სპეციალურ ღუმელებში ჩამოისხმება ინდივიდუალური ცვილის მოდელების მიხედვით.

ლითონის გვირგვინების კიდევ ერთი დადებითი მხარეა სისქე – 0,2-0,3 მმ. ამიტომ კბილის დიდზე მოქლიბვა საჭირო არ არის.

ლითონკერამიკული გვირგვინები

ლითონ-კერამიკაში შერწყმულია ლითონის სიმტკიცე და კერამიკის ესთეტიკა. მათი დაყენება წინა კბილებზეც შეიძლება. კარგად დამზადებული ლითონ-კერამიკული გვირგვინები  გარეგნულად პრაქტიკულად არ განსხვავდება ბუნებრივი კბილებისგან. კარკასისთვის შეიძლება კობალტ-ქრომის ან ოქროს შენედნობების გამოყენება. მაგრამ, ლითონ-კერამიკულ გვირგვინებსაც აქვთ ნაკლი – ისინი ძალიან ცვეთენ მოპირდაპირე კბილებს, რომელსაც ეთანასოვნებიან ღეჭვის დროს.

კერამიკული გვირგვინები

ხალხში მათ ფაიფურის გვირგვინებს უწოდებენ. კერამიკული გვირგვინები ჩამოთვლილ გვირგვინებს შორის ყველაზე ესთეტურია. ისინი ყველაზე მეტად ჰგავს ნამდვილ კბილს, ნახევრად გამჭვირვალეა ბუნებრივის მსგავსად, რადგან არ შეიცავენ ლითონს. მაგრამ ეს ამავდროულად უარყოფითიც არის – კერამიკულ გვირგვინებს დანარჩენების მსგავსი სიმტკიცე არ აქვთ.

გვირგვინების დაყენება

ექიმთან კონსულტაციისა და გვირგვინის მასალის შერჩევის შემდეგ, ექიმი დაზიანებულ კბილზე დაამაგრებს დროებით გვირგვინს, ვიდრე მუდმივი დამზადდება.

მანამდე კბილს მოქლიბავენ გვირგვინის სისქეზე (0,3-1,7 მმ). ამ პროცედურის ჩატარებისას ზოგჯერ საჭიროა გაუტკივარება.

შემდეგ კბილებიდან იღებენ ანაბეჭდს, რომ კბილის ტექნიკოსმა დაამზადოს გვირგვინი, რომელიც ზუსტად შეესაბამება ბუნებრივი კბილების და თანკბილვის ყველა ინდივიდუალურ თავისებურებას, არ შეუშლის ხელს მეზობელ და ანტაგონისტ კბილებს.

დროებითი გვირგვინი მზადდება პლასტმასისგან, მაგრდება დროებით ცემენტზე. ის საჭიროა კბილის დასაცავად გამღიზიანებლებისგან და ღიმილის ესთეტიკის შესანარჩუნებლად (განსაკუთრებით წინა კბილების შემთხვევაში).

მე-2-3 ვიზიტზე ექიმი ხსნის დროებით გვირგვინს და ამაგრებს მუდმივს. ჯერ პაციენტს უჩვენებს, როგორ იქნება გვირგვინი კბილზე. დადებითი შეფასების შემდეგ, ექიმი გვირგვინს ამაგრებს მუდმივ ცემენტზე.

რამდენ ხანს ძლებს გვირგვინები

გვირგვინების ვარგისიანობის ვადას ძირითადად მასალა განსაზღვრავს. ფოლადის გვირგვინები ყველაზე მტკიცეა, კერამიკის – ყველაზე სუსტი. საშუალოდ, გვირგვინმა უნდა გაძლოს 5-15 წელი, თუ თქვენ იცავთ მარტივ წესებს: ნელა ღეჭავთ საკვებს, იშვიათად მიირთმევთ მაგარ საჭმელს, ზედმიწევნით იცავთ პირის ღრუს ჰიგიენას, 6 თვეში 1-ჯერ ეწვევით სტომატოლოგს.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.