ყველაფერი, რაც არ იცოდით კბილის პასტის ტუბზე

ყველაფერი, რაც არ იცოდით კბილის პასტის ტუბზე

მცირე ისტორია

ჩვენ გვგონია, რომ კბილის პასტა ყოველთვის ტუბებში ინახებოდა, თუმცა ეს ასე არ არის. პირველი, კრემისმაგვარი კბილის პასტა იფუთებოდა ქილებში, თუმცა მისი გამოყენება მოუხერხებელი იყო. მინის ქილები ადვილად სხლტებოდა სველი ხელიდან და ტყდებოდა; საკმაოდ ბევრი პროდუქტი რჩებოდა ტარის ფსკერზე და შეუძლებელი იყო მისი ამოღება; ქილები ჰიგიენური არ იყო, რადგან პასტის ამოსაღებად ყოველთვის ჩაყოფდნენ კბილის ჯაგრისს ქილაში, მასთან ერთად კი აღწევდნენ მიკროორგანიზმები. პირველად კბილის პასტის ტუბში შეფუთვა დაიწყო კომპანია Colgate-ის მფლობელმა უილიამ კოლგეიტმა და ამ მომენტიდან რბილ ტუბებში მოთავსებულმა კბილის პასტამ მთელი მსოფლიო დაიპყრო.

ტუბი

ტექნიკურ ენაზე ტუბი ეწოდება ერთჯერად სამომხმარებლო ტარას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ადვილად დრეკადი კორპუსი, ხუფით დახურული ვიწრო ყელი და ფსკერი, რომელიც ირჩილება ავსების შემდეგ. ტუბების დასამზადებლად გამოიყენება ლითონი, პლასტმასა, ლამინატი.

ტუბის კორპუსის მასალას კარგი ბარიერული თვისებები უნდა ჰქონდეს, უნდა იყოს ინერტული შეფუთული პროდუქციის მიმართ, უზრუნველყოს კორპუსის საჭირო სიმტკიცე და ჰერმეტულობა, კარგად დამუშავდეს, საიმედოდ შეინარჩუნოს საფარველი და დეკორაციული პოლიგრაფიული გაფორმება და რაც მთავარია, ადვილად დეფორმირდეს ადამიანის თითებით მცირედი ზეწოლისას. გარდა ამისა, ტუბებს აქვთ სხვა უპირატესობებიც:

– შიგთავსის მრავალჯერადი ამოღების შესაძლებლობა ნებისმიერი ადვილად დოზირებადი რაოდენობით;

– რამდენიმე ატმოსფერომდე წნევის გაძლება.

– ტუბის გარეკანი, ლითონი, პლასტიკატი თუ ლამინატი, იცავს შიგთავსს ბაქტერიებისგან, წყლისგან, ჟანგბადისა და სინათლისგან, ხელს უშლის პროდუქტის აქტიური შემადგენელი ნივთიერებების დაკარგვას.

ამავდროულად, ტუბი არა მარტო მოხერხებული და ეკონომიური ერთჯერადი ტარაა, არამედ ყველაზე მარტივად დოზირებადიც. საწარმოო დანახარჯებით ტარის ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე იაფია. არც ერთი სხვა სახის შეფუთვას არ შეუთავსებია ეს ფუნქცია ასე მარტივად და ეფექტურად.

არ არსებობს ისეთი პასტისმაგვარი პროდუქტი, რომლის შეფუთვაც ტუბში შეუძლებელი იყოს, მაგრამ სწორედ კბილის პასტისთვის არის ტუბი ყველაზე მოსახერხებელი.

როგორ გამოიყურება ტუბი?

ტუბი შედგება თავისგან, რომლის ვიწრო ყელიც გადადის წაკვეთილი კონუსის ფორმის მქონე მხარში და თხელკედლიანი მილის ფორმის კორპუსში, რომლის ერთი ბოლოც უერთდება თავის მხარეს, მეორე კი ღიაა. ტუბების ყელს ცილინდრული ან კონუსისებური გარეთა ზედაპირი აქვს, შეიცავს სტანდარტული ზომის ხრახნს. კონუსური ყელის თავისებურებაა ის, რომ თავსახური ნახევარ ბრუნზე ეხრახნება. ყელის ხვრელი მრგვალია და აუცილებლობის დროს, ჰერმეტულად არის დახურული თხელი მემბრანით, რომელიც კორპუსზეა მიწებებული. ასეთი მემბრანა შეფუთულ პროდუქციას იცავს გადაზიდვის პროცესში და გარემოსთან (ჰაერთან) კონტაქტისგან, ასევე შიგთავსის ჩუმად გამოყენებისგან.

ტუბის თავის ყელი გადადის მხარში, რომელსაც წაკვეთილი კონუსის ფორმა აქვს 25-350 დახრილობით. მხარი უკავშირდება თხელკედლიან კორპუსს. ტუბის კორპუსს ცილინდრული ფორმა აქვს ან წარმოქმნის ქვემოთ 1-20 კუთხით გაფართოვებად კონუსურ ზედაპირს.

რისთვის არის საჭირო ბუშონი?

ფრანგები სიტყვაში „ბუშონ” გულისხმობენ ბოთლის საცობს, მაგრამ შესაფუთ საქმეში ამ სიტყვამ უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და ნიშნავს ჩვეულებრივ ხუფს სხვადასხვა ტუბებისთვის, რომელიც მჭიდროდ ეხურება ან ეხრახნება ვიწრო ყელის გარეთა ზედაპირს.

ხუფი მზადდება მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის, პოლიპროპილენის ან პოლისტიროლისგან, წნევის ქვეშ ჩამოსხმის მეთოდით, სხვადასხვა შეფერილობით. გარეგნული ფორმით ყველაზე ხშირად გამოყენებადი ხუფები შეიძლება დავყოთ კონუსურად და ცილინდრულად, გლუვი და  დაღარული ზედაპირით, ფიგურული, ასევე „ფლიპ-ოფ” ხუფები გადასაწევი თავსახურით.

ხუფის ღარებიანი ზედაპირი ორ ფუნქციას ასრულებს: დეკორატიულს და პრაქტიკულს – სველი თითებიდან პატარა ხუფი არ გაგივარდებათ. მას შემდეგ, რაც ხუფს კარგად დაიჭერთ თითებით, დაახურეთ პასტის ტუბს. ამისათვის ტუბის ყელზე არის სპეციალური ხრახნი. იგი შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს გაკეთებული. პროფესიონალები განასხვავებენ მეტრულ, კონუსურ და მრავალბრუნიან ხრახნს, რომელიც უზრუნველყოფს ხუფის სწრაფ დამაგრებას მეოთხედ ან ნახევარ ბრუნზე.

ერთი ზოლი, ორი ზოლი

ზოლიანი კბილის პასტით კბილების გაწმენდა უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვეულებრივი თეთრით. წითელი, ლურჯი, მწვანე ზოლები. მაგრამ როგორ შევავსოთ ტუბი ისე, რომ ფერები არ შეერიოს და ტუბიდან გამოსვლისას პასტა ისევ ზოლიანი დარჩეს?

ამისათვის გამოიყენება სპეციალური პლასტმასის დგმული – ინსერტი, რომელიც თავსდება ტუბის წინა ნაწილში და უზრუნველყოფს მისგან ფერადი შიგთავსის გამოსვლას. ინსერტი არის ტუბის ყელში ჩადგმული პოლიმერული მილი. ამ მილის შიგნით არის სიგრძივი არხები, რომლებიც დახრილი ხვრელებით უერთდებიან ტუბის ღრუს ყელის მხარში გადასვლის ადგილზე. შეფუთვის პროცესში ასეთი ტუბი ჯერ ივსება ფერადი პასტით მილის ქვედა ტორსის დონემდე, შემდეგ – ძირითადი პასტით სრულ მოცულობამდე და იხურება. ტუბზე ზეწოლის დროს ძირითადი პასტა ყელში გამოდის ამ მილის ღერძის ხვრელიდან, ფერადი კი ამ დროს მოეწოდება ამავე მილით დახრილი გვერდითი ხვრელებიდან, ედება სიგრძივი ფერადი ხაზების სახით ძირითადი პასტის ზედაპირზე და მას მიმზიდველ გარეგან სახეს აძლევს.

ვავსებთვხურავთ

ტუბები კბილის პასტით ივსება ტუბის ამვსები ავტომატებით კორპუსის ღია ბოლოდან, რის შემდეგაც იგი ჰერმეტულად იხურება.

ლითონის ტუბები ამ ავტომატებში ცალობით მიეწოდება და ვერტიკალურად დგება სატრანსპორტო მექანიზმის ბუდეში ღია ბოლოთი ზევით, შემდეგ ბრუნვით დგება საჭირო მდგომარეობაში, რომელიც ტუბის დეკორატიული პოლიგრაფიული გაფორმების დროს მის ბოლოზე გაკეთებული სპეციალური ნიშნულით განისაზღვრება. შემდეგ ავტომატი ტუბს ავსებს დოზატორიდან მოწოდებული კბილის პასტით. როდესაც ტუბი სეივსება, იგი იხურება ფალცური შეერთებით. კორპუსის ბოლოები შემჭიდროვდება, რამდენჯერმე გადაიკეცება და საბოლოოდ მიერჩილება ფალცური მექანიზმის ტუჩებით.

ამის შემდეგ, სპეციალური შანთით ტუბის ბოლოზე კეთდება დაღი, რომელზეც ასახულია პასტის ვარგისინობის და დამზადების ვადა, პარტიის ნომერი. პროდუქტი უკვე ჰერმეტულად და მჭიდროდ არის შეფუთული და მზად არის გაყიდვაში გასაშვებად. თანამედროვე ტუბის შემავსებელ ავტომატებს შეუძლიათ დაახლოებით 2400-8400 ტუბის შევსება 1 საათში.

რა საერთოა კბილის პასტასა და ტუბოტელიას შორის

ტუბოტელისტები არიან ადამიანები, რომლებიც აგროვებენ კბილის პასტის ტუბებს. ტუბი შეიძლება იყოს სავსე ან ცარიელი. ერთადერთი პირობაა, რომ შეფუთვა დაჭყლეტილი არ უნდა იყოს, ამიტომ კოლექციონერები ფრთხილად იღებენ კბილის პასტას ტუბიდან და ამისთვის სპეციალურ ხელსაწყოებს იყენებენ.

განსაკუთრებით ძვირფასია XX საუკუნის დასაწყისის კბილის პასტის ყველაზე პირველი ტუბები, მაგრამ ტუბოტელისტები თანამედროვე ნიმუშებსაც აგროვებენ, განსაკუთრებით კი უნიკალურს. მაგალითად, შეცდომით გაყიდვაში გამოვიდა კბილის პასტა Aquafresh-ის ტუბები წარწერით „toth paste”. ამ წარწერამ ასეთი ეგზემპლარის ღირებულება მომენტალურად 2000 დოლარამდე ასწია.

dentalworld.ru
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.