შიშის დაძლევის რევოლუციური მეთოდი!

შიშის დაძლევის რევოლუციური მეთოდი!

მაღალხარისხიანი საბავშვო სტომატოლოგიური დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელია პირობების შექმნა, რომლებშიც ბავშვი თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს. ბავშვის დაძაბულობა და შიში სტომატოლოგს ხელს უშლის მუშაობაში და ხშირად შეუძლებელსაც კი ხდის მას.

მშობლები ხშირად უსვამენ შეკითხვას ექიმს: „შეიძლება კბილების მკურნალობა ნარკოზის ქვეშ? ბავშვს ძალიან ეშინია”.

პასუხი ერთია: ნარკოზი ანუ ზოგადი გაუტკივარება (ცნობიერების გათიშვა) ბავშვის ორგანიზმზე ძალიან ძლიერად მოქმედებს და აქვს გვერდითი ეფექტებიც.

ყველაზე საუკეთესო თანამედროვე ბავშვთა სანარკოზე პრეპარატმა სევორანმაც (სევოფლურანი) კი შეიძლება გამოიწვიოს გულისა და სუნთქვის დოზადამოკიდებული დათრგუნვა; სევორანით (სევოფლურანი) ნარკოზის დროს ასევე აღინიშნა ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა და ღვიძლის ნეკროზიც კი და ა.შ.

ამიტომ, ნარკოზის გამოყენება უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო ჩვენებით და თუ ბავშვისთვის ნარკოზის ჩატარება საჭირო არ არის, უმჯობესია არ გამოვიყენოთ.

თანამედროვე სტომატოლოგიაში პატარა პაციენტებს აქვთ სტომატოლოგიური დახმარების მიღების  მშვენიერი შესაძლებლობა ნარკოზის გარეშე, პროგრესული და უსაფრთხო მეთოდის – ჟანგბადისა და აზოტის ქვეჟანგის ნარევით სედაციის გამოყენებით.

აზოტის ქვეჟანგი მოტკბო სუნის ინერტული აირია, რომელიც ჟანგბადთან ნარევში იწვევს უსაფრთხო სედაციას – ფსიქიკის განსაკუთრებულ სიმშვიდეს. ბავშვთა სტომატოლოგიაში ევროპისა და აშშ-ის საუკეთესო კლინიკებში აზოტის ქვეჟანგით („მალხენი აირი”) სედაცია ტარდება კარიესის მკურნალობის ან კბილების ამოღების შემთხვევათა 80%-ში.

ბავშვს ცხვირზე უმაგრებენ არომატიზებულ ნიღაბს, რის შემდეგაც სპეციალური აპარატიდან მიეწოდება 100% ჟანგბადი აზოტის ქვეჟანგის თანდათან დამატებით (ოპტიმალური თანაფარდობა: ჟანგბადი 70%, აზოტის ქვეჟანგი – 30%). სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების შემდეგ, აზოტის ქვეჟანგი სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან 100% ჟანგბადის 5-10 წთ-ით ჩასუნთქვის შემდეგ. ბავშვს მკურნალობის დროს შეიძლება არ ეძინოს, მაგრამ მშვიდად არის, არ ეშინია და ექიმს მკურნალობის ჩატრების საშუალებას აძლევს. აზოტის ქვეჟანგს დამატებით აქვს ანალგეზიური ეფექტი, თუმცა ადგილობრივ გაუტკივარებას არ გამორიცხავს.

სედაციის უპირატესობა

ტექნოლოგია უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის; აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი; აადვილებს მკურნალობის პროცესს; ხსნის დაძაბულობასა და მოუსვენრობას; პაციენტი გონებაზეა, შენარჩუნებულია ყველა ბუნებრივი რეფლექსი, ნორმალურად სუნთქავს; აქვს მოტკბო სასიამოვნო არომატი; არ იწვევს მიჩვევას; ადვილად გამოდის ორგანიზმიდან.

ბავშვთა პრაქტიკაში აზოტის ქვეჟანგის გამოყენების ჩვენებებია:

1. სტომატოლოგიური ჩარევის წინ შიშის მოხსნა, ძირითადად, 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

2. სტომატოლოგთან პირველი მკურნალობა, რის შედეგადაც ყალიბდება „არასაშიში მკურნალობის” სტერეოტიპი.

3. მომატებული ღებინების რეფლექსი.

4. ტრავმული ჩარევა (ადგილობრივი ანესთეზია, კბილის ამოღება, კარიესული ღრუს დამუშავება).

5. ხანგრძლივი მკურნალობა.

აზოტის ქვეჟანგით სედაციის უკუჩვენებებია:

1. ბავშვის ძლიერი შიში სტომატოლოგთან მკურნალობისგან მიღებული უარყოფითი გამოცდილების შემდეგ და როდესაც არ სურს ექიმთან კონტაქტი.

2. ბავშვის ძალიან პატარა ასაკი, როდესაც მზად არ არის თანამშრომლობისთვის.

3. ფსიქიკური დაავადებები და ინტელექტუალური დარღვევები, როდესაც ბავშვს ვერ მოველაპარაკებით.

4. ცხვირით სუნთქვის დარღვევა (ადენოიდები, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები), როდესაც ბავშვი პირით სუნთქავს და ცხვირის ნიღაბს ვერ გამოიყენებს.

5. სავსე კუჭი, რადგან შესაძლებელია გულისრევისა და ღებინების განვითარება. საკვების ბოლო მიღებიდან სედაციამდე გასული უნდა იყოს სულ მცირე 2 სთ.

6. ჰიპერაგზნებადობა, რადგან არის სედაციაზე პარადოქსული რეაქციის განვითარების ალბათობა. გარკვეული გამოცდილების მქონე ექიმი აანალიზებს ბავშვის ქცევას კონსულტაციის დროს და შეუძლია განსაზღვროს, როგორი ზემოქმედება ექნება აზოტის ქვეჟანგს პაციენტზე.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.