დანტისტის ისტორია, რომელიც მეფე გახდა

დანტისტის ისტორია, რომელიც მეფე გახდა

1970 წელს ექიმი სტიუარტ ნორდსტრომი თავის პაციენტებს იღებდა სან-დიეგოს (კალიფორნია) პატარა სტომატოლოგიურ კაბინეტში და უბრალოდ კარგი დანტისტი იყო. შესაძლოა, მას მთელი თავისი ცხოვრება ამ კაბინეტში გაეტარებინა და ხალხს დახმარებოდა სტომატოლოგიურ პრობლემებთან გამკლავებაში, რომ არა ერთი შემთხვევა, რომელმაც არა მარტო მისი ცხოვრება შეცვალა, არამედ განსაზღვრა მთელი მიმართულება სილამაზის ინდუსტრიაში.

ერთხელ, დოქტორ ნორდსტრომთან მივიდა ქალი, რომელიც უჩიოდა კბილის ტკივილს. დათვალიერების შემდეგ დოქტორმა დაადგინა კარიესი და კაბინეტშივე დაიწყო საბჟენი მასალის კომპონენტების შერევა. სპეციფიკური სუნი რომ იგრძნო, პაციენტმა, რომელიც პროფესიით მანიკურის სპეციალისტი იყო, აღნიშნა რომ ეს სუნი მას ძალიან აგონებს იმ შემადგენლობის სუნს, რომლითაც იგი ფაიფურის ფრჩხილებს ამოდელირებს და „აწებებს” მოტეხილ ნატურალურ ფრჩხილებს. სხვა ვერსიით, ქალმა უთხრა, რომ ის უკვე დიდი ხანია მუშაობისას იყენებს სტომატოლოგების არსენალიდან ზოგიერთ მასალას. როგორც არ უნდა ყოფილიყო, პაციენტი დანტისტიდან ახალი ბჟენით წავიდა, ექიმს კი მოსვენებას არ აძლევდა ჩვეულებრივი მასალის ახალი სახით გამოყენების იდეა.

ამ დღიდან, დღისით სტომატოლოგი და ღამით ქიმიკოსი, სტიუარტი საკუთარ ავტოფარეხში ატარებდა ექსპერიმენტებს, რომელთა შედეგადაც ნახევარი წლის შემდეგ მიიღო შემადგენლობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა კოსმეტოლოგიაში – ეს იყო ლაქი SolarNail, პირველი თხევადი ჯვარედინი მონომერი, რომელიც ფრჩხილებს დიდ სიმტკიცესა და დრეკადობას ანიჭებდა. ვიდრე ოფიციალურად დაიწყებდა ახალი პრეპარატის გაყიდვას, სტომატოლოგმა იგივე ქალბატონს შესთავაზა ამ შემადგენლობის გამოცდა, ასევე რამდენიმე ბოთლი მიიტანა უახლოეს კოსმეტოლოგიურ ცენტრში.

ფურორმა, რომელიც SolarNail-მა მოახდინა, დაადასტურა, რომ უკვე ყოფილ დანტისტს დიდი პერსპექტივები გაეხსნა საერთოდ ახალ და მრავლისმომცემ საქმეში და სტიუარტმა არ გაუშვა თავისი შანსი. მან ბიზნესმენის საუკეთესო თვისებები გამოავლინა  და თავის სახლში ნამდვილი საწარმო ააწყო, რომელშიც მისი ოჯახის ყველა წევრი დაკავდა. ასე მთავრდება ექიმ-სტომატოლოგის სტიუარტ ნორდსტრომის ისტორია და იწყება მანიკურის ინდუსტრიის მეფის – ბატონ ნორდსტრომისა და მისი კომპანიის ისტორია.

30 წლის განმავლობაში ამ კომპანიამ შექმნა პროდუქტების მთელი სერია, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება ნატურალური ფრჩხილების გამოჯანმრთელებისთვის და ხელოვნური ფრჩხილების მოდელირებისთვის. შექმნა „ფრჩხილის დიზანის” ნამდვილი მოდა, გაუთანაბრა იგი ხელოვნების ცალკეულ მიმართულებას, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს ქალბატონებში. Creative Nail Design-ში უკვე ასობით ადამიანი მუშაობს, მაგრამ ყველაფერს კვლავ ნორდსტრომების ოჯახი მართავს.

ჩვეულებრივ საგნებზე ახალმა ხედვამ, სხვების მოსმენის ცოდნამ და არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებამ, ასევე მცირედმა წარმატებამ, ამერიკელ სტიუარტ ნორდსტრომს საშუალება მისცა ჩვეულებრივი სტომატოლოგიდან ქცეულიყო ხელებისა და ფრჩხილების ინდუსტრიის ნამდვილ მეფედ.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.