ინტრაორალური და ექსტრაორალური კამერები

ინტრაორალური და ექსტრაორალური კამერები

სტომატოლოგიურმა ტექნოლოგიებმა უკვე იმ დონეს მიაღწია, როდესაც ფართო პრაქტიკაში ინერგება ერთი ფუნქციის, მაგრამ განსხვავებული პარამეტრების მქონე ხელსაწყოები. პრაქტიკოსი ექიმისთვის ხშირად ძალიან ძნელია სწორი არჩევანის გაკეთება და გაცნობიერებულად უპირატესობის მინიჭება იმ ხელსაწყოსთვის, რომლის პარამეტრებიც ზუსტად შეესაბამებიან კონკრეტული ექიმის მუშაობის გამოცდილებასა და სპეციფიკას.

ტრადიციულად, ყველაზე „გაუგებარია” სხვადასხვა ციფრული მოწყობილობები, რომლებიც ამჟამად ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გამოსახულების მისაღებად. არადა, ეს ხელსაწყოები ამჟამად შეუცვლელია პათოლოგიური პროცესის შეფასებასა და მისი მკურნალობის გეგმის შედგენაში.

ციფრული აპარატურის სწორად შესაფასებლად, ჩვენ რამდენიმე საკითხს შევეხებით:

ინტრაორალური და ექსტრაორალური კამერების უპირატესობა და ნაკლოვანებები.

ციფრული აღჭურვილობის შერჩევის კრიტერიუმები.

პროგრამული უზრუნველყოფა სურათების შესანახად და მანიპულირებისთვის.

არაციფრული გამოსახულებების დაციფვრის ვარიანტები.

ციფრული გამოსახულებების შენახვის ვარიანტების არჩევა.

გამოსახულებების დაბეჭდვა.

 

ინტრაორალური კამერები

ინტრაორალური კამერების გამოყენება სტომატოლოგიაში მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყეს. მას შემდეგ ამ ხელსაწყოებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი მრავალი სტომატოლოგიური კაბინეტის აღჭურვილობათა კომპლექსში. ინტრაორალურ კამერებს შორის პირველი იყო კომპანია New Image Industries მიერ წარმოებული AcuCam-ი, რომელმაც ძალიან სწრაფად დაიკავა სამედიცინო ციფრული ტექნოლოგიების ბაზრის 40%-ზე მეტი.

მრავალი წლის მანძილზე ინტრაორალური კამერების გამოყენება მხოლოდ სტომატოლოგის არჩევანი იყო. პრაქტიკულად არ იყო კამერების გამოყენების შესასწავლი სპეციალიზებული კურსები. სტომატოლოგები, ძირითადად, თვითგანათლებას მიმართავდნენ. მათ ამოცანას უადვილებდა ის, რომ პირველ კამერებს მარტივი კონსტრუქცია ჰქონდათ და ადვილი იყო ექსპლუატაციაში. ამ თვისებების გამო ისინი ამჟამადაც მოთხოვნადია, როდესაც ბაზარზე შემოვიდა უფრო მაღალტექნოლოგიური და მრავალფუნქციური ანალოგები.

ინტრაორალური კამერების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ბაზარზე ამჟამად წარმოდგენილი ყველა ინტრაორალური კამერა გამოსახულებას 40-100-ჯერ ადიდებს. გადიდების ასეთი დონე სტომატოლოგს საშუალებას აძლევს ვიზუალურად გამოავლინოს და აღწეროს სხვადასხვა ძნელად შესამჩნევი პათოლოგიები: საწყისი კარიესი, კბილების ბზარები და მოტეხილობები და სხვა. გარდა ამისა, ინტრაორალური კამერის საშუალებით შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა კომპიუტერის მონიტორზე, რაც დამატებით უპირატესობას იძლევა კონსულტაციისა და პაციენტთან ერთად მკურნალობის გეგმის შედგენის დროს. ამგვარად, იზრდება პაციენტის ნდობა ექიმის მიმართ და მას უფრო კარგად აქვს გააზრებული შემოთავაზებული პროცედურების არსი. ძალიან სასარგებლოა სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებამდე და ჩატარების შემდეგ გადაღებული კადრების ჩართვა პაციენტის სამედიცინო ანკეტაში, რაც შეიძლება დაეხმაროს ექიმს პაციენტის მხრიდან პრეტენზიების წამოყენების შემთხვევაში.

გარდა ამისა, კამერების გამოყენება შეიძლება რენტგენის სურათების ფოტოგრაფირებისთვის, რაც სტომატოლოგს ააცილებს ორიგინალი სურათების გაგზავნის აუცილებლობას სადაზღვევო კომპანიაში ან კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში.

ინტრაორალური კამერების მახასიათებლები

ინტრაორალური კამერის არჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებზეც იქნება დამოკიდებული ამ ხელსაქყოების გამოყენების ხარისხი და მოხერხებულობა.

ერთდროულად გადაღების რამდენიმე რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა. როგორც აღნიშნავენ ექსპერტები, კარგი ინტრაორალური კამერა კარგ სურათებს უნდა იძლეოდეს მინიმუმ 6 სტანდარტულ რაკურსში, რომლებიც ყველაზე საჭიროა მუშაობისას. ისინი იყოფა ინტრაორალურ და ექსტრაორალურ სურათებად. ინტრაორალურ რეჟიმში კამერამ ზუსტად უნდა დააფიქსიროს ზედა ბოლო მოლარის დისტალური და ლოყისკენა ზედაპირების მიდამო, ასევე ქვედა წინა კბილების ენისკენა ზედაპირები. ექსტრაორალურ რეჟიმში – ქვედა კბილთა რკალი, სახის სრული გამოსახულება, რენტგენის სურათი. აღნიშნულ რეჟიმებში კამერის ტესტირება მისი მუშაობის ხარისხის დადგენის საშუალებას მოგვცემს. თანამედროვე კამერების უმრავლესობა ამ გამოცდას ადვილად გაივლის.

პორტატულობა. მრავალი ექიმი თანახმაა დიდ სისტემებზე, ეკონომიის მიზნით, თუმცა საკუთარი თავი არ უნდა მოატყუოთ, როდესაც ეთანხმებით  ინტრაორალური კამერის ფასსა და ზომებს შორის კომპრომისს. სიამოვნებას ვერ მიიღებთ ამ დიდი სისტემის კაბინეტიდან კაბინეტში პერიოდულად გადატანით. ამიტომ, კამერის არჩევის დროს უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ და კომპაქტურ მოდელებს, მაგ., Digital Doc (Iris), AcuCam Concept IV (DentsplyGendex), Claris i310D (Sota Optics).

მარტივი ფოკუსირება: ავტომატური ან ხელის ფოკუსი. ინტრაორალური კამერების უმრავლესობას აქვს ხელით რეგულირებადი ფოკუსი, ამიტომ შეძენის დროს აუცილებელია სათანადო ყურადღება მიექცეს იმას, რომ ეს ფუნქცია ადვილი სამართავი იყოს. ფოკუსი კარგად მარკირებული უნდა იყოს და ჰქონდეს 100 გრადუსზე მეტი მოძრაობის ამპლიტუდა, რის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ ფოკუსის პარამეტრების მართვას ერთი ხელით.

ფუნქციასტოპკადრი. მრავალ ძველი მოდელის კამერას  აღნიშნული ფუნქცია არ გააჩნია, ამიტომ შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ ამ ფუნქციის არსებობას. ცალკე უნდა დაინტერესდეთ კამერის მეხსიერების მოცულობით, რადგან პირის ღრუს დათვალიერებისას თქვენ არაერთი ასეთი „გაჩერებული კადრების” დამახსოვრება მოგიწევთ. კამერების უმრავლესობას შეუძლიათ ერთდროულად მაქსიმუმ 4 გამოსახულების შენახვა.

გამოსახულების დაჭერა. ინტრაორალური კამერების მწარმოებლები გვთავაზობენ გამოსახულების დაჭერის მართვის რამდენიმე ვარიანტს: ეს შეიძლება იყოს ფეხის პედალი ან ღილაკი მარჯვენა მხარეს. კადრის დაჭერის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ არის და ძირითადად ექიმის პირად შეხედულებებზეა დამოკიდებული.

კამერის ტიპი. პირველი ინტრაორალური კამერები, ძირითადად, აღჭურვილი იყო ორი ობიექტივით (ცალკე ინტრაორალური გადაღებისთვის, ცალკე – ექსტრაორალური გადაღებისთვის). თანამედროვე აპარატები, ძირითადად, მიეკუთვნება ერთობიექტივიან ტიპებს, ანუ გადამღები ობიექტივი ერთდროულად ორ ფუნქციას ასრულებს.

უნიკალური მახასიათებლები. კამერების მწარმოებლები მომხმარაბელს ხშირად სთავაზობენ კამერის საკუთარ ინოვაციურ მოდიფიკაციებს, რომლებიც სტანდარტულ ფუნქციებთან ერთად დამატებითი ბონუსის სახით  არის წარმოდგენილი: დრეკადი მავთული, განათების რეგულირების შესაძლებლობა, პორტატული მოწყობილობიდან გამოსახულების დაბეჭდვა, ფეხის პედლის საშუალებით ფერისა და სინათლის კორექტირება.

 

ექსტრაორალური კამერები

ინტრაორალური კამერები სპეციალურად არის შემუშავებული სტომატოლოგების მოთხოვნების შესაბამისად და აქვთ მრავალი უპირატესობა, თუმცა მათ აქვთ ერთი სერიოზული ნაკლიც – გამოსახულების დაბალი ხარისხი, რომელიც ვერ გადმოსცემს ზუსტ ფერებს, ასევე ვერ ბეჭდავს გამოსახულებას დიდ ფორმატში. ეს თითქოსდა მცირე ნაკლი შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს იმ ექიმებისთვის, რომელთა მუშაობის შედეგიც არის პრობლემური ზონის ესთეტიკა და პაციენტის დაკმაყოფილება: იმპლანტოლოგები, რესტავრატორები, ორთოპედები, ორთოდონტები.

ექსტრაორალური კამერების მახასიათებლები

სტომატოლოგიურ კაბინეტში მუშაობისთვის ციფრული ფოტოაპარატის არჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს იმ მახასიათებლებს, რომლებიც დაგეხმარებათ დიდი რაოდენობით აღჭურვილობას შორის ორიენტირებაში და იმ აპარატის შეძენაში, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება ექიმის მიზნებს, ამოცანებსა და მუშაობის პირობებს.

ციფრული კამერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია განშრევების ხარისხი, რომელიც აღინიშნება მეგაპიქსელებით. პირველ ციფრულ კამერებს განშრევება ჰქონდა 1.3 მეგაპიქსელი, შემდეგ გამოჩნდა კამერები 2.1, 3.3 განშრევებით, თანამედროვე აპარატებს კი აქვთ 12 და 15 მეგაპიქსელი.

არაპროფესიონალი ფოტოგრაფები ძალიან ხშირად პიქსელების რაოდენობას უკავშირებენ გამოსახულების ხარისხს, თუმცა აღნიშნულ მახასიათებელს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ უკვე მიღებული გამოსახულების დაბეჭდვისას ანუ რაც უფრო მეტია პიქსელების რაოდენობა, მით უფრო მეტი ზომის სურათს დაბეჭდავთ სურათის საწყისი ხარისხის დაკარგვის გარეშე. თქვენ არ დაგჭირდებათ პლაკატის ზომის სტომატოლოგიური სურათი, ამიტომ არ ღირს უფრო ძვირი აპარატის შეძენა მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს განშრევების უფრო მაღალი მახასიათებლები.

ოპტიკა. ამას უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება ციფრული ფოტოაპარატის შეძენის დროს, რადგან სწორედ ოპტიკის ხარისხზე არის დამოკიდებული, რამდენად ხარისხიან, მკვეთრ და ზუსტ სურათებს მიიღებთ.

უპირატესობა ენიჭება იმ აპარატებს, რომლებიც აღჭურვილია ოპტიკის ცნობილი მწარმოებლების (Carl Zeiss, Schneider-Kreuznach Variogon) ლინზებით, თუმცა ციფრული გიგანტების Canon, Olympus და Nikon ოპტიკაც არ ჩამოუვარდება მათ ხარისხით. გახსოვდეთ, რომ 15 მეგაპიქსელიანი კამერაც კი დაბალხარისხიანი ოპტიკით ვერ გადაიღებს კარგი ხარისხის სურათს.

ზემგრძნობელობა. რაც უფრო მეტია ზემგრძნობელობის პარამეტრები, მით უფრო მეტია კარგი სურათის მიღების შანსი ცვლადი განათების ან ბინდის დროს. მნიშვნელოვანია: თუ აპარატის მახასიათებლებში ზემგრძნობელობა მითითებულია ლუქსებში (Lux), ამ შემთხვევაში საუკეთესო ზემრძნობელობა ექნება იმ ფოტოაპარატს, რომელსაც ნაკლები ლუქსი აქვს.

განათება. სტომატოლოგიური ფოტოგრაფიის სპეციფიკა ხშირად მუშაობისას სტანდარტული განათების გამოყენების საშუალებას არ იძლევა. მრავალ ექიმს ჰგონია, რომ განათების ფუნქციას წარმატებით შეასრულებს სტომატოლოგიური სავარძლის სანათი და ეს ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა, რომელიც მკაფიო და ხარისხიანი სურათების მიღების საშუალებას არ იძლევა. სტომატოლოგიური სანათი  სინათლის ძლიერ კონტრასტებს ქმნის, რომელთა განეიტრალებას და სწორად „გამოცნობას” ვერ შეძლებს ყველაზე ხარისხიანი ციფრული კამერაც კი, ანუ მიღებულ სურათებზე იქნება განათებული ადგილები და „შავი ხვრელები”.

აღნიშნულ შემთხვევაში ოპტიმალური ვარიანტია სპეციალური „სტომატოლოგიური” მრგვალი განათების გამოყენება, რომელიც თანაბარზომიერად ანათებს პირის ღრუს და ხარისხიანი გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.