კბილების გამოკვლევა იმპლანტაციის წინ

კბილების გამოკვლევა იმპლანტაციის წინ

თუ თქვენ აპირებთ კბილის იმპლანტატების გაკეთებას, უნდა გაარკვიოთ, ხართ თუ არა ამ ოპერაციის შესაბამისი კანდიდატი. ამის დადგენა ექიმ-სტომატოლოგს შეუძლია.

იმპლანტოლოგთან პირველი ვიზიტი დათვალიერებას და დიაგნოსტიკას დაეთმობა. ექიმი დაგისვამთ შეკითხვებს კბილებთან დაკავშირებით: როგორ დაკარგეთ ისინი (ტრავმა, პირის ღრუს დაავადებები), როდის და რა პერიოდულობით.

პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა განსაზღვრავს კბილების ჯანმრთელობასაც, ამიტომ ექიმი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამით. შეიძლება მოხდეს ისეც, რომ სტომატოლოგმა გირჩიოთ იმპლანტაციის გადადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. დათვალიერების დროს ექიმი აღნიშნავს ძირითად და მეორეხარისხოვან დაავადებებს და პროფესიონალურად აფასებს მათ. თუ პაციენტი უჩივის პირის სიმშრალეს, ტკივილს ყლაპვისას ან საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში, ექიმს შეუძლია ადვილად დაადგინოს ამ სიმპტომების კავშირი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ენდოკრინული და ნერვული სისტემების დაავადებებთან. აუცილებელია ასევე პაციენტის ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობის ანალიზი.

ვიზიტის დროს აუცილებლად შეგეკითხებიან ზრდისა და განვითარების თავისებურებებზე, თქვენი მშობლების ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ მავნე ჩვევებს, თუ ისინი აქვს პაციენტს. ამ მონაცემების შედეგად ექიმი იღებს სწორ ზოგად წარმოდგენას პაციენტის ფიზიკური და მორალური ჯანმრთელობის შესახებ.

საუბრის შემდეგ ექიმი იწყებს პირის ღრუს დათვალიერებას. სტომატოლოგი აფასებს ღრძილების და დარჩენილი კბილების მდგომარეობას. მნიშვნელოვანია ღრძილით დაფარული ძვლის რაოდენობისა და ხარისხის შეფასება. შემდეგ იკვლევს დაკარგული კბილების კბილბუდეებს. პირის ღრუს დაავადებების უკეთესი დიაგნოსტიკისა და ძვლოვანი ქსოვილის ხარისხის შესაფასებლად პაციენტს უღებენ რენტგენის სურათებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ექიმი უთმობს ლორწოვანი გარსის მემბრანებს, ყბების მორფოლოგიას, ასევე დისფუნქციის ნიშნების გამოვლენას.

რენტგენოგრაფიის მონაცემების მიღების შემდეგ ექიმს უკვე სრულყოფილად შეუძლია ძვლოვანი ქსოვილისა და დარჩენილი კბილების მდგომარეობის შეფასება. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება კბილების დამატებითი მკურნალობა, ფესვების ამოღება, ღრძილის გადმოკიდებული ან შესივებული ქსოვილის ამოკვეთა. შეიძლება საჭირო გახდეს სხვა სპეციალისტების – ენდოდონტოლოგის, პაროდონტოლოგის, თერაპევტის დახმარება. კბილებს, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარებიან, ამოიღებენ ოპერაციამდე. მაგრამ, ამ შემთხვევაში ექიმის წინაშე დგას ძირითადი ამოცანა – მაქსიმალურად შეინარჩუნოს კბილის ქვეშ მდებარე ძვლოვანი ქსოვილი. თუ კბილები სხვადასხვა ადგილებიდან არის ამოღებული, იმპლანტატები, ძირითადად, მაშინვე იდგმება. თუ ძვლის მოცულობა საკმარისი არ არის, ტარდება სინუს-ლიფტინგი – ქირურგიული პროცედურა ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის გასაზრდელად ან აღსადგენად. ეს პროცედურა აუცილებელიაიმისატვის, რომ პირის ღრუში შეიქმნას ოპტიმალური პირობები კბილის იმპლანტატის დასამაგრებლად.

რენტგენოგრაფიული გამოკვლევის მათოდები:

ორთოპანტომოგრამა. იძლევა ზედა და ქვედა ყბების მდგომარეობის კარგი მიმოხილვის შესაძლებლობას.

დეტალური (დამიზნებითი) რენტგენოგრაფია. გვეხმარება ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის ხარისხისა და ალვეოლური ქედის სიმაღლის განსაზღვრაში.

კომპიუტერული ტომოგრაფია. მისი საშუალებით მიიღება კბილის სტრუქტურის, იმპლანტატისა და ყბის შრეობრივი გამოსახულება.

 

ამგვარად, იმპლანტაციის ოპერაციის წინ უნდა გაიაროთ შემდეგი პროცედურები:

– წინასწარი საუბარი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დასადგენად;

– ვიზუალური დათვალიერება კბილების მდგომარეობის დასადგენად და ძვლოვანი ქსოვილის ხარისხის შესაფასებლად;

– რენტგენოგრაფიული გამოკვლევა, რომლის შედეგადაც ექიმი ზუსტად გადაწყვეტს შეიძლება თუ არა იმპლანტაციის ჩატარება;

– ანალიზები (სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, ანალიზები აივ-ზე, B და C ჰეპატიტზე).
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.