კბილების იმპლანტაციის ისტორია

კბილების იმპლანტაციის ისტორია

კბილების იმპლანტაცია შემდეგში მდგომარეობს – ჯერ პაციენტს უკეთდება წკირი, რომელიც ჩამაგრდება ძვალში, შემდეგ ამ იმპლანტზე მაგრდება გვირგვინი. ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური აღმოჩენა გახდა 20 საუკუნის სტომატოლოგიაში. ოსტეოინტეგრაცია ანუ ტიტანის წკირის ძვლოვან ქსოვილთან მიხორცების ფენომენი სტომატოლოგს არ აღმოუჩენია. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა.

ბოცვერი და მისი წვივის ძვალი

1965 წელს შვედეთში პროფესორი ინგვარ ბრონემარკი ატარებდა გამოკვლევას ტრავმის შემდეგ ძვლის ტვინის და ძვლის ქსოვილის აღდგენის უნარის შესასწავლად. ორგანიზმის ამ ნაწილში სისხლის მიმოქცევის შესასწავლად მან გამოიყენა პატარა ოპტიკური კამერა, რომელიც ქირურგიული გზით დაამაგრა ბოცვერის დიდი წვივის ძვალში.

პირველი ბედნიერი შემთხვევითობა მდგომარეობდა იმაში, რომ კამერა ბრანემარკმა დაამზადა ტიტანისგან, რომელიც ქიმიური ზემოქმედებისა და კოროზიისადმი ყველაზე გამძლე ლითონია. გარდა ამისა, პროფესორი დაეყრდნო თავისი კოლეგის, ქირურგ ჰანს ემნევსის გამოცდილებას, რომელიც ამზადებდა ბარძაყის პროთეზებს და ექსპერიმენტების შედეგად ურჩია ტიტანი.

ძვლის რეგენერაციის შესწავლისას ბრანემარკმა დაამტკიცა, რომ ამ პროცესში მონაწილეობს როგორც ძვლის ტვინი, ასევე ქსოვილი – ეს იყო მისი კვლევის მიზანი. მეორე შემთხვევითობა, რომელიც პროფესორმა აღმოაჩინა და დასაწყისში აღიქვა როგორც უსიამოვნო გაუგებრობა, იყო ის, რომ ტიტანის კამერა მიეხორცა ბოცვერის წვივის ძვალს და მისი უკან ამოღება შეუძლებელი გახდა. მომდევნო ექსპერიმენტებისთვის საჭირო იყო ახალი კამერის დამზადება, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა სამუშაოს ბიუჯეტს.

უკბილო მოხალისე

ბრანემარკი სამუშაოს დამთავრების შემდეგ დაინტერესდა მის მიერ აღმოჩენილი ფენომენით და რამდენიმე წლის განმავლობაში შეისწავლიდა ტიტანის თვისებებს, ასევე აღწერა ძვალთან მისი მიხორცების პროცესი. ახლა საჭირო იყო კლინიკური კვლევები, რომ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ამ ლითონის ელემენტები სამედიცინო მიზნით. დასაწყისში დაგეგმეს მათი ჩატარება საავტომობილო ავარიების შედეგად მრავალრიცხოვანი მოტეხილობების მქონე ადამიანებზე.

თუმცა, მესამე შემთხვევითობაც – პროფესორთან მივიდა ადამიანი, რომელიც დათანხმდა ტიტანის ჩადგმას. ეს იყო ვინმე გოსტა ლარსონი. 34 წლის ასაკში მან დაკარგა ყველა ქვედა კბილი, დეფორმირებული ჰქონდა ზედა ყბა და ნიკაპი. გოსტას მუდმივი ტკივილები სტანჯავდა, გაჭირვებით ჭამდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მეტყველების პრობლემებზე. ამიტომ, მან გაიგო თუ არა ექსპერიმენტის შესახებ, მაშინვე დათანხმდა ყველაფერზე. შედეგად, მას დაუყენეს 4 იმპლანტი და მოსახსნელი პროთეზი. მან კვლავ შეძლო ჭამა და მეტყველება.

პირველი ცდა წარმატებული აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ძვლებს აღმოაჩნდათ ისეთი ანატომიური და იმუნური თავისებურებები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა იმპლანტაციის ტექნოლოგიის უფრო ოპტიმისტურ პროგნოზზე საუბარი.

მსოფლიო აღიარება

ამ წარმატებების მიუხედავად, შვედეთის სტომატოლოგთა საზოგადოება აღმოჩენას მტრულად შეხვდა, მათ შორის იმიტომაც, რომ ბრონემარკი სპეციალობით დანტისტი არ იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში პროფესორი მხოლოდ მკვეთრ კრიტიკას აწყდებოდა, ასე რომ აღმოჩენის პრაქტიკაში გამოყენებაზე საუბარიც არ ყოფილა.

ასე გაგრძელდა 1982 წლამდე, ვიდრე ბრონემარკის კვლევების შესახებ არ გაიგო კანადელმა მეცნიერმა ჯორჯ ზარბმა, რომელიც შეისწავლიდა კბილების ხელოვნურ ფესვებს. ის დაუყოვნებლივ ჩავიდა შვედეთში, ჩაატარა კვლევები პროფესორთან ერთად, ასევე დაარწმუნა ის თავისი აღმოჩენა გაენდო მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის – მონაწილეობა მიეღო სტომატოლოგიურ კონფერენციაში ტორონტოში. ბრონემარკი იმდენად გულგატეხილი იყო სამშობლოში კრიტიკით, რომ მაშინვე არ დათანხმებულა. უფრო მეტიც – ზარბმა პირადად მიიწვია მრავალი ცნობილი მეცნიერი ამ კონფერენციაზე, რომ ისინი გაცნობოდნენ გამოგონებას.

როდესაც კონფერენცია დამთავრდა, ნათელი გახდა: მოხდა ნამდვილად ფენომენალური აღმოჩენა. ამის შემდეგ ოსტეოინტეგრაციის შესწავლით და მისი სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვით მაშინვე დაკავდნენ სტომატოლოგები მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.