კბილების იმპლანტაციის უკუჩვენებები

კბილების იმპლანტაციის უკუჩვენებები

იმპლანტაციის უკუჩვენებების სია საკმაოდ დიდია და აუცილებელია მათთან გაცნობა ამ პროცედურის ჩატარებამდე.

უკუჩვენებები არის აბსოლუტური (შეიძლება გამოიწვიონ არასასურველი გართულებები ან მნიშვნელოვნად შეამცირონ იმპლანტატების ვარგისიანობის ვადა) და შედარებითი(ჯანმრთელობის ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია პროთეზირების დაწყებამდე).

აბსოლუტური უკუჩვენებებია:

– სისხლის დაავადებები (მაგალითად, სისხლის შედედების დარღვევის დროს ნებისმიერი ოპერაცია შეუძლებელია, რადგან შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა);

– ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები;

– ორგანიზმის ქრონიკული დაავადებები (ტუბერკულოზი და მისი გართულებები, რევმატიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი);

– შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (წითელი მგლურა, სკლეროდერმია);

– ძვლოვანი სისტემის დაავადებები;

– ავთვისებიანი სიმსივნეები სპეციალური მკურნალობის ჩატარების პერიოდში და მისი დამთავრებიდან გარკვეული დროის განმავლობაში;

– საღეჭი კუნთების ჰიპერტონუსი.

შედარებითი უკუჩვენებებია:

– გინგივიტი (ღრძილების ანთება); მარგინული პერიოდონტიტი (კბილის ირგვლივმდებარე ქსოვილების ანთება);

– საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებები;

– პათოლოგიური თანკბილვა;

– ძვლოვანი ქსოვილის გამოხატული ატროფია ან დეფექტი – ამისათვის აუცილებელია პროთეზირების წინ ძვლის რეკონსტრუქციული ოპერაციის ჩატარება;

– სხვა ტიპის იმპლანტატების არსებობა (კირშნერის ჩხირები, მინი-ფირფიტები, ჭანჭიკები, მავთულის ნაკერები, ხელოვნური სახსარი, გულის სარქვლები, კარდიოსტიმულატორი და სხვ.).

ასევე შედარებით უკუჩვენებებს მიეკუთვნება პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა და არანამკურნალები კარიესული კბილები. ამიტომ, ოპერაციის წინ აუცილებელია ყველა კბილი იყოს ნამკურნალები.

გარდა ამისა, არსებობს დროებითი უკუჩვენებებიც. მაგალითად, რეკომენდებული არ არის იმპლანტის დაყენება მწვავე დაავადებების პერიოდში, ასევე გამოჯანმრთელებიდან 2 კვირის განმავლობაში – ორგანიზმი ჯერ კიდევ დასუსტებულია. გარდა ამისა იმპლანტაციის ჩატარება არ შეიძლება სხივური თერაპიიდან 1 წლის განმავლობაში და ასევე ორსულობის დროს.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.