კბილების მკურნალობა დიაბეტის დროს

კბილების მკურნალობა დიაბეტის დროს

შაქრიანი დიაბეტი ენდოკრინული დაავადებაა, რომელიც ვითარდება ჰორმონ ინსულინის უკმარისობის გამო. ამ დაავადების შედეგად პაციენტს სისხლში მუდმივად მაღალ ნიშნულზე აქვს გლუკოზის დონე. ხშირ შემთხვევაში ეს დაავადება საკმაოდ ნელა, თანდათანობით ვითარდება. პირის სიმშრალე, წვა პირის ღრუში, ენაზე ძაფისებრი დვრილების დაკარგვა – დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშნებია.

დიაბეტის სხვა ნიშნები:

მუდმივი დაუოკებელი წყურვილი (სისხლის ოსმოსური წნევის მომატების შედეგი);

მუდმივი დაუოკებელი შიმშილი (ეს სიმპტომი ვითარდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო);

გახდომა (ადამიანი ხდება მომატებული მადის მიუხედავად, რაც განპირობებულია ცილებისა და ცხიმების მაღალი კატაბოლიზმით, რადგან უჯრედების ენერგეტიკული ცვლიდან ეთიშება გლუკოზა);

ლორწოვანი გარსებისა და კანის ქავილი;

მუდმივი თავის ტკივილი;

მხედველობის დაქვეითება.

 

კბილების დაკარგვის მიზეზები დიაბეტის დროს

სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ავადმყოფს შაქრიანი დიაბეტის შესახებ პირველად სტომატოლოგი ამცნობს.

დიაბეტის დროს პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება სისხლძარღვებში, რაც იწვევს აქტიური სისხლის მიმოქცევის მქონე ორგანოების (მაგ., პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, კბილბუდეში კბილის დამჭერი იოგები და კუნთები) ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას. ამ სისტემების დარღვევა იწვევს პაროდონტიტის განვითარებას – კბილები ავადდებიან, რეაგირებენ ცივსა და ცხელზე, იოგები და კუნთები ატროფირდება, შიშვლდება კბილების ყელი. ეს დიაბეტიან ავადმყოფებში კბილების ნაადრევი დაკარგვის მთავარი მიზეზია. დიაბეტიან ავადმყოფებში პაროდონტიტის განვითარების სიხშირე 90%-ს აღწევს.

პაროდონტიტი დამანგრეველად მოქმედებს ორგანიზმზე, ხოლო დიაბეტთან ერთად კლინიკური სურათი კიდევ უფრო უარესდება. დიაბეტის დროს პაროდონტული ინფექცია ცუდად მოქმედებს გლუკოზის დონეზე. ამიტომ, დიაბეტიან ავადმყოფებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია პაროდონტოლოგიური მკურნალობა, რომელიც შეამცირებს ორგანიზმზე ბაქტერიულ ზემოქმედებას და შეაჩერებს პაროდონტის ანთებად დაშლას.

სტომატოლოგიური მკურნალობა შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში

კბილების პროთეზირება. ხშირად მრავალი სტომატოლოგიური კლინიკა დიაბეტიანი ავადმყოფების პროთეზირებაზე უარს ამბობს. თქვენ მთელი ძალისხმევით უნდა მოითხოვოთ მკურნალობა, რადგან პირის ღრუს მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული თქვენზე. მოძებნეთ მაღალკვალიფიციური ექიმი, რადგან ყველა სტომატოლოგმა არ იცის, რომ დიაბეტიან ავადმყოფებში მომატებულია ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლი და დაქვეითებულია იმუნიტეტი. კბილის პროთეზების კონსტრუქციის შერჩევა ასეთი „სპეციფიკური” პაციენტებისთვის განსაკუთრებულ ცოდნას საჭიროებს. კბილების პროთეზირებისთვის სტომატოლოგები იყენებენ ლითონების სხვადასხვა შენადნობებს, რომლებსაც შეუძლიათ უარყოფითათ იმოქმედონ ნერწყვის რაოდენობასა და ხარისხზე, მის ფერმენტულ აქტიურობაზე, ასევე გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები. ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფების პროთეზირებისას სასურველი არ არის არაკეთილშობილი ლითონების (განსაკუთრებით ნიკელ-ქრომის შენადნობის) გამოყენება.

სასურველია მხოლოდ ოქრო-პლატინის შენადნობისგან შექმნილი კონსტრუქციები, ხოლო მოსახსნელი პროთეზები უნდა იყოს მხოლოდ ტიტანის ბაზისზე დამზადებული. დამტკიცებულია, რომ ისინი ხელს უშლიან პირის ღრუში Candida-ს გვარის სოკოების გაჩენას და გამრავლებას.

კბილების იმპლანტაცია. დიაბეტი არ არის ამ ოპერაციის ჩატარების აბსოლუტური უკუჩვენება. განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიექცეს იმას, თუ როგორ აკონტროლებს ადამიანი შაქრის დონეს სისხლში. კბილთა მწკრივის მთლიანობის აღსადგენად აუცილებელია მიმართოთ მაღალი კლასის სპეციალისტს. მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება განვითარდეს, არის კბილების ამოღების პროცედურა. ეს პროცესი იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას. ოპერაციის შემდგომი ჭრილობების შეხორცება კი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს.

თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ ოპერაცია, კბილის ამოღება უმჯობესია დილით, საუზმის და ინსულინის ნემსის გაკეთების შემდეგ (დოზა ოდნავ მეტი უნდა იყოს). კომპენსირებული შაქრიანი დიაბეტის დროს არც კბილის ამოღება და არც ანესთეზია განსაკუთრებულ პრობლებებს არ ქმნის. მაგრამ, დეკომპენსირებული დიაბეტის შემთხვევაში კბილების ამოღება და, მითუმეტეს იმპლანტაცია, არ შეიძლება.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჯანმრთელი კბილების შენარჩუნება შაქრიანი დიაბეტის დროსაც შესაძლებელია, თუ დავიცავთ შემდეგ რჩევებს:

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შაქრის დონეს სისხლში – ეს ჯანმრთელი ღიმილის შენარჩუნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია;

წელიწადში 4-ჯერ პროფილაქტიკის მიზნით ეწვიეთ სტომატოლოგს (აუცილებლად ეწვიეთ ექიმ-პაროდონტოლოგს!);

გაიწმინდეთ კბილები საკვების ყოველი მიღების შემდეგ, გამოიყენეთ კბილის ძაფი კბილის ნადების უფრო კარგად მოსაცილებლად.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.