კბილის ანატომია

კბილის ანატომია

ჩვენ იშვიათად დავფიქრებულვართ კბილების აგებულებაზე. მხოლოდ იმ მომენტში გვახსენდება, როდესაც სტომატოლოგი გამოგვიწვდის საკუთარი ყბის სურათს და აღმოვაჩენთ მასზე დაგრძელებულ ნახევრად გამჭვირვალე ფორმებს. ადამიანის კბილი აისბერგის მსგავსია, მისი ძირითადი ნაწილი დაფარულია ღრძილების სიღრმეში. მაგრამ როგორი აგებულება აქვს მას?

მოზრდილ ადამიანს 32 კბილი აქვს და კბილების თითოეულ ჯგუფს აქვს თავისი დასახელება:საჭრელები (4 წინა კბილი), ეშვებიპრემოლარები(მცირე ძირითადი) და მოლარები (დიდი ძირითადი). საჭრელებით ხდება საკვების მოკბეჩა და გაკვეთა, ეშვებით გაგლეჯვა, პრემოლარებით დაქუცმაცება და მოლარებით საბოლოო დამუშავება. პირის ღრუში ყველაზე ღრმად მდებარე მესამე მოლარებს სიბრძნის კბილებს უწოდებენ. ისინი 17-20 წლის ასაკში ამოდიან.

სხვადასხვა ფუნქციების მიუხედავად, კბილების აგებულება ყველა ადამიანში ერთნაირია. კბილის ზედა ნაწილს, რომელსაც ყოველდღე ვწმენდთ კბილის ჯაგრისით, ეწოდება გვირგვინი. გვირგვინი დაფარულია მინანქრით – კბილის ყველაზე მაგარი ნაწილით და ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მაგარი ქსოვილით. მინანქარი შედგება 97% არაორგანული (კალციუმის ფოსფატი, კარბონატი, ფტორიდი) და 3% ორგანული ნივთიერებებისგან (ფიბრილები და წებვადი მასა). მინანქრის უწვრილესი სტრუქტურული ერთეულია კალციუმის ფოსფატის (ჰიდროქსიაპატიტის) კრისტალები, რომლებიც მჭიდროდ არის ჩალაგებული რთული წარმონაქმნის – მინანქრის პრიზმების სახით. მოზრდილ ადამიანებში მინანქარი რეგენერაციას არ განიცდის, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პირის ღრუს ჰიგიენურ მოვლას.

მინანქრის ქვეშ მდებარეობს კბილის საფუძველი, დენტინი. დენტინი შემადგენლობით ჰგავს ძვლოვან ქსოვილს. იგი 69% შედგება არაორგანული ნივთიერებებისგან, 17% – ორგანული ნივთიერებებისგან და 14% – წყლისგან. კბილის ფესვის ნაწილში დენტინი დაფარულია ცემენტით. დენტინში არის უწვრილესი არხები (ე.წ. მიკრომილაკები) რომლებშიც პულპის მხრიდან შედიან სპეციალური უჯრედების – ოდონტობლასტების მორჩები. ეს უკანასკნელნი გამოიმუშავებენ დენტინის ორგანულ ნაწილს და დიდ როლს თამაშობენ კბილის კვებასა და განვითარებაში. მინანქრისგან განსხვავებით, დენტინს შეუძლია რეგენერაცია, დაზიანების შემდეგ წარმოიქმნება ნაკლებად მტკიცე მეორადი დენტინი.

კბილის განივ განაკვეთზე ჩანს, რომ დენტინის შემდეგ მდებარეობს პულპა. ეს ფაშარი ქსოვილი ავსებს კბილის როგორც გვირგვინის, ასევე ფესვის ღრუს. კბილის პულპა შედგება ძირითადი ნივთიერებისგან, უჯრედული ჩანართებისგან და მრავალი სისხლძარღვისგან. სისხლძარღვებთან ერთად პულპაში შედის ნერვული ბოჭკოები. ზოგიერთი ნერვული ბოჭკო ჩაიზრდება დენტინში. ამ ნერვული ბოჭკოების ნებისმიერი გაღიზიანება იწვევს ძლიერ ტკივილის შეგრძნებას.

ღრძილის ქვეშ, მინანქრის შემდეგ ჩანს კბილის ყელი. იგი გვირგვინისა და ფესვის გამყოფი ხაზია. უფრო ღრმად ღრძილის ქვეშ მდებარეობს ფესვი, რომელიც კბილის დაახლოებით 2/3 შეადგენს. ფესვის ფუნქცია არის კბილის დამაგრება ყბაზე, ამიტომ იგი მდებარეობს სპეციალურ ჩაღრმავებაში – ალვეოლაში. ფუნქციის მიხედვით კბილებს შეიძლება ჰქონდეთ 1, 2 ან 3 ფესვი. კბილის ფესვი დაფარულია დენტინით, რომელიც თავის მხრივ, დაცულია ცემენტით. ფესვის ცემენტი 46%-ით შედგება არაორგანული ნაერთებისგან, 22%-ით ორგანული ნაერთებისგან და 32%-ით წყლისგან. შემადგენლობით იგი უხეშბოჭკოვანი ძვლოვანი ქსოვილის მსგავსია. ცემენტის შემადგენლობაში არის ცემენტობლასტები და ცემენტოციტები, რომლებიც გამოიმუშავებენ კოლაგენურ ბოჭკოებს და ძირითად ნივთიერებას. ცემენტობლასტები და ცემენტოციტები მდებარეობენ კბილის ფესვის მწვერვალთან ახლოს – ეს უჯრედული ცემენტია. კბილის ყელთან და გვირგვინთან ახლოს ცემენტობლასტები და ცემენტოციტები არ არიან – ეს არაუჯრედული ცემენტია.

ყბას ფესვი უმაგრდება იოგოვანი აპარატის ანუ პერიოდონტის საშუალებით. კბილის იოგოვანი აპარატი შედგება მტკიცე შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოებისგან, რომლებიც კბილის ყელსა და ფესვს აკავშირებენ ყბის ალვეოლაში მდებარე ძვლოვან ფირფიტასთან. ყელის მიდამოში ბოჭკოების ამ კონებს თითქმის ჰორიზონტალური მიმართულება აქვთ და ღრძილთან და ძვლისსაზრდელასთან ერთად ქმნიან კბილის წრიულ იოგს, რომელიც ფესვის ნაწილს გამოყოფს ირგვლივმდებარე გარემოსგან. იოგოვანი აპარატით ხორციელდება კბილის ფიქსაცია და ამორტიზაცია ღეჭვის დროს, რადგან ღეჭვისას ძირითად კბილზე დატვირთვა შეიძლება 100 კგ აღწევდეს და მსგავსი ამორტიზატორების გარეშე შეიძლება განვითარდეს ალვეოლის ფსკერის ტრავმა.

მაშ ასე, ანატომიურად თითოეული კბილი შედგება 3 ძირითადი ნაწილისგან: გვირგვინი, ყელი და ფესვი. ჰისტოლოგიურად – რამდენიმე სახის ქსოვილისგან: მინანქარი, დენტინი, ცემენტი, პულპა და პერიოდონტი.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.