ლუსი ჰობსი. სილამაზისა და გონიერების ქრონიკები

ლუსი ჰობსი. სილამაზისა და გონიერების ქრონიკები

ის დაიბადა 1833 წლის 14 მარტს ნიუ-იორკში, მრავალშვილიან ოჯახში და ბავშვობიდანვე ოცნებობდა ექიმობაზე. ბავშვობაში ის „მკურნალობდა” თოჯინებსა და შინაურ ცხოველებს, მაგრამ მშობლების სიკვდილის შემდეგ ის იძულებული გახდა დაეწყო მუშაობა მკერავად, რომ როგორმე დახმარებოდა უფროს და-ძმებს. ფრანკლინის აკადემიის დამთავრების შემდეგ, უკვე 16 წლის ასაკში მუშაობდა მასწავლებლად მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ სკოლაში, შემდეგ კი გადაწყვიტა განეხორციელებინა თავისი ოცნება და გამხდარიყო პროფესიონალი ექიმი.

ლუსი გაიტაცა ინდიელების ხალხურმა მედიცინამ, რომელიც ეფუძნებოდა სხვადასხვა ბალახების თავისებურებების, ადამიანის ბუნების და მისი ირგვლივმდებარე სამყაროს ცოდნას, მაგრამ ცინცინატის სამედიცინო კოლეჯში ოფიციალური განათლების მიღებაზე უარი უთხრეს. კოლეჯის ადმინისტრაციამ ღიად განაცხადა, რომ ქალების ადგილი არ არის ისეთ რთულ საქმეში, როგორიც მედიცინაა. იმ დროს მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეეძლოთ ქალებს, იყო მედდის ადგილი, რომელიც ყველა შავ სამუშაოს ასრულებდა. უარის შემდეგ ლუსი გაემგზავრა კოლეჯში, სადაც ამზადებდნენ სტომატოლოგებს, მაგრამ იქაც იმედგაცრუება ელოდა – მამაკაცებს არ სურდათ ამ სფეროში ქალის შეშვება. თუმცა, წარუმატებლობების შემდეგ ლუსის მისწრაფება, გამხდარიყო პროფესიონალი ექიმი, კიდევ უფრო გაძლიერდა.

მან დამოუკიდებლად, წიგნებიდან დაიწყო სტომატოლოგიის შესწავლა. ოჰაიოს კოლეჯის ერთ-ერთმა პროფესორმა დაინახა რა მისი მონდომება და პოტენციალი, გოგონას შესთავაზა სამუშაო საკუთარ სტომატოლოგიურ კაბინეტში, სადაც ლუსიმ მიიღო ბაზისური პრაქტიკული ცოდნა. 1861 წელს მან გახსნა თავისი პირველი სტომატოლოგიური კაბინეტი ცინცინატში, 1 წლის შემდეგ კი ქალ სტომატოლოგზე შეიტყვეს აიოვაში, როდესაც იქ გადასვლის შემდეგ ლუსიმ დაიწყო პაციენტების მიღება. მან, როგორც პროფესიონალმა და მცოდნე დანტისტმა, მალე გაითქვა სახელი ქალაქში, მისი კაბინეტის წინ რიგები იდგა. მას შემდეგ, რაც მისი ოსტატობა აღიარეს პაციენტებმა, ოფიციალურ სტომატოლოგიურ ორგანიზაციებს უკვე აღარ შეეძლოთ ლუსის იგნორირება. გარკვეული დროის შემდეგ ის მიიღეს აიოვას  სტომატოლოგიური საზოგადოების წევრად, შემდეგ კი მოვიდა მოწვევა ოჰაიოს სტომატოლოგიური კოლეჯიდან, რომელიც ლუსიმ წარმატებით დაამთავრა და მიიღო სტომატოლოგის დიპლომი და DDS ხარისხი. ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც დაიმსახურა ეს მაღალი წოდება და დაამსხვრია კოლეგების ძველი წარმოდგენები.

1866 წელს ლუსი ჰობსი გადავიდა ჩიკაგოში, სადაც შეხვდა მომავალ მეუღლეს, სამოქალაქო ომის ვეტერანს, რკინიგზის თანამშრომელს. ლუსი მეუღლისგან სიყვარულის გარდა პროფესიონალურ მხარდაჭერასაც მოითხოვდა, ამიტომ მალე მისტერ ტეილორმა ცოლის ხელმძღვანელობით აითვისა სტომატოლოგის პროფესია. ლუსისთან ერთად ჯეიმს ტეილორმა დანტისტად 20 წელი იმუშავა. მისი სიკვდილის შემდეგ, ლუსიმ მიატოვა თავისი პროფესიული მოვალეობების დიდი ნაწილი და აქტიურად დაკავდა ქალების უფლებების დაცვით. ის გარდაიცვალა ლოურენსში 1910 წლის 3 ნოემბერს, 77 წლის ასაკში. მისი სიკვდილის შემდეგ, პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, დანტისტების ამერიკის ქალთა ასოციაციამ 1983 წელს დაარსა პრემია Lucy Hobbs Taylor Award. ამ ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემენ ქალს, რომელმაც ყველაზე დიდ სიმაღლეებს მიაღწია პროფესიაში.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.