მითები და რეალობა იმპლანტაციის შესახებ

სტომატოლოგია საკმაოდ სწრაფად განვითარებადი მეცნიერებაა. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ მედიცინის ამ სფეროში ჩნდება მრავალი მითი, რომელიც ადამიანებს ექიმთან ვიზიტის წინ შიშს უსახავს. ჩვენ შევეცდებით პასუხი გაქცეთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვებზე და მოგიყვებით სიმართლეს კბილების იმპლანტაციის შესახებ.

მართალია, რომ იმპლანტაციას ბევრი უკუჩვენება აქვს?

უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა სამედიცინო პროცედურას, მათ შორის სტომატოლოგიურს, თავისი უკუჩვენება აქვს. შეზღუდვები იმპლანტაციისთვის მართლაც არსებობს, თუმცა ეს გამართლებული აუცილებლობაა. იმპლანტაციის ჩატარება მაგალითად კატეგორიულად არ შეიძლება სიმსივნური დაავადებების და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების დროს, ქიმიოთერაპიის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდში. იმპლანტის ჩანერგვა რეკომენდებული არ არის ასევე შაქრიანი დიაბეტის, ბრუქსიზმის, ტუბერკულოზის, ენდოკარდიტის, რევმატოიდული ართრიტის, ჰემოფილიის, ჰემორაგიული დიათეზის მქონე პაციენტებში. აბსოლუტური უკუჩვენებების გამოსავლენად ტარდება წინასწარი დიაგნოსტიკა. თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებს აქვთ ყველა აუცილებელი გამოსაკვლევი აღჭურვილობა. მკურნალობის ასეთი ტექნოლოგია გართულებების განვითარების რისკს თითქმის ნულამდე ამცირებს.

რამდენად ხშირად იწვევს იმპლანტაცია გართულებებს?

იმპლანტაციის წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს ექიმის კვალიფიკაციას, აპარატურას, იმპლანტატების წარმოების ხარისხს და პაციენტის ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას. რა სირთულეები შეიძლება განვითარდეს სარეაბილიტაციო პერიოდში? ოპერაციის შემდეგ პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა იწვევს პერიიმპლანტიტის – იმპლანტის ირგვლივ მდებარე ღრძილებისა და ძვლოვანი ქსოვილის ანთების განვითარებას. კონსტრუქციაზე ზედმეტმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ხრახნის დასუსტება ან სულაც გატეხვა. ეს რომ არ მოხდეს, იმპლანტატის ჩანერგვის შემდეგ აუცილებელია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი შეხორცების პროცესის კონტროლის მიზნით. თუ კარგად დავიცავთ პირის ღრუს მოვლის ყველა რეკომენდაციას, იმპლანტები უმტკივნეულოდ და სწრაფად შეიზრდება. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია ჯანმრთელი, ლამაზი და ბუნებრივი ღიმილის დაბრუნება გართულებების გარეშე.

იმპლანტები და პროთეზები ერთი და იგივეა?

იმპლანტებსა და პროთეზებს შორის არსებობს რამდენიმე პრინციპული განსხვავება. იმპლანტაციით შესაძლებელია ერთი ან მეტი კბილის შეცვლა მეზობელი კბილების დაქლიბვის გარეშე. ტრადიციული პროთეზირების დროს კონსტრუქცია ეყრდნობა მეზობელ კბილებს, რისთვისაც მათზე დგება გვირგვინები. იმპლანტი უშუალოდ ძვალში ჩაინერგება და არ საჭიროებს მეზობელ კბილებზე ზემოქმედებას. კიდევ ერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ იმპლანტაციის საშუალებით შენარჩუნებულია ძვლოვანი ქსოვილი ამოღებული კბილის ადგილზე. ამ ყველა თავისებურების გამო იმპლანტაცია რესტავრაციული სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეთოდია, რომელიც აღადგენს ლამაზ და ბუნებრივ ღიმილს ყველაზე რთულ კლინიკურ შემთხვევებშიც, მაგალიტად, სრული ადენტიის დროს.

მართალია, რომ იმპლანტაცია მტანჯველი და ხანგრძლივი პროცესია?

ჯერ უნდა აღვნიშნოთ, რომ იმპლანტაცია მტანჯველი არ არის. იმპლანტის ჩანერგვის მთელი ოპერაცია 40 წუთზე მეტი არ გრძელდება. მთელი ამ დროის განმავლობაში პაციენტი ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ იმყოფება ანუ ვერ გრძნობს ექიმის მიერ ჩატარებულ მანიპულაციებს. იმპლანტაციის შემდეგ საჭიროა 3-4 თვე იმპლანტების მისახორცებლად. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ესთეტიკური საკითხების მოგვარებაში გვეხმარება დროებითი პროთეზები. ასეთი მოსახსნელი ან მოუხსნელი დროებითი კონსტრუქციები ლამაზ ღიმილს გვინარჩუნებენ მუდმივი გვირგვინების დამაგრებამდე. მაგრამ, თუ თქვენთვის დროს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, გირჩევთ ისარგებლოთ ერთეტაპიანი იმპლანტაციით. ამ შემთხვევაში იმპლანტზე დატვირთვა ხდება კონსტრუქციის დაყენებისთანავე. იმპლანტის ჩანერგვის ტექნოლოგიის არჩევა დამოკიდებულია კლინიკურ შემთხვევაზე და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. წინასწარი დიაგნოსტიკის საშუალებით ფასდება ბუნებრივი კბილების დაშლის ხარისხი და შეირჩევა მკურნალობის ყველაზე ეფექტური სტრატეგია.

იმპლანტების მოვლა აუცილებელი არ არის, ეს ხომ ხელოვნური კბილებია

უნდა გითხრათ, რომ იმპლანტაცია პანაცეა არ არის. მისი საშუალებით აღდგება კბილთა მწკრივის მთლიანობა და გვიბრუნდება ლამაზი ღიმილი. სწორედ ამ შედეგის შესანარჩუნებლად, საჭიროა პირის ღრუს სპეციალური მოვლა. აუცილებლად უნდა მიმართოთ სტომატოლოგ-ჰიგიენისტს ყოველ 6-7 თვეში 1-ჯერ. ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისისა და ფლოსის გარდა, უნდა გამოიყენოთ ირიგატორი, რომელიც წმენდს კბილთაშორის შუალედებს და პირის ღრუს სხვა ძნელად მისადგომ უბნებს. იმპლანტების სწორად მოვლა, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი და მკურნალი ექიმის ყველა რეკომენდაციის დაცვა ჯანმრთელი ღიმილის შენარჩუნების გარანტიას იძლევა მრავალი წლის განმავლობაში. >>> სტომატოლოგია


აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.