როგორ გაჩნდა კბილის პროთეზები ანუ რად უნდა ლამაზმანს მარაო?

როგორ გაჩნდა კბილის პროთეზები ანუ რად უნდა ლამაზმანს მარაო?

პერუს ერთ-ერთ მუზეუმში გამოფენილია ჩვ.წ.აღ-ით IX ს-ის ინკის თავის ქალა, რომელსაც აქვს კვარცისა და ამეთვისტოსგან დამზადებული 32 კბილი-იმპლანტატი, ხოლო ჰონდურასის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ინკის ქვედა ყბის ფრაგმენტი (სავარაუდოდ, ჩვ.წ.აღ-მდე VI ს), რომელზეც შენარჩუნებული იყო ზღვის მიდიების ნიჟარისგან დამზადებული სამი იმპლანტატი. საფრანგეთში აღმოაჩინეს ქალის თავის ქალა (ჩვ.წ.აღ-ით I ს) ზედა ყბის ლითონის იმპლანტატით.

კბილების დაკარგვას კაცობრიობა ვერ ეგუებოდა. ჯერ კიდევ თალმუდში ნახსენებია ქალი, რომელმაც ხელოვნური კბილი ჩაისვა, რომ საქმროს მოწონებოდა. არქეოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ პირველი „დანტისტები” გაჩნდნენ ეგვიპტეში 3000 წლით ადრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მათ შეეძლოთ კბილის გადატანა ერთი ადამიანიდან მეორეში (ღარიბიდან მდიდარში). ფარაონებს აუცილებლად კბილებით კრძალავდნენ – მათ მიცვალებულს მუმიფიკაციის წინ უკეთებდნენ. სიცოცხლის დროს მათ ხშირად უსვამდნენ სპილოს ძვლისგან დამზადებულ ხელოვნურ კბილებს, რომლებსაც ამაგრებდნენ ჯანმრთელ კბილებზე ოქროს მავთულით, ანუ ქმნიდნენ თანამედროვე ბუგელური პროთეზების მსგავს კონსტრუქციას. ძველი ეტრუსკები კბილებს სპილოს ძვლისგან ან სხვა ცხოველების ძვლებისგან თლიდნენ, ამერიკელი ინდიელები ამუშავებდნენ ქვას და მას კბილის მსგავს ფორმას აძლევდნენ…

მარაო ფუფუნება არ არის

ჩვენი წინაპრებისგან ათასწლეულები ან ასწლეულები გვაშორებს, მაგრამ ადამიანის ბუნება მას შემდეგ არ შეცვლილა – კბილის ტკივილი იმ დროშიც ისეთივე აუტანელი იყო, როგორც ამჟამად. მისი ასაცილებელი ერთადერთი საშუალება იყო კბილის ამოღება. შედეგად, კბილთა მწკრივში უკბილი შუალედები თითქმის ყველას ჰქონდა, მათ შორის წარჩინებულთაც.

ყველაზე პოპულარული მაგალითი, რომელიც სტომატოლოგებს მოჰყავთ, არის ჯორჯ ვაშინგტონი, რომელმაც ადრე დაკარგა კბილები. ერთნი ამტკიცებენ, რომ მას ხის კბილები ჰქონდა, სხვანი ამბობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტის ხელოვნური კბილები ბეჰემოთის ძვლისგან და მასზე დამაგრებული ადამიანის 8 კბილისგან იყო დამზადებული. ეს უკანასკნელი უფრო ჰგავს სიმართლეს, რადგან XVIII ს-ის შუამდე ხელოვნურ კბილებს, ძირითადად, ამზადებდნენ ცხოველების ძვლებისა და კბილებისგან, ასევე ადამიანის კბილებისგანაც, რომლებსაც ან ღარიბებისგან ყიდულობდნენ, ან მკვდრებს აძრობდნენ. ასე რომ, კბილები პირველი გადანერგილი ორგანო იყო, რომელიც ყიდვა-გაყიდვის საგანი გახდა.

200-300 წლის წინ ადამიანებს ძალიან ეშინოდათ კბილების დაკარგვის, განსაკუთრებით ძნელად ამას ქალები ეგუებოდნენ – ჩავარდნილი ლოყები და შეცვლილი ნიკაპი მათ ამახინჯებდა, ხოლო პირში აბრეშუმის ძაფებით დამაგრებული ხელოვნური კბილების გადაყლაპვა ადვილად შეიძლებოდა სადილის დროს, ამიტომ ჭამის წინ მათ პირიდან იღებდნენ, რაც სტუმრობის დროს შეუძლებელი იყო. ყველაზე ძვირი ადამიანის კბილები იყო, ისინი კი კატასტროფულად არ ჰყოფნიდათ. ისინი გაიაფდა ნაპოლეონის წყალობით. მისი არმიის დამარცხების შემდეგ ბაზარზე გამოჩნდა კბილებით სავსე ტომრები, ხოლო მათგან დამზადებულ პროთეზებს „ვატერლოოს კბილებს” ეძახდნენ. ადამიანებს არ აწუხებდათ ის, რომ მკვდარი ადამიანების კბილებს ატარებდნენ, რომლებიც ამ დროს უკვე იხრწნებოდნენ. მრავალი თვლის, რომ სწორედ ცუდ კბილებს უნდა უმადლოდნენ ქალები მარაოს შემოღებას – ის უსიამოვნო სუნს ფანტავდა და აუცილებლობის დროს ფარავდა უკბილო პირს. XIX ს-ში „ანტისეპტიკის” ცნების შემოღებამდე იმპლანტაციის ყველა მცდელობა ან წარუმატებელი იყო, ან დიდხანს არ ძლებდნენ – ჭრილობა ინფიცირდებოდა და იმპლანტატი გამოძევდებოდა.

ახალი ერა იმპლანტოლოგიაში

XIX ს-ში ძვალშიდა იმპლანტაცია უფრო აქტიურად განვითარდა. იყენებდნენ ხეს, სხვადასხვა ლითონებს, ფაიფურს, ოქროს. საუკუნის დასაწყისში პირველად დამზადდა პლატინის შტიფტზე დამაგრებული კერამიკული კბილი, ასევე ოქროს იმპლანტატი. სტომატოლოგია წინსვლას უნდა უმადლოდეს სავულკანიზაციო რეზინის გამოგონებას – იგი გამოიყენებოდა ხელოვნური კბილის დასამაგრებლად. 1888 წელს დოქტორმა ბერიმ შეიმუშავა ბიოთავსებადობის პრინციპი, ხოლო 1891 წელს პიროგოვის IV ყრილობაზე პრივატ-დოცენტი .. ზნამენსკი გამოვიდა მოხსენებით „ხელოვნური კბილების იმპლანტაცია”. მან დაადგინა, რომ იმპლანტატის დასამაგრებელი საუკეთესო ადგილია არა ამოღებული კბილის კბილბუდე, რომელსაც მისი წინამორბედები იყენებდნენ, არამედ აღდგენილი ძვალი. იმისათვის, რომ იმპლანტატი არ გამოძევდეს, აუცილებელია მისი დამზადება ისეთი მასალისგან, რომელიც არ ერთვება ძვალში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებში. დაიწყეს შესაბამისი მასალების ძიება და აღმოაჩინეს ტიტანის უნიკალური თვისებები – ინერტულობა, სიმსუბუქე, კოროზიისადმი მედეგობა.

თანამედროვე იმპლანტოლოგიის სამშობლოდ სამართლიანად ითვლება შვედეთი –პერინგვარ ბრონემარკის და მისი თანამოაზრეების წყალობით. 1978 წელს ჰარვარდის კონფერენციაზე მან გააკეთა მოხსენება და წარმოადგინა 1952 წელს დაწყებული კვლევის შედეგები. მაშინ ბრონემარკმა ჩამოაყალიბა აუცილებელი პირობები კბილის წარმატებული პროთეზირებისთვის იმპლანტატებზე დაყრდნობით: სტერილურობა, ზედაპირის სისუფთავე, ატრავმულობა, სარეცელისა და კონსტრუქციის გეომეტრიული თანაფარდობა, რაც აუცილებელია ძვალთან ლითონის ზედაპირის მჭიდროდ შესაზრდელად, რასაც მოგვიანებით ოსტეოინტეგრაცია უწოდეს. წარმატებული იმპლანტაციის პრინციპებმა და მისმა შედეგებმა ფაქტიურად ახალი ერა დაიწყეს იმპლანტოლოგიაში. გასული საუკუნის მეორე ნახევარში აქტიურად მუშავდებოდა ფორმითა და გამოყენების საჭიროებით განსხვავებული იმპლანტატების კონსტრუქციები. 80-იან წლებში შემოთავაზებულ იქნა დიდი რაოდენობით კონსტრუქციები, რომელთა უმრავლესობაც სინამდვილეში Branemark-ის სისტემის იმპლანტატების მოდიფიკაციებს წარმოადგენდა და გამოიყენებოდა როგორც ორეტაპიანი, ასევე ერთეტაპიანი იმპლანტაციისთვის.

კბილების დაბრუნება

ამჟამად, ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის სტანდარტებით, პაციენტში თუნდაც ერთი კბილის არარსებობის დროს, სტომატოლოგმა მას უნდა შესთავაზოს იმპლანტატის დაყენება, ხოლო თუ ის არ ფლობს ამ მეთოდს – უნდა გაგზავნოს პაციენტი სპეციალისტთან. თუ ის ამას არ გააკეთებს, შეიძლება სასამართლო პასუხისგებაში მისცენ.

იმპლანტოლოგიის სწრაფი განვითარების  გამო, ამჟამად ბევრისთვის წარმოუდგენელია, რას ითმენენ ადამინები მოსახსნელ პროთეზებთან ბრძოლისას: მუდმივი შიში, რომ კბილები ჭამის დროს გამოხტებიან პირიდან, ხელს შეუშლიან მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი საუბრის დროს.

იმპლანტატების საშუალებით  პროთეზირების უპირატესობა უკვე ყველასათვის ცნობილია. ძვალში იმპლანტატის ჩანერგვა აჩერებს მის გაწოვას დაკარგული კბილის (ან კბილების) მიდამოში, უზრუნველყოფს ფიზიოლოგიურ დატვირთვას და ინარჩუნებს ძვალს. კბილის იმპლანტატები სრულიად აღადგენენ დაკარგული კბილების ფორმასა და ფუნქციას. ამავდროულად, მათი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სიდიდის დეფექტების ჩანაცვლება მეზობელი კბილების მოქლიბვის გარეშე. ხშირად მათ იყენებენ, როგორც ხიდისებრი პროთეზის საყრდენს კბილთა მწკრივის დიდი დეფექტების აღდგენის დროს. ამას გარდა, კბილის იმპლანტატების საშუალებით მზადდება მოუსახსნელი პროთეზები სრულიად უკბილო ყბაზე, ან იმპლანტატი ასრულებს საყრდენის როლს მოსახსნელი პროთეზებისთვის, რის გამოც მიიღწევა მათი უფრო მტკიცე ფიქსაცია ჩვეულებრივ მოსახსნელ პროთეზთან შედარებით.

იმპლანტატების დაყენების პროცესი პრაქტიკულად უმტკივნეულოა. მისი ჩატარებისას გამოიყენება იგივე ადგილობრივი ანესთეზია, როგორც კარიესის მკურნალობის დროს. ძვლებს გაუტკივარება საერთოდ არ სჭირდებათ – მათში არ არის ტკივილის წარმომშობი ნერვული დაბოლოვებები. ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით, გამოიყენება იმპლანტაციის სხვადასხვა მეთოდები, რომელთა შედეგიც, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია წარმატებულ ოსტეოინტეგრაციაზე – ანატომიურ და ფუნქციურ კავშირზე ცოცხალ ძვალსა და იმპლანტატის ზედაპირს შორის. თანამედროვე იმპლანტატები, ძირითადად, წარმატებით „უხორცდება” პაციენტთა 95-98%-ს.

ამბები მომავლიდან

ამჟამად, იმპლანტაცია დაკარგული კბილების ჩანაცვლების ყველაზე ფიზიოლოგიური და მოთხოვნადი მეთოდია. თუმცა, მეცნიერები ამაზე არ ჩერდებიან. ვინ იცის, იქნებ მომავალში კბილების მესამე კომპლექტს შევიძენთ სტომატოლოგის მონაწილეობის გარეშე? მაგალითად, ლონდონის სამეფო სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა თაგვის ღეროვანი უჯრედებისგან გამოზარდეს დენტინის, მინანქრის, სისხლძარღვებისა და ნერვების შემცველი კბილი. ამერიკის ვაშინგტონის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კბილის პულპიდან შეიძლება ღეროვანი უჯრედების გამოყოფა, რომლებიც გარკვეულ პირობებში შეიძლება გადაიქცნენოდონტობლასტებად – უჯრედებად, რომლებიც გამოიმუშავებენ კბილის დენტინს. ტეხასის შტატის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეპითელური უჯრედების წყარო, რომლებიც გამოიმუშავებენ კბილის მინანქარს. პოლტავის კრიოკონსერვირებული, ემბრიონული, უჯრედული და ფეტოპლაცენტური ქსოვილების ტრანსპლანტაციის ცენტრში ჯერჯერობით შეჩერებულია ახალი კბილის გამოზრდის კვლევები: დაკარგული კბილის ადგილზე პაციენტის ღრძილში კეთდება ინექცია სარძევე კბილის ღეროვანი უჯრედების საფუძველზე და 3-4 თვის შემდეგ ადამიანს ახალი კბილი ამოსდის.

ამჟამად, ყველა ეს მონათხრობი ფანტასტიკა ჩანს. მით უმეტეს, რომ ღეროვანი უჯრედებით მანიპულაციები ნებადართულია მხოლოდ კვლევების დონეზე. მაგრამ ვინ იცის, როგორ დამთავრდება ისინი? იქნებ 15-20 წლის შემდეგ საკმარისი იქნება მხოლოდ ჩხვლეტა კბილის ადგილზე, რომ აღდგეს კბილთა მწკრივი? ამჟამად ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ვიოცნებოთ და დაკარგული კბილების დაბრუნების მხოლოდ რეალური შესაძლებლობების იმედი გვქონდეს პროთეზირებისა და იმპლანტაციის მეთოდების საშუალებით.

www.kzfspb.ru
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.