როგორ უნდა დავძლიოთ სტომატოლოგის შიში

როგორ უნდა დავძლიოთ სტომატოლოგის შიში

სტომატოფობია, ოდონტოფობია, დენტოფობია – სტომატოლოგების მიმართ პათოლოგიურ შიშს მრავალი სახელი აქვს. ჩვენთან სტომატოლოგის შიშმა ეპიდემიის სახე მიიღო. შესაძლოა, ყოველივე ამის მიზეზია უფასო საბჭოთა მედიცინა ჩარიგებული საწამებელი სტომატოლოგიური სავარძლებით, ძველი ბორმანქანებითა და შეძახილებით „ნუ იტყუები, საერთოდ არ გტკივა!”.

აჟამად, მსგავსი ეგზოტიკის მოძებნა რაიონულ პოლიკლინიკაშიც კი შეუძლებელია. ხოლო კერძო კლინიკებში თავის მისაყრდნობსაც გაგისწორებენ, მომადუნებელ მუსიკასაც ჩაგირთავენ და შემოგთავაზებენ ანესთეზიის რამდენიმე სახეს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც მრავალ მიზეზს ვპოულობთ, რომ გადავდოთ სტომატოლოგთან ვიზიტი. სავარძელში გულისწასვლები, შიშისგან უნებლიედ შეკუმშული ყბები და სტომატოლოგთა დაკბენილი თითები ჯერ კიდევ არ გამხდარა ისტორიის საკუთრება.

რისი გვეშინია?

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სტომატოლოგის პაციენტებს ყველაზე მეტად ტკივილის ეშინიათ. ნემსებისადმი, ბორმანქანისადმი და ინსტრუმენტებისადმი შიში უკვე მეორადია, რადგან უპირველეს ყოვლისა, აშინებთ ის, რომ მათ ტკივილის მიყენება შეუძლიათ.

ამას გარდა, დისკომფორტს იწვევს:

– უმწეობის შეგრძნება

– შეუცნობელისადმი შიში და ეჭვი, რომ ექიმი რაღაცას ისე არ გააკეთებს

– უხერხულობა, საჭიროებიდან გამომდინარე ვიღაცას აჩვენო შენი არც თუ ლამაზი პირი

– მკურნალობის თანხის გაგება

შიშიდან ფობიამდე

ერთია, როდესაც სტომატოლოგთან ვიზიტი აღტაცებას არ იწვევს ან უბრალოდ გაშფოთებთ და სულ სხვაა პანიკური შიში. დენტოფობიის შედეგები კი არც თუ სახარბიელოა. იმის გამო, რომ ექიმთან ვიზიტი ბოლო მომენტამდეა გადადებული, კარიესის მაგივრად გვიწევს უკვე პულპიტის მკურნალობა (უფრო ხანგრძლივი, არასასიამოვნო და ძვირი), კბილების ამოღება, რომელთა მკურნალობაც ადრე შეიძლებოდა და საერთოდ იმ ყველაფრის გამოსწორება, რასაც თავიდან ავიცილებდით ელემენტარული პროფილაქტიკით.

პანიკაში მყოფი პაციენტებისგან ექიმებიც არ არიან აღტაცებულნი და ეს გასაგებიაცაა. სცადეთ კალიგრაფიული ხელწერით შეავსოთ ანკეტა სოფლის ავტობუსში ან გაუყარეთ ძაფი ნემსში, რომელიც ხელში უჭირავს ტრემორის მქონე ალკოჰოლიკს – ასევე მოუხერხებელია ექიმისთვის შიშისაგან აკანკალებულ პაციენტთან მუშაობა. და კიდევ კარგი, თუ ასეთი პაციენტი ინსტრუმენტიან ხელში არ ეცემა ექიმს და არ დაუწყებს ჭიდილს.

როგორ უნდა დავძლიოთ სტომატოლოგის შიში?

ნებისმიერი დენტოფობიით შეპყრობილი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ტკივილის მოთმენა უკვე შეუძლებელია. და აქ უკვე აღმოჩნდება, რომ თურმე თანამედროვე მეთოდებით კბილების მკურნალობა მტკივნეული აღარ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, კარგ კლინიკებში.

ამ ცოდნის მიღებას სამწუხაროდ ეწირება კბილი, რომლის დროულად მკურნალობაც შესაძლებელი იყო, მაგრამ წლების მანძილზე წუწუნმა „არ მინდა”, მას შანსი არ დაუტოვა.

სამასხსოვრო დენტოფობისთვის

1. წარმოიდგინეთ ცუდი და კარგი სტომატოლოგი. რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?

დაფიქრდით, კონკრეტულად რის გამო გეშინიათ სტომატოლოგის. სცადეთ გაარკვიოთ, რომელ შიშს აქვს რეალური საფუძველი (პირის გაღება ყველა შემთხვევაში მოგიწევთ) და რომელია ფანტაზიის ნაყოფი (ექიმი ჯანმრთელ კბილს არ ამოგიღებთ!).

2. გაეცანით ინფორმაციას ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალებების შესახებ, რომლებიც გამოიყენებიან თანამედროვე სტომატოლოგიაში.

შიშის უპირველესი წყაროა ტკივილი, თქვენ კი უკვე იცით, რა უნდა გააკეთოთ ტკივილის თავიდან ასაცილებლად. ის დრო დიდი ხანია წავიდა, როდესაც ღრძილში აკეთებდნენ არა ყოველთვის ეფექტურ ნოვოკაინს. თანამედროვე პრეპარატებით ჩატარებული ანესთეზიის შემდეგ ტკივილი გამორიცხულია. უფრო მეტიც, შეიძლება მოითხოვოთ წინასწარ საანესთეზიო სპრეის გამოყენება და მაშინ ღრძილში ჩხვლეტაც უმტკივნეულო იქნება. ამას გარდა, პრაქტიკულად ყველგან შეიძლება შემოგთავაზონ დამამშვიდებელი საშუალება მკურნალობის დაწყების წინ.

ზოგიერთ კლინიკაში კბილების მკურნალობას ახორციელებენ ნახევრად ძილის მდგომარეობაში, როდესაც სედაციური პრეპარატების ზემოქმედებით შიში ითრგუნება და პაციენტი დუნდება, მაგრამ რჩება გონებაზე. ზოგიერთ კლინიკაში კი საერთოდ სთავაზობენ მკურნალობას ზოგადი ნარკოზის ქვეშ.

3. აირჩიეთ კარგი კლინიკა და სპეციალისტი

უნდა აირჩიოთ ის, ვინც თქვენი მეგზური იქნება სტომატოლოგიის სამყაროში. დამერწმუნეთ, თქვენ არ ხართ პირველი პრობლემური პაციენტი – კარგ დანტისტს შემუშავებული აქვს ყველაზე მშფოთვარე პაციენტებთან ურთიერთობის მეთოდი.

ექიმის არჩევა სასურველია რეკომენდაციით, ცუდი არ იქნება თუ მოუსმენთ რჩევებს სპეციალიზებულ ინტერნეტ-რესურსებზე, განსაკუთრებით კი ყოფილ „პრობლემურ” პაციენტებს.

4. ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და გააფრთხილეთ, რომ თქვენ რთული პაციენტი ხართ და პირველ ვიზიტზე გსურთ თავი აარიდოთ სამკურნალო მანიპულაციებს.

გაესაუბრეთ ექიმს, აუხსენით მას სიტუაცია. არ მოგერიდოთ, თქვენ დამნაშავე არ ხართ იმაში, რომ გეშინიათ. თქვენ ისედაც გამოიჩინეთ სიმამაცე, რომ პირველი ნაბიჯი გადადგით შიშის დასაძლევად.

გეშინიათ სავარძელში ჩაჯდომა? ჯერ ისე სცადეთ საუბარი. გეშინიათ ინსტრუმენტების? სთხოვეთ მოაშორონ ისინი თქვენი თვალთახედვის არედან. გახსოვდეთ, რომ ძალით თქვენ არავინ არ გიმკურნალებთ. თუ პანიკა გეწყებათ, გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და გაიხსენეთ, რომ არაფერი საშიში არ ხდება.

სთხოვეთ ექიმს დაწვრილებით გიამბოთ მკურნალობაზე. არ მოგერიდოთ კითხვების დასმა – როდესაც იცი წინ რა გელის, არ უნდა შეგეშინდეს მოულოდნელობების. ჰკითხეთ ექიმს, რომელ დამამშვიდებელ საშუალებას გირჩევთ მისაღებად მომდევნო ვიზიტის წინ.

5. დაადგინეთ მკურნალობის თანხა მის დაწყებამდე.

ზუსტ თანხას წინასწარ ვერ გეტყვიან, მაგრამ მიახლოებით ფარგლებს დაგიზუსტებენ. თუ დანტისტის მომსახურებას მაშინვე ვერ გადაიხდით, ვიზიტი განუსაზღვრელი ვადით არ გადადოთ. ვიდრე თქვენ ფულს შეაგროვებთ, კბილი შეიძლება უფრო დაზიანდეს და მკურნალობა კიდევ უფრო ძვირი დაგიჯდებათ. მრავალ კლინიკაში მომსახურებას კრედიტით აღმოგიჩენენ.

6. თუ ექიმმა თქვენში ნდობა გამოიწვია, მაშინვე ჩაეწერეთ მომდევნო ვიზიტზე.

ბოლო მომენტში რომ არ გადაუხვიოთ გზიდან, რაღაც თანხა დატოვეთ შემდგომი ვიზიტისთვის, ხოლო თქვენი ფული რომ ტყუილად არ დაიკარგოს, წინასწარ უზრუნველყავით საპატიო ყარაული – ის, ვინც მიგაცილებთ სტომატოლოგამდე.

7. წინასწარ შეთანხმდით პირობით ნიშანზე, რომლის შემდეგაც ექიმმა პაუზა უნდა გააკეთოს.

ასეთი მოლაპარაკება იმის თავდაჯერებულობას შეგმატებთ, რომ შეგიძლიათ სიტუაციის კონტროლი. ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე, შეიძლება სთხოვოთ მკურნალობის პროცესის კომენტირება. მაგრამ, მკაცრად აკრძალულია ექიმს სტაცოთ ხელზე ხელი. თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული, ჩაეჭიდეთ სავარძლის სახელურს.

8. არ დაგავიწყდეთ ნარკოზი.

თუ თქვენ მიეკუთვნებით იმ ადამიანების კატეგორიას, რომელთათვისაც პირის გაღება შესაძლებელია მხოლოდ წამების ქვეშ ან უგონო მდგომარეობაში, თქვენთვის არის გამოგონებული ზოგადი ნარკოზი. ამ შემთხვევაში ყველა მანიპულაცია, საკუთრივ ნარკოზში შესვლის გარდა, პაციენტის ცნობიერების გარეთ რჩება.

პრობლემური პაციენტების სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყველაზე ხშირად მორფინი სჭირდება ძლიერი სქესის წარმომადგენლებს. ეს იმით აიხსნება, რომ ქალებს უფრო ხშირად ეშინიათ სტომატოლოგების, მამაკაცებს კი უფრო ძლიერად. თან იმდენად, რომ ზოგჯერ ზოგად ანესთეზიას მარტო სურვილის გამო კი არა, ჩვენებების გამოც საჭიროებენ, როდესაც ამოსაღები ხდება კბილების თითქმის ნახევარი.

ზოგადი ნარკოზის აუცილებლობა განიხილება პაციენტთან ინდივიდუალურად. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ანესთეზიის უპირატესობებს არ გადააჭარბოს მასთან დაკავშირებულმა რისკ-ფაქტორებმა.

სტომატოლოგის მიმართ შიშთან ბრძოლა არაფრით არ განსხვავდება სხვა ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრისგან.

სქემა ტრადიციულია:

1. აღიარეთ, რომ პრობლემა არსებობს;

2. დააკონკრეტეთ თქვენი შიში და ეცადეთ მოძებნოთ შემაშინებელი სიტუაციის განვითარების  კომფორტული ვარიანტი თქვენი ფსიქიკისთვის.

ამაში არაფერია ექსტრაორდინარული. მაგრამ, გაძლევთ სტაჟიანი დენტოფობის პატიოსან სიტყვას, რომლის წარსულშიც იყო დაკბენილი სტომატოლოგები, ნიშადურის დაყნოსვა კლინიკის ზღურბლზე და ტყუილად დაკარგული კბილები – ეს უბრალო ალგორითმი ნამდვილად დაგეხმარებათ.

პირობითი რეფლექსის მექანიზმით მომუშავე შიშს აქვს გაქრობის თვისება, თუ ამ რეფლექსს არ გავამყარებთ. ერთი-ორი წარმატებული მცდელობა და სტომატოლოგის წინაშე შიში ქრება.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.