როდესაც ყველაფერი კარგად არ მიმდინარეობს

როდესაც ყველაფერი კარგად არ მიმდინარეობს

კბილების იმპლანტაცია დიდი ხანია ეგზოტიკიდან ყოველდღიურ ოპერაციად იქცა და ის უკვე მრავალი სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურების ასორტიმენტში შედის. ტიტანის იმპლანტის დაყენების და შემდგომ ლითონ-კერამიკული გვირგვინის დამაგრების ოპერაციების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მაგრამ, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ოპერაციების რაოდენობასთან ერთად, გაიზარდა იმპლანტაციის შემდგომ განვითარებული გართულებების რიცხვიც.

იმპლანტაციის საშუალებით კბილთა მწკრივის აღდგენამდე, პაციენტმა უნდა გაიაზროს, რომ ის რისკავს არა მარტო ღიმილის სილამაზით, არამედ თავისი ჯანმრთელობითაც, რადგან ოპერაციის დროს შეიძლება დაზიანდეს ძვლოვანი ქსოვილი. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე აღჭურვილობით და კომპიუტერული ტექნოლოგიებით მნიშვნელოვნად მცირდება ასეთი გართულებების რიცხვი, მაგრამ კლინიკისა და ექიმის არჩევას მაინც ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეთ.

უნდა გახსოვდეთ, რომ იმპლანტი უცხო სხეულია და ექიმის მცირედი შეცდომაც კი საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ორგანიზმმა ის გამოაძევოს. გამოძევების მიზეზებს ასევე მიეკუთვნება ძვლოვანი ქსოვილის გადახურება ოპერაციის ჩატარების დროს და ოსტეოპოროზი, რომელიც ხელს უშლის ძვლოვანი ქსოვილის ჩაზრდას იმპლანტის ირგვლივ. ამ შემთხვევაში იმპლანტი უნდა მოცილდეს და შემდგომი მკურნალობა გაგრძელდეს ჩვეულებრივი პროთეზირებით, მეზობელი კბილების მოქლიბვით.

იმპლანტის მიხორცების პერიოდში შეიძლება განვითარდეს პერიიმპლანტიტი – ქსოვილების ანთება იმპლანტის ირგვლივ. ანთების მიზეზებს მიეკუთვნება: ძვლოვანი სარეცელის პრეპარირების არასწორი ტექნიკა; სისხლჩაქცევა შემდგომი დაჩირქებით; ღია ჭრილობა ოპერაციის შემდეგ; პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. სათანადო მკურნალობის გარეშე შეიძლება დაიწყოს ძვლის ქსოვილის ატროფია და იმპლანტი გამოძევდება.

არსებობს ცხვირისახლო წიაღების კედლის დაზიანების რისკი ოპერაციის დროს, რაც იწვევს ჰაიმორიტს ან ჩირქის შეღწევას პროთეზირების მიდამოში. ადვილად შეიძლება დაზიანდეს ქვედა ყბის ნერვებიც, რის შედეგადაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში “დაბუჟებული” რცება ტუჩები, ენა და ლოყები. ასევე შეიძლება მოხდეს იმპლანტის შეჭრა ზედა ყბის წიაღში, რისი მიზეზიც არის ძვლოვანი ქსოვილის სისუსტე. იმპლანტის მიდამოში შეიძლება ჩაიზარდოს ლორწოვანი გარსიც, რაც საჭიროებს თერაპიულ და ხშირად ქირურგიულ მკურნალობას. უშუალოდ ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი ტკივილი და შეშუპებება, ასევე გაიხსნას ნაკერები, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა პაციენტში ჭრილობების შეხორცების ინდივიდუალურ თავისებურებებთან. ყველა ეს სიმპტომი საჭიროებს გადაუდებელ სტომატოლოგიურ დახმარებას.

გართულებები შეიძლება გამოიწვიოს როგორც ექიმის შეცდომებმა და ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობამ, ასევე პაციენტის არასწორმა ქცევამაც. მაგალითად, თამბაქოს მოხმარება აუარესებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც ჭრილობა უფრო ცუდად ხორცდება და იზრდება ანთების განვითარების რისკი.

უკვე მიხორცებული იმპლანტიც საჭიროებს ძალიან დიდ ყურადღებას და ჰიგიენურ მოვლას. აუცილებელია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები, კბილების გაწმენდა ხარისხიანი კბილის პასტით და აუცილებლად პირის ღრუს გამორეცხვა ჭამის შემდეგ.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.