ყველასათვის შესაძლებელია იმპლანტაცია?

ყველასათვის შესაძლებელია იმპლანტაცია?

ერთი ან რამდენიმე კბილის დაკარგვის შედეგად უარესდება ღეჭვის პროცესი, ჩნდება კოსმეტიკური პრობლემები და საშიშროებას ექმნება ადამიანის ყბა-კბილოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

თანამედროვე მეცნიერების მნიშვნელოვანი წარმატებებისა და კბილების სწორად მოვლის მიუხედავად, ადამიანების უმრავლესობა ადრე თუ გვიან კარგავს ერთ ან რამდენიმე კბილს. ამის შედეგად იცვლება გარეგნობა, სახის პროპორციები, შესაძლებელია დაირღვეს მეტყველება.

ეს ყველაფერი ზრდის კბილების ფუნქციური გადატვირთვისა და დაავადებების რისკს. კბილების დაკარგვა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სამედიცინო პრობლემაა და მისი გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია იმპლანტაცია.

იმპლანტაციამ უკვე მოიპოვა სტომატოლოგებისა და პაციენტების ნდობა. კბილების იმპლანტაციის სისტემების ფართო არჩევანი მნიშვნელოვნად ზრდის ჩატარებული ოპერაციების ეფექტურობას. ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება ერთი ან რამდენიმე კბილის ჩასანაცვლებლად.

კბილის იმპლანტები სრულფასოვნად აღადგენენ დაკარგული კბილების ფორმასა და ფუნქციას და ამ დროს საჭირო არ არის მეზობელი კბილების მოქლიბვა. მათ აქვთ მიხორცების მაღალი პროცენტი და შეიძლება მათი საყრდენად გამოყენება ხიდისებრი პროთეზის დასაყენებლად, მაშინაც კი, როდესაც აღსადგენია კბილთა მწკივის დიდი დეფექტები.

გარდა ამისა, იმპლანტები შეიძლება იყოს საყრდენი მოსახსნელი პროთეზებისთვის, რის შედეგადაც მიიღწევა მათი საუკეთესო ფიქსაცია ჩვეულებრივ მოსახსნელ პროთეზთან შედარებით. დაკარგული კბილების ადგილას ძვალი რჩება ფუნქციური დატვირთვის გარეშე, რის შედეგადაც ის სწრაფად ატროფირდება, ხოლო იმპლანტების ჩანერგვა ამ მიდამოში ეფექტურად ამუხრუჭებს ამ პროცესს.

კბილების იმპლანტაციის უპირატესობაა ასევე ხანგრძლივი ვარგისიანობის ვადაც. იმპლანტებზე გარანტია, ძირითადად, 10-15 წელია, თუმცა იმპლანტატებმა შეიძლება უფრო მეტიც გაძლონ, 20-30 წელი. ყოველივე ეს იმპლანტაციის სასარგებლოდ მეტყველებს და გასაკვირი არ არის, რომ ამ პროცედურის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება.

უკუჩვენებები

სამწუხაროდ, სტომატოლოგიის მიღწევების მიუხედავად, პროთეზირების იდეალური მეთოდები ჯერ კიდევ არ არსებობს. იმპლანტაციას, სხვა ნებისმიერი ოპერაციის მსგავსად, აქვს უკუჩვენებებიც. არსებობს მრავალი დაავადება, რომელთა დროსაც კბილების იმპლანტაცია არ შეიძლება. მათ მიეკუთვნება მწვავე ანთებითი დაავადებები და მწვავე ვირუსული ინფექციები, ქრონიკული ინფექციური დაავადებები, ქრონიკული დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში, გულის სარქვლების პროთეზირება და გადატანილი ენდოკარდიტი, რევმატიზმი, ინფარქტი, კოაგულაციისა და ჰემოსტაზის დარღვევები, შიდსი და ფსიქიკური დაავადებები. ასევე, იმპლანტაცია არ შეიძლება ორსულებისთვის და ძუძუთი კვების პერიოდში.

დენტალური იმპლანტაციის უკუჩვენებებს მიეკუთვნება ასევე ოსტეოპათიები. მათი ყველაზე გავრცელებული ფორმებია სისტემური ოსტეოპოროზი და ოსტეომალაცია. განასხვავებენ პირველად და მეორად ოსტეოპოროზს.

პირველად ოსტეოპოროზს მიეკუთვნება ძვლოვანი მასის ასაკობრივი განლევა ან უცნობი ეტიოლოგიის ოსტეოპათიები. მეორადი ოსტეოპოროზის მიზეზები შეიძლება იყოს ზოგიერთი პრეპარატის: კორტიკოსტეროიდების, ანტიკონვულსანტების, იმუნოდეპრესანტების, თირეოიდული ჰორმონების, დილანტინისა და ბარბიტურატების ხანგრძლივი გამოყენება. ზოგჯერ, ოსტეოპლასტიკის ჩატარების შემდეგ, კბილების იმპლანტაცია შეიძლება წარმატებით ჩატარდეს, მაგრამ თუ ღრძილები მნიშვნელოვან დისტროფიულ ცვლილებებს განიცდიან, ასეთ შემთხვევაში კბილთა მწკრივის აღდგენის ყველაზე მისაღები მეთოდი იქნება ტრადიციული ლითონ-კერამიკული გვირგვინები. პარალელურად კბილთა მწკრივს ადებენ არტაშანს, რაც ამცირებს კბილების მოძრაობას.

ყველა ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კბილების იმპლანტაცია არის მსოფლიო სტომატოლოგიის მომავალი, მაგრამ ის ყველასთვის მისაღები არ არის.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.