3D- და 4D-იმპლანტოლოგია

3D- და 4D-იმპლანტოლოგია

სამკურნალო პროცედურების დაგეგმარებისას სტომატოლოგები ეყრდნობიან დიაგნოსტიკურ გამოკვლევებსა და უშუალოდ პაციენტის პირის ღრუში ან თაბაშირის მოდელებზე ჩატარებულ გაზომვებს, ორგანზომილებიანი რენტგენოგრაფიის მონაცემებს. უმეტეს შემთხვევაში, მსგავსი მეთოდებით მიღებული მონაცემები სავსებით საკმარისია. თუმცა, ზოგჯერ ვითარება სხვა კლინიკურ კვლევებსაც საჭიროებს.

3D-მოდელირება იმპლანტოლოგიაში

იმ შემთხვევებში, როდესაც ძვლის მოცულობა ან კონფიგურაცია ხელსაყრელი არ არის იმპლანტების ზუსტი პოზიციონირებისთვის, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად სტომატოლოგს ეხმარება ყბების კომპიუტერული ტომოგრაფია – შრეობრივი გამოსახულების შექმნის მეთოდი. მაგრამ ტომოგრაფიის საშუალებით შეუძლებელია ძვლოვანი ქსოვილის ზუსტი გაზომვა. ამიტომ, იმპლანტოლოგები თავის პრაქტიკაში იყენებენ კომპიუტერულ მოდელირებას და სპეციალურ პროგრამებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ძვლის ზუსტი გაზომვა და პაციენტის ყბის 3D-მოდელის შექმნა. ასეთი მოდელი ზუსტად იმეორებს ყბა-სახის მიდამოს ანატომიურ თავისებურებებს. კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგების გამოყენებით, სპეციალურ სტომატოლოგიურ პროგრამას შეუძლია პაციენტის ყბის სამგანზომილებიანი გამოსახულების გამოთვლა. კომპიუტერული მოდელირებით შესაძლებელია მსხვილი სისხლძარღვების, ცხვირის წიაღების, ალვეოლური ნერვის მდებარეობის ზუსტი განსაზღვრა.

სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მიღებულ ვირტუალურ სამგანზომილებიან გამოსახულებაზე პაციენტის ყბის ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით ხდება იმპლანტატების სათანადო სისტემის შერჩევა. ეს პროცედურა ხორციელდება პაციენტის თანდასწრებით და თან ახლავს ექიმ-იმპლანტოლოგის მიერ ოპერაციის პროცედურის დაწვრილებითი, გასაგები ახსნა.

ამგვარად, ექიმს კომპიუტერის მონიტორზე შეუძლია ჩაატაროს კბილების იმპლანტაციის ოპერაციის მთელი პროცესი, გათვალოს მომავალი იმპლანტატების ზუსტი მდებარეობა. ექიმს შეუძლია ატრიალოს ვირტუალური გამოსახულება, გააკეთოს ჭრილები და ა.შ. ვირტუალურ მოდელზე წინასწარი ვარჯიში თითქმის 2-ჯერ ამცირებს რეალური ოპერაციის ჩატარების დროს.

ზოგჯერ, სპეციალური პროგრამის საშუალებით ავიცილებთ ძვლოვანი ქსოვილის გაზრდის რთულ ოპერაციას სინუს-ლიფტინგს. ხოლო  თუ სინუს-ლიფტინგის ჩატარება გარდაუვალია, 3D-მოდელირების საშუალებით ექიმი უფრო ადეკვატურად დაგეგმავს ოპერაციის მსვლელობას და შესაძლებლობის მიხედვით უფრო ხარისხიანად დაამაგრებს იმპლანტატს პაციენტის ძვალში.

4D-იმპლანტოლოგიის თავისებურებები

იქ, სადაც ძვლოვანი ქსოვილის გაზრდა შეუძლებელია, არსებობს ბიოიმპლანტატების დამაგრების ახალი უნიკალური სისტემა (ბაზალურად ოსტეოინტეგრირებული იმპლანტატები). ასეთი იმპლანტატების დამაგრების მეთოდმა მიიღო სახელწოდება 4D-იმპლანტოლოგია. ბიოიმპლანტატი არის ჭრილების მქონე ჰორიზონტალურ ფირფიტაზე დამაგრებული ღერო. ბიოიმპლანტატების დასამაგრებლად საყრდენის სახით გამოიყენება პაციენტის საკუთარი ძვლოვანი ქსოვილი. ტრადიციული იმპლანტატებისგან განსხვავებით, ბიოიმპლანტატების დამაგრების ეფექტურობა დამოკიდებული არ არის პაციენტის ყბის სისხლმომარაგებაზე.

4D-იმპლანტოლოგიის მეთოდის უპირატესობები:

– საჭირო არ არის ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის გაზრდის რთული ოპერაცია: ბიოიმპლანტატები საკუთარ ძვლოვან ქსოვილზე მაგრდება, რაც ამცირებს ქირურგიული ჩარევის თანხას;

– კბილის იმპლანტატის მტკიცე და სწრაფი ფიქსაცია;

– 4D-იმპლანტოლოგიის საშუალებით პაციენტებს აღარ ესაჭიროებათ შუალედური პროთეზირება და მოსახსნელი კბილის პროთეზების გამოყენება;

– იმპლანტატი შეიძლება დამაგრდეს კბილის ამოღებისთანავე;

– ბიოიმპლანტატები ბაქტერიული ინფიცირებისადმი მედეგნი არიან;

– კბილის იმპლანტაციის ასეთი მეთოდი კარგად ერგება მწეველებსაც.

იმპლანტაციის ასეთი პრინციპულად ახალი კონცეფცია იმპლანტატების დამაგრების საშუალებას იძლევა იმ შემთხვევებშიც, როდესაც ძვლოვანი ქსოვილის სისქე სულ რაღაც 4 მმ-ია.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..