80 წელი ამერიკული სტომატოლოგიის ცხოვრებიდან ანუ ვინ არის მისტერ ბლეკი

80 წელი ამერიკული სტომატოლოგიის ცხოვრებიდან ანუ ვინ არის მისტერ ბლეკი

გრინ ვერდიმენ ბლეკი (G.V. Black) დაიბადა 1836 წლის 3 აგვისტოს ვინჩესტერის (ილინოისის შტატი) ახლოს ფერმაში, მარი და უილიამ ბლეკების ოჯახში. ფერმაში ცხოვრებამ ბიჭს გაუღვიძა ბუნებისადმი სიყვარული და ინტერესი. ის სიამოვნებით უვლიდა მცენარეებსა და ცხოველებს და ცოცხალისადმი ეს სიყვარული მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.

17 წლის ასაკში გრინმა გააცნობიერა, რომ მას სურს თავისი სიცოცხლე მიუძღვნას ადამიანის შესწავლას და დახმარებას. პროფესიის არჩევაში ბიჭზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა უფროსმა ძმამ, რომელიც ექიმად მუშაობდა ვინჩესტერში. მედიცნის ყველა სფეროდან უმცროსმა ბლეკმა აირჩია სტომატოლოგია. როგორც მისი თანამედროვენი, პაციენტები და კოლეგები ამბობდნენ, ბლეკი სტომატოლოგი იყო უფლის ნებით. ბუნებრივმა ტალანტმა, სხარტმა გონებამ, მოთმინებამ და შრომისმოყვარეობამ მას ფართო ასპარეზი გაუხსნა სტომატოლოგიაში მაშინ, როდესაც სხვანი ვიწრო ბილიკებს მიუყვებოდნენ.

1857 წელს ბლეკი შეხვდა დოქტორ შპეერს, რომელმაც ახალგაზრდა თეორეტიკოსს პრაქტიკული სტომატოლოგია შეასწავლა. 1861-1865წწ. სამოქალაქო ომის შემდეგ ბლეკი, რომელიც მზვერავი იყო და მუხლში დაიჭრა, დაუბრუნდა მშვიდობიან ცხოვრებას და გადავიდა ჯექსონვილში, სადაც გახსნა თავისი პირველი სტომატოლოგიური კაბინეტი ხედით ქალაქის მოედანზე.

ცხოვრება თითქოს აეწყო. დოქტორი ბლეკი პაციენტებს იღებდა, თავისუფალ დროს კი შეისწავლიდა სტომატოლოგიის საფუძვლებს და ქმნიდა ახალ თეორიულ და პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც თანამედროვე სტომატოლოგიაში ტრადიციული გახდა.

1865 წელს გარდაიცვალა გრინის პირველი მეუღლე. მეორე ქორწინების შემდეგ, ბლეკმა სახლი იყიდა იგივე ჯექსონვილში, ოღონდ სხვა ქუჩაზე. ჩვეულებრივი თეთრი სახლი სწრაფად გახდა ქალაქის სამეცნიერო და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი. იგი იზიდავდა მყუდროებით და მასპინძლების კეთილგანწყობით, ხოლო მისი კარები ყოველთვის ღია იყო ბლეკის პაციენტებისა და მეგობრებისთვის, რამაც ასახვა ჰპოვა დაგეგმარებაში. მეორე სართულზე მოწყობილი იყო საცხოვრებელი ოთახები, პირველზე კი – განთავსებული იყო მისაღები და საოპერაციო, სადაც ბლეკი მკურნალობდა პაციენტებს.

როგორც ოჯახის მეგობრები იხსენებდნენ, სადილის შემდეგ, ტრადიციულად, ერთ საათს სტუმარ-მასპინძელი უთმობდა სასიამოვნო საუბარს და მუსიკას. ბლეკის ოჯახის ყველა წევრი კარგად უკრავდა ვიოლონჩელოზე, ვიოლინოზე და კარგი ხმები ჰქონდათ. ხშირად სასტუმრო ოთახში მამაკაცები სამეცნიერო დისკუსიებს აწყობდნენ, რომლებშიც მონაწილეობდნენ ქალაქის სხვადასხვა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. სახლის შემოქმედებითი ატმოსფერო და საყვარელი სამუშაო შთააგონებდნენ დოქტორ ბლეკს სამეცნიერო კვლევებსა და ექსპერიმენტებს.

დოქტორ ბლეკის კაბინეტი

 

 

 

 

სწორედ ამ სახლში ბლეკმა გამოიგონა პირველი ფეხის ძრავა სტომატოლოგიური ბურღებისთვის და ჩატარდა კბილის ამოღების ოპერაცია ანესთეზიით აზოტის ქვეჟანგის გამოყენებით. დოქტორი ბლეკი დიდ ყურადღებას უთმობდა კარიესის პროფილაქტიკასა და მკურნალობას. მან შეიმუშავა კარიესული ღრუების კლასიფიკაცია, რომლითაც სტომატოლოგები დღესაც სარგებლობენ, დაუმატეს რა მხოლოდ მეექვსე კლასი. ბლეკი ექსპერიმენტებს ატარებდა ამალგამას შემცველი ბჟენების შემადგენლობით და მოძებნა შემადგენლობის რაოდენობისა და ხარისხის ოპტიმალური თანხვედრა, რომლის მომზადების რეცეპტიც დღემდე უცვლელია. მან პირველმა გამოთქვა კარიესის პროფილაქტიკის იდეა კბილის ფისურების ჰერმეტიზაციის საშუალებით. ბლეკმა დიდი დრო მიუძღვნა კბილების ანატომიისა და სტრუქტურის შესწავლას, რის შედეგადაც შექმნა თეორია -კარიესული ღრუების მომზადება საბჟენი მასალით ასავსებად. ადრე დანტისტები კბილიდან დაზიანებული ქსოვილების მოცილების შემდეგ ბჟენს აკეთებდნენ მხოლოდ ღრუს ამოსავსებად, მაგრამ ასეთი მკურნალობის შედეგად ბაქტერიები შლიდნენ კბილს შიგნიდან, ბჟენის ქვეშ და საჭირო ხდებოდა კბილის ამოღება. პერიოდულად ბჟენებსაც ხელმეორედ აყენებდნენ, რადგან მასალა დიდხანს ვერ ძლებდა ღრუს ცუდად დამუშავებულ კედლებზე. ბლეკმა შემოგვთავაზა საბჟენი მასალით ამოსავსებად ღრუების მომზადების საკუთარი მეთოდი, რომელიც ოპტიმალური გახდა კბილის რესტავრაციისთვის ამალგამის გამოყენებით.

1891 წელს გრინ ბლეკი მიიწვიეს ბაქტერიოლოგიისა და პათოლოგიის პროფესორის თანამდებობაზე ჩიკაგოს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე, მაგრამ ის კვლავ განაგრძობდა პაციენტების მიღებას თავის ოფისში ჯექსონვილში. მოგვიანებით, 1897 წელს ბლეკი გახდა სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი და უკვე საბოლოოდ გადავიდა ჩიკაგოში. დოქტორი ბლეკი გარდაიცვალა თავის საზაფხულო ბუნგალოში ჩიკაგოში 1915 წელს.

დოქტორ ბლეკის შვილი – კარლი მამის გზას გაჰყვა და პაციენტებს იღებდა მამის ყოფილ ოფისში. მალე ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტომატოლოგი გახდა ჯექსონვილში. შემდეგ, ამ სახლში გადმოვიდა MacMurray College, რომელიც აქ დღემდე მუშაობს.

ბლეკის დროს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ცნობილი და ავტორიტეტული სასწავლო დაწესებულება გახდა, რომელიც ექიმ-სტომატოლოგებს უშვებდა. 2001 წელს უნივერსიტეტმა შეწყვიტა არსებობა, ხოლო დოქტორ ბლეკის მუზეუმი გადავიდა ბალტიმორში, ჰარისის სტომატოლოგიის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში, სადაც იმყოფება დღემდე.

დოქტორ ბლეკის კაბინეტი (აღდგენილი) სტომატოლოგიის მუზეუმში

 

 

 

 

dentalworld.ru
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share this...Share on Facebook
Facebook