ანტიმიკრობული თერაპია (ანტიმიკრობული საშუალებების როლი ქრონიკული პაროდონტიტის მკურნალობის დროს)

ანტიმიკრობული თერაპია (ანტიმიკრობული საშუალებების როლი ქრონიკული პაროდონტიტის მკურნალობის დროს)

პაროდონტის დაავადებები აზიანებენ კბილის ირგვლივ მდებარე ქსოვილებს. პაროდონტიტთან ბრძოლა შეიძლება ან ბაქტერიების გამრავლების ელშემწყობი ფაქტორების აცილებით, ან ბაქტერიების იმ დონემდე შემცირებით, როდესაც ორგანიზმი დამოუკიდებლად გაუმკლავდება მათ.

ქრონიკული პაროდონტიტი ბოლომდე არ იკურნება. როდესაც დაავადება ქრონიკულ სტადიამდე მიდის, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის მისი პროგრესირების შეჩერება. ეს შეიძლება სწორი მკურნალობით და ექიმისა და ავადმყოფის ეფექტური ურთიერთთანამშრომლობით.

ანტიმიკრობული თერაპია მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც მრავალი სტომატოლოგი იყენებს შესაბამისი ჩვენებების არსებობისას.

ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენების ჩვენებებია:

1. პაციენტის კატეგორიული უარი ქირურგიულ მკურნალობაზე;

2. ოპერაციის ხელშემშლელი ანატომიური თავისებურებები;

3. პაციენტი ვერ უზრუნველყოფს პირის ღრუს კარგ ჰიგიენას;

4. 5 მმ-მდე სიღრმის პათოლოგიური ჯიბეები;

5. 5 მმ-ზე მეტი სიღრმის ერთეული ჯიბეები.

სწორი ანტიმიკრობული თერაპია მოიცავს 6 ეტაპს:

1. კლინიკური შემთხვევის ანალიზი (დათვალიერება, დაავადების განვითარების სტადიის დადგენა, მკურნალობის დანიშვნა);

2. პაციენტის ინსტრუქტაჟი ჩასატარებელი მკურნალობის შესახებ;

3. ნადების მექანიკური მოცილება + ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება;

4. პაციენტის მიერ პირის ღრუს დამოუკიდებელი ჰიგიენის რეგულარული ჩატარება;

5. განმეორებითი დათვალიერება;

6. შემანარჩუნებელი თერაპია.

ანტიმიკრობული თერაპიის საშუალებების შერჩევა

ყველაზე ეფექტური ანტიმიკრობული პრეპარატის შერჩევის დროს საჭიროა პაროდონტული ჯიბეების მიკროფლორის შემადგენლობის დადგენა, მათში სპიროქეტების, კოკების მოძრავი ფორმების გამოვლენა.

პირველი თაობის ანტიმიკრობული საშუალებები

ისინი ამცირებენ ბაქტერიების რაოდენობას 20-50%-ით, მაგრამ ხანგრძლივი მოქმედება არ აქვთ. ამიტომ, მათი გამოყენება საჭიროა პერიოდულად. ეს საშუალებებია: ზეთები (სპირტში გახსნილი ევკალიპტი, მენთოლი, მეთილსალიცილატი) და აცეტილპერიდის ქლორიდი.

მეორე თაობის ანტიმიკრობული საშუალებები

ისინი ხანგრძლივად მოქმედებენ, ბაქტერიების რაოდენობას ამცირებენ 70-90%-ით. მათ მიეკუთვნება ქლორჰექსიდნის დიგლუკონატი. გამოიყენება 20 წელზე მეტია პირის ღრუს სავლებად და ღრძილქვეშა ირიგაციისთვის (სამკურნალო სითხით ანთებითი ქსოვილის დატენიანების პროცედურა). პრეპარატის მოქმედების მექანიზმი მარტივია. მისი მოლეკულები ბაქტერიების პელიკულებს აკავშირებენ ნერწყვის პროტეინებთან. შედეგად, ითრგუნება პელიკულების წარმოქმნა, ჩერდება ბაქტერიების ზრდა, ისინი კარგავენ კბილის ზედაპირზე მიმაგრების უნარს.

ფტორიც მეორე თაობის ანტიმიკრობულ საშუალებებს მიეკუთვნება. კვლევებმა გვიჩვენეს, რომ ღრძილქვეშა ირიგაციისთვის ფტორის ორდღიანი გამოყენება მნიშვნელოვნად ანელებს ბაქტერიების ზრდას და ამცირებს მათ რაოდენობას.

ანტიმიკრობული თერაპიით: 1. ჩერდება დაავადების პროგრესირება; 2. აღდგება პაროდონტის ქსოვილები; 3. ნარჩუნდება ჯანსაღი კბილები და ღრძილები დაავადების შეჩერების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ანტიმიკრობული თერაპიის ჩატარება საჭიროა სრულფასოვანი კურსით, რადგან ანტიბიოტიკების უსისტემო ან არასაკმარისი დროით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მიკროფლორის გამძლეობის გაზრდა და მკურნალობის გართულება.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.