აქტუალური მიმართულება – ესთეტიკური სტომატოლოგია

აქტუალური მიმართულება – ესთეტიკური სტომატოლოგია

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე გარშემომყოფებს ექმნებათ ურთიერთობის პირველი 30 წამის განმავლობაში და თუ ადამიანი თვითდაჯერებულია, ლამაზად იღიმის, ის წარმატებული იქნება. სწორედ ამიტომ, ამჟამად ესთეტიკური სტომატოლოგია არის სერიოზული მიმართულება, რომელიც თანდათან ვითარდება და სრულყოფას განიცდის.

სილამაზის კრიტერიუმები სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში ყოველთვის განსხვავებული იყო, მაგრამ ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ გარდაქმნას, რომ უფრო მეტად შესაბამისობაში ყოფილიყვნენ საზოგადოებაში მიღებულ სილამაზის და მომხიბვლელობის კანონებთან. ღიმილს და ლამაზ კბილებს ამ მხრივ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა.

უძველეს დროში ესთეტიკური სტომატოლოგიის ძირითადი იარაღი იყო ქლიბი, რომლითაც ადამიანები მოტეხილ კბილებს შესაბამის კონტურებსა და ფორმას აძლევდნენ, ასევე განგებ ამახვილებდნენ კბილების კიდეებს (ეს მომხიბვლელობის კრიტერიუმად ითვლებოდა). ესთეტიკური მიმართულებების შესწავლა სტომატოლოგიაში სერიოზულად მხოლოდ 19 საუკუნეში დაიწყეს, როდესაც გამოვიდა პირველი წიგნები თანკბილვის პათოლოგიებისა და კბილთა მწკრივის მდებარეობის შესახებ. თუ ადრე ექიმები სახისა და ღიმილის ესთეტიკაზე მუშაობის დროს ხელმძღვანელობდნენ კბილების პროპორციებით სახის სხვა ელემენტების მიმართ, მოგვიანებით დადგინდა, რომ ყბა-კბილთა სისტემის დიზაინი პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანის ასაკზე, სქესზე, ეროვნებაზე და ამის გათვალისწინება აუცილებელია ესთეტიკური ოპერაციების ჩატარების დროს.

ესთეტიკური სტომატოლოგიის მომსახურება იაფი არ არის, მაგრამ ის მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ესთეტიკური სტომატოლოგიის ყოველი მიმართულება, იქნება ეს კბილების ჯანმრთელობა, თუ უბრალოდ მათი მორთვა, თავისებურად საინტერესოა. თანამედროვე სტომატოლოგიის არსენალში არის ბოლო მიღწევები ქიმიისა და ფიზიკის სფეროში, ხარისხიანი კომპოზიტები, კერამიკული მასალები, ყბა-სახის სისტემის აგებულების ბოლო კვლევები. ეს კი ესთეტიკურ სტომატოლოგიაში სხვადასხვა სირთულის ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა.

მოდაც არ დგას ერთ ადგილზე და სტომატოლოგებს ყოველთვის უწევთ ახალი ტექნოლოგიების ათვისება, მაგალითად, კრისტალებისა და სკაისების დაყენება კბილებზე, პირსინგი და ტატუ. თუმცა, ძირითადი სამუშაო ესთეტიკური სტომატოლოგიის სფეროში არის კბილების დეფექტების – კბილების მუქი ფერის, ეროზიის, კარიესის, კბილის მოტეხილობის, ერთი ან რამდენიმე კბილის არასწორი მდებარეობის გასწორება. თუ ადამიანს აქვს დეფექტი (პათოლოგიური თანკბილვა, წინა კბილებს შორის ნაპრალი ან დაგრეხილი კბილები), რომელსაც ვერ ფარავს, ეს მას მუდმივ დისკომფორტს უქმნის. ცალკე მიმართულებაა კბილების რესტავრაცია ენდოდონტიური მკურნალობის შემდეგ, რომელიც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

ესთეტიკური სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა დაკარგული კბილების ჩანაცვლება პროთეზებითა და სხვადასხვა კონსტრუქციებით – უბრალო ხიდისებრიდან დაწყებული რთულ ტელესკოპიურამდე.

ესთეტიკურ სტომატოლოგიაში მომსახურება აგებულია ექიმისა და პაციენტის მიზნების თანხვედრაზე. აქტიურად ვითარდება ესთეტიკური სტომატოლოგია ბავშვებისთვის, რადგან ბავშვები კიდევ უფრო მეტად მორიდებულნი არიან, თუ აქვთ სახის დეფექტები. ბავშვებში დეფექტების გასწორება მაქსიმალურად სწრაფად და რაც შეიძლება ადრე უნდა მოხდეს, რადგან ბავშვობაში ყბა-სახის სისტემის ჩამოყალიბებაზე დამოკიდებულია მისი მდგომარეობა მოზრდილ ასაკში.

სტომატოლოგია თავისთავად მარტივი არ არის, ესთეტიკური სტომატოლოგია კი კიდევ უფრო რთულ მეთოდებსა და ტექნოლოგიურ პროცესებს იყენებს. გარდა ამისა, ის საჭიროებს პაციენტის მაღალ ინტელექტუალურ დონეს, მის სურვილებსა და მიზნებს. სტომატოლოგი, რომელსაც შესაბამისი ცოდნა აქვს, პაციენტისთვის შეუცვლელი დამხმარეა ლამაზი ღიმილის მისაღწევად.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.