დამიზნებითი სურათები: ყველაზე ზუსტი

დამიზნებითი სურათები: ყველაზე ზუსტი

რენტგენოლოგიური კვლევა თანამედროვე სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია. დამიზნებითი(პირშიგნითა) სურათი დიაგნოსტიკის რენტგენოლოგიური მეთოდია, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება კბილის ქსოვილების და ირგვლივმდებარე ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობა.

რენტგენის დამიზნებითი სურათებით სტომატოლოგები ზუსტ დიაგნოზს სვამენ. მაგალითად, ამ ტიპის სურათები შეუცვლელია, როდესაც საჭიროა ფარული კარიესის განსაზღვრა, ანთების კერების აღმოჩენა პერიაპიკალურ ქსოვილებში, პაროდონტის მდგომარეობის შეფასება კბილთა მწკრივის გარკვეულ მონაკვეთზე. რენტგენის სურათს მაკონტროლებელი ფუნქციაც აქვს. ყველა პაციენტმა იცის, რომ კბილის ნერვის ამოღების და არხების დაბჟენის შემდეგ აუცილებელია საკონტროლო სურათი, რომელიც გვიჩვენებს რამდენად ხარისხიანად არის დაბჟენილი არხი.

განასხვავებენ დამიზნებითი რენტგენოგრამის ორ ტიპს:

– ინტერპროქსიმალური რენტგენოგრამებით ხდება კბილის გვირგვინოვანი ნაწილის პათოლოგიის დიაგნოსტიკა, გამოავლენენ კარიესულ კერებს კბილების კონტაქტურ ზედაპირებზე, ასევე ფარულ დეფექტებს ბჟენებისა და გვირგვინების ქვეშ, მყარი ღრძილქვედა კბილის ნადების, ე.წ. ქვის არსებობას, აფასებენ რესტავრაციის კიდის მდებარეობას და მისი მიბჯენის ხარისხს.

– პერიაპიკალურ რენტგენოგრამებს იღებენ ძვლოვანი ქსოვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად კბილის ფესვების მწვერვალების მიდამოში. ამ ტიპის რენტგენოგრამები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენდოდონტიური მკურნალობის დროს ფესვის არხებში ენდოინსტრუმენტების მდებარეობის ვიზუალიზაციისთვის, ასევე ფესვის არხების დაბჟენის ხარისხის გასაკონტროლებლად. პერიაპიკალური სურათები ასევე საჭირო ხდება კბილების რთული ექსტრაქციის დროს და ასევე კბილების იმპლანტაციის სხვადასხვა ეტაპებზე.

კვლევის ამ სახის მრავალი უპირატესობის მიუხედავად, მას არსებითი ნაკლიც აქვს. დამიზნებით სურათზე კბილის და მის ირგვლივმდებარე ქსოვილების მდგომარეობა მხოლოდ ერთ სიბრტყეში ჩანს და არ იძლევა ქსოვილების მდგომარეობის სივრცობრივ წარმოდგენას. ნაკლია ასევე მცირე არეალის ხილვადობა – შესაბამისად, ამ ტიპის რენტგენოლოგიური კვლევა უფრო რეკომენდებულია პირველადი დიაგნოსტიკისა და ჩატარებული მკურნალობის ხარისხის კონტროლის დროს.

ტექნოლოგიები

პირშიგნითა გადაღებას ატარებენ გამაძლიერებელი ეკრანის გარეშე. დენტალური ფირის პაკეტში არსებული ფოლგა დამცავ ფუნქციას ასრულებს. ის შთანთქავს გამოსხივების იმ ნაწილს, რომელმაც გაიარა ფირი და ამგვარად ამცირებს პაციენტზე სხივურ დატვირთვას. მაგრამ, ფოლგა შეიძლება იყოს შეცდომების მიზეზიც. თუ ფოლგა ორიენტირებულია აპარატის გამომასხივებლის მხარეს, სურათზე გამოჩნდება ფოლგის ზედაპირზე არსებულ ნაჭდევთან დაკავშირებული არტეფაქტები.

ინტრაორალური სურათები აუცილებელია სტომატოლოგიური მკურნალობის პროცესში. ამიტომ ყოველდღიურ პრაქტიკაში დიდი როლი ენიჭება რენტგენოლოგიური კვლევის შედეგების მიღების სიჩქარეს. სურათის მისაღებად დროისმიერი დანახარჯი მოიცავს პაციენტთან სწორ პოზიციაში მოთავსებას, ფირის ჩადებას, სურათის გადაღებას და მის ქიმიურ დამუშავებას (გამჟღავნებას). გამჟღავნება შეიძლება ყველაზე ხანგრძლივი პროცედურა იყოს სურათის მიღების პროცესში. ფირის გამჟღავნება 45 წამიდან 6 წუთამდე გრძელდება. შესაბამისად, დროისმიერი დანახარჯების შესამცირებლად შექმნილია სპეციალური აპარატურა, რომელიც გარდა სისწრაფისა, ასევე მინიმუმამდე ამცირებს სუბიექტური ფაქტორების გავლენას სურათის ხარისხზე. თუმცა, ფირის ხელით დამუშავება კვლავ ძალიან გავრცელებულია. სამწუხაროდ, სურათის გამჟღავნების ტექნოლოგიის დაცვა ამ შემთხვევაში გარანტირებული არ არის.

ამჟამად, სტომატოლოგიური კლინიკების ყოველდღიურ პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ვრცელდება რადიოვიზიოგრაფია. სურათების მიღების ამ მეთოდიკას არ ესაჭიროება რენტგენის ფირები – გამოსახულება აღიბეჭდება სპაციალურ ამთვლელზე და ციფრული ფაილის სახით გამოდის კომპიუტერის მონიტორზე. ვიზიოგრაფიის საშუალებით შეიძლება გაკეთდეს ერთი კბილის ან ყბის რომელიმე ნაწილის დამიზნებითი სურათი. ასეთი სურათების ნახვა შეიძლება კომპიუტერის მონიტორზე საკმაოდ მაღალ ხარისხში, შესაძლებელია სურათის საჭირო ნაწილების გადიდება უფრო დეტალური დათვალიერებისთვის. ასეთი ფაილი-სურათები ინახება კომპიუტერის ბაზაში და მკურნალ ექიმს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი დათვალიერება.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.