დენტალური გადასაღები აპარატები

დენტალური გადასაღები აპარატები

თანამედროვე სტომატოლოგიაში რენტგენის აპარატების გარეში წარმოუდგენელია დაავადებათა ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობის ეფექტური გეგმის შედგენა. კონკრეტული კლინიკური შემთხვევის მიხედვით, ტარდება ინტრაორალური,პანორამული ან ცეფალომეტრული კვლევა. ამ კლასიფიკაციის შესაბამისად, რენტგენის აპარატურას მიეკუთვნება: დენტალური გადასაღები აპარატები, ორთოპანტომოგრაფი, რადიოვიზიოგრაფი (ციფრული დენტალური აპარატები) და სპეციალიზებული კომპიუტერული ტომოგრაფები.

ყველაზე ხშირად, ყოველდღიურ პრაქტიკაში, დაავადების დაწვრილებითი შესწავლისა და სტრუქტურიზაციისთვის გამოიყენება პირშიგნითა (ინტრაორალური) რენტგენოდიაგნოსტიკა, რომელიც ხორციელდება დენტალური გადასაღები აპარატით. მის აღჭურვილობაში შედის მონობლოკი და კედლის ან მაგიდის სამაგრის პოზიციონირების მოწყობილობა. ექსპოზიციის დასაყენებლად გამოიყენება სამართავი პულტი ტაიმერით. კვლევის ჩატარების დროს პაციენტი პირში იდებს რენტგენის ფირს, რომელიც ფიქსირდება სპეციალური მოწყობილობით ან პაციენტი მას იჭერს თითით. ამ კვლევის დროს სურათზე აღიბეჭდება მთელი კბილი თავისი შემოგარენი ქსოვილებით.

ამჟამად, მონობლოკების უმრავლესობა არის 1,5 პერიოდიანი. ეს ფაქტი და ეკრანის გარეშე გადაღების აუცილებლობა დენტალურ გამოკვლევას ერთ-ერთ მაღალდოზიანს ხდის. რადიაციის დოზის დაქვეითება ხდება საშუალო სიხშირიანი მონობლოკების გამოყენებით, თუმცა ეს აპარატები ტრადიციულ აღჭურვილობაზე მნიშვნელოვნად ძვირია. მაღალი დასხივება საექიმო პერსონალისგან მოითხოვს მუშაობის გარკვეული წესების დაცვას რენტგენის კაბინეტში. პაციენტისა და ექიმის უსაფრთხოების სათანადო დონეს უნდა უზრუნველყოფდეს: შენობის სპეციალური მდებარეობა და დამცავი ბარიერები, რენტგენის აპარატის შესაბამისი განთავსება და ექსპლუატაცია, რადიაციისგან დამცავი ინდივიდუალური საშუალებები; რენტგენოლოგიური კვლევის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ამცირებენ დასხივების დოზას, კომუნიკაციებისა და აღჭურვილობის ექსპლუატაციის წესების დაცვა.

თანამედროვე დენტალური გადასაღები აპარატების თავისებურებები და უპირატესობები

ამჟამად, მაღალი დონის სტომატოლოგიური კლინიკები უპირატესად აღჭურვილია საშუალო სიხშირის დენტალური აპარატებით (მუდმივი ძაბვის მონობლოკები). თანამედროვე აღჭურვილობის ფუნქციებს შორის არის მაღალი ძაბვის დაყენების შესაძლებლობა, რაც ოპტიმალური კონტრასტის მქონე გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა ნებისმიერი ობიექტისთვის. გაფანტული გამოსხივების დონე ასეთ აპარატებში, ძირითადად, დაქვეითებულია გრძელი ტუბუსისა და ტყვიის შიგნითა საფარის წყალობით. მსუბუქი და ზუსტი პოზიციონირება მიიღწევა გაბარიტების შემცირებით და მონობლოკის წონის დაქვეითებით. ინოვაციური რენტგენის აღჭურვილობის უპირატესობებია: ექსპოზიციებს შორის პაუზების ხანგრძივობის ავტომატური არჩევა, ელქსელის ძაბვის დონის კონტროლის ფუნქცია, კვების ქსელში ინდუსტრიული ხარვეზებისა და ძაბვის ცვლილებებისგან დაცვის ფუნქცია. კვლევის რეჟიმი განისაზღვრება პაციენტის სქესისა და ასაკის მიხედვით. დენტალურ აპარატში ინტეგრირებული რამდენიმე ათეული ანატომიური პროგრამით დგინდება გადაღების რეჟიმი, შეირჩევა რა პაციენტის და საკვლევი კბილის ზომა. თანამედროვე რენტგენის ზოგიერთი აპარატი აღჭურვილია ექსპოზიციის არასასურველი ჩართვისგან დაცვის სისტემებით და თვითდიაგნოსტიკის სისტემით.

პირშიგნითა რენტგენოგრაფიის გამოყენება

ამჟამად რენტგენოგრაფია კბილისა და მისი ირგვლივმდებარე ქსოვილების ვიზუალიზაციის პრაქტიკულად ერთადერთი მეთოდია. სურათზე ინტენსიური ხაზისებური ჩრდილის სახით ჩანს მინანქარი, რომელიც არშიასავით გარს ერტყმის კბილის გვირგვინის დენტინს. კბილის ღრუ ჩანს როგორც გაიშვიათების კერა მკვეთრი კონტურებით. ხაზები მკვეთრი კონტურებით დამახასიათებელია ფესვის არხებისთვის. კვლევის სპეციფიკის მიხედვით განასხვავებენ პირშიგნითა რენტგენოგრაფიის შემდეგ სახეობებს:

– კონტაქტური რენტგენოგრაფია, რომელიც გამოიყენება პერიოდონტიტის დიაგნოსტიკის დროს;

– ინტერპროქსიმალური რენტგენოგრაფია, რომლითაც მიიღება ყბების ალვეოლური მორჩების კიდურა ნაწილების სურათი;

– ოკლუზიური რენტგენოგრაფია – 4 და მეტი კბილის გამოსახულება;

– გრძელფოკუსიანი რენტგენოგრაფია – კბილთა მწკრივის ფრაგმენტის სურათი.

პირშიგნითა რენტგენოგრაფიის გამოყენებით ამჟამად პრობლემას არ წარმოადგენს კბილებისა და მათ იგვლივ მყოფი ქსოვილების მდგომარეობის შეფასება და მკურნალობის მაქსიმალურად შედეგიანი სტრატეგიის შედგენა.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.